თეგებით ძიება
12. 08. 2019 News-ები

საპატრიარქოს განცხადებით, ყინწვისის ტაძრის იატაკი სიძველეს არ წარმოადგენდა, თუმცა შეუთანხმებელი ქმედებისთვის ეპარქიის მმართველისგან რეაგირებას ელოდება

ყინწვისის ტაძრის იატაკზე წარმოებული სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს საოატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი ამ დრომდე არსებული იატაკი სიძველეს არ წარმოადგენდა, თუმცა იატაკის შეუთანხმებლად შეცვლა მაინც ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯია და აქედან გამომდინარე ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე საპატრიარქო ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ელოდება:

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი.

ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ძეგლი არ დაზიანებულა, მაგრამ დაგებული იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან და საჭიროა ამჟამად არსებული რეალობის სასწრაფოდ გამოსწორება, რაც სრულიად შესაძლებელია.

ცნობისათვის ავღნიშნავთ, რომ ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშნებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმედეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე.“- აღნიშნულია განცხადებაში.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა