თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

უშგულში ადგილობრივები აქციას მართავენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები, პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - კოშკებისა და სვანური სახლების რეაბილიტაციას, ასევე, ზვავსაშიში ზონის გამაგრებას ითხოვენ.

„თუ დროზე არ მოგვხედეს, უშგული იქცევა ქვების გროვად. გთხოვთ, რომ მხარი დაგვიჭიროთ, რათა გადარჩეს სვანეთის კულტურა. ვთხოვთ პრემიერს, რომ მობრძანდეს და დაგვეხმაროს. გვაინტერესებს, როდის დაიწყება ზვავსაშიში ზონის გამაგრება და ძველი სვანური სახლებისა და კოშკების აღდგენა. გვსურს, რომ გამოიყოს ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათ გზა, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადაკეტეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, სვანეთში ძეგლების პრობლემა კომპლექსურ გადაწყვეტას საჭიროებს.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით პრობლემა და მუდმივად ვცდილობთ მათ გამოსწორებას. არსებობს ხუთწლიანი, 10 მილიონიანი პროგრამა, რომ ყველაზე მთავარი პრობლემები გადაწყდეს სვანეთში, ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლენილია და ყველა თემში დაწყებულია სამუშაოები. 160 ძეგლის ერთდროული რეაბილიტაცია გამორიცხულია. ამას სჭირდება დრო, ადამიანური, ფინანსური რესურსი და თანმიმდევრული მოქმედება. რაც შეეხება ჩანქსელიანების კოშკს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, მე დავალებული მაქვს, რომ გაწმენდითი სამუშაოების ბიუჯეტი დათვალონ, რის შემდეგად თანხა გამოიყოფა, სამუშაოები დაიწყება, პროექტი მომზადდება და მომავალ წელს აღდგება“, -აღნიშნა ანთიძემ.

ბოლოს უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკი რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა.







წყარო:pia.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა