თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა გვარამიას 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, საქართველოს გენერალური პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

ამის შესახებ საგამოძიებო უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

,,გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 19:00 საათზე მივა.



წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა