რა მოხდება, თუკი თაფლს ყოველდღიურად მიირთმევთ?
ის, რომ თაფლი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა, ბავშვებმაც კი იციან, მაგრამ შეიძლება ამ პროდუქტის მიღება ყოველდღიურად? რა რაოდენობით? როგორ აისახება ორგანიზმზე? ამ შეკითხვებზე პასუხს ქვემოთ წაიკითხავთ.
ვისთვის არ შეიძლება თაფლის მიღება?
ექიმები გვპასუხობენ, რომ თაფლის მიღება შეიძლება და აუცილებელიცაა, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ მიღების ნორმები და მისი უკუჩვენებები. რაციონიდან თაფლის სრულად ამოღება მოუწევთ მათ, ვისაც ალერგია აწუხებთ და პირველი ტიპის დიაბეტი აქვთ.
მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ, გაათამამონ საკუთარი თავი თაფლით, თუმცა, მკაცრად შეზღუდული რაოდენობით და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების შემთხვევაში და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს თაფლის მიღება მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ.
ბავშვებისთვის თაფლის მიღება სასურველია სამი წლის შემდეგ, რადგან თაფლი ალერგიული პროდუქტია. მათ, ვისაც სასუნთქი სისტემის პრობლემები აქვთ ან ბრონქული ასთმა აწუხებთ, ასევე, ფრთხილად უნდა იყვნენ თაფლის მიღების დროს, რადგან შესაძლოა, თაფლმა ცრუ კრუპის პროვოცირებას შეუწყოს ხელი.
რა რაოდენობის თაფლი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად?
თუკი მეფუტკრეებსა და თაფლის მოყვარულებს დავუჯერებთ, დღე-ღამეში შესაძლებელია 150 გრ თაფლის მიღება. მედიცინა კი სხვა მოსაზრებას ითვალისწინებს. ექიმები თაფლის მიღების სადღეღამისო ნორმას შემდეგნაირად განსაზღვრავენ:
ზრდასრული ადამიანები - 50 გრ; 2,5-3 ს/კ;
ბავშვები და მოზარდები - 2 ჩ/კ;
ხანშიშესული ადამიანები - 1-1,5 ჩ/კ;
გარდა ამისა, ყველაზე მთავარი: თუ გსურთ, თაფლისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
როგორ მივიღოთ თაფლი სწორად?
- დილას, საუზმემდე 30 წუთით ადრე დალიეთ ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 2 ჩ/კ თაფლი (ეს არა მხოლოდ ენერგიას შეგმატებთ მთელი დღის მანძილზე, არამედ ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი და ნივთიერებათა ცვლის მუშაობის პროცესებსაც დააჩქარებს).
- თაფლის უზმოზე მიღება რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით თუკი უახლოესი ნახევარი საათი საუზმეს, სადილს ან ვახშამს არ გეგმავთ. ამ წესის დაიგნორებით ორგანიზმი დიდი რაოდენობით ინსულინს გამოყოფს.
- ძილის წინ ერთი ჭიქა თბილი რძე ან ჩაი თაფლით მოგიხსნით დაღლილობას, დაძაბულობას და სხეულს ძილისთვის განაწყობს.
- არ გახსნათ თაფლი ცხელ წყალში (45 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა თაფლს სასარგებლო თვისებებს უკარგავს). გარდა ამისა, 60 გრადუსზე ადუღებულ წყალში გახსნილი თაფლი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს (ამ შემთხვევაში თაფლი არა სასარგებლო, არამედ, პირიქით, ორგანიზმისთვის საზიანოა).
- თაფლის მიღების შემდეგ გამოირეცხეთ პირის ღრუ, რადგან თაფლი, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ტკბილი პროდუქტი, კბილის ემალს აზიანებს.
რა დაემართება სხეულს ყოველდღიურად თაფლის მიღებით?
თაფლი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და იცით, რომ ტოქსინები ფორების გაჭედვას, ფერიმჭამელების წარმოქმნას და კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, თაფლის ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიალური თვისება კანის სიწითლესა და ანთებით პროცესებს აჩერებს.
ყოველდღიურად თაფლის მიღება ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას და მის სინაზეს. კანს უფრო ხავერდოვანს ხდის და ჯანსაღ იერს აძლევს.
თაფლში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლის ათეროსკლეროზის უჯრედების ფორმირებას, ხელს უწყობს „ცუდი" ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას და არტერიის შევიწროებას, რაც დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
თუკი გულის პრობლემები გაწუხებთ, თაფლის ყოველდღიურად მიღებიდან ორი თვის შემდეგ თავს შესამჩნევად უკეთ იგრძნობთ;
B ჯგუფის ვიტამინები, კალცი, ასკორბინის მჟავა - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ელემენტებისა, რომლებსაც თაფლი შეიცავს.
ამგვარად, თაფლის ყოველდღიურად მიღებით უფრო ენერგიული და პროდუქტიული გახდებით. გარდა ამისა, გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაციაც.
თაფლს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს უწოდებენ და მისი მუდმივი მიღება დადებითად აისახება ნერვულ სისტემაზე;
დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც დილას თაფლის მიღებით იწყებენ ან ძილის წინ მიირთმევენ მას, უფრო მარტივად უმკლავდებიან დაღლილობას, ნაკლებად აგრესიულები, გაღიზიანებულები და სტრესულები არიან. ეს ყველაფერი კი გლუკოზისა და ფრუქტოზის დამსახურებაა, რომლებიც ნერვულ უჯრედებს კვებავს.
გარდა ამისა, თაფლის მიღების პროცესში ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ სეროტონინს, რომელიც კარგი განწყობის შექმნას უწყობს ხელს. თავის მხრივ, სეროტონინი გარდაიქმნება მელატონინად, რომელიც არეგულირებს ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს. შედეგად უფრო ღრმად და მშვიდად გძინავთ.
ძილის წინ მიღებული ერთი ჭიქა თბილი რძე თაფლით - ეფექტური ნატურალური დამამშვიდებელია მათთვის, ვისაც დაძინება უჭირს. არ გჯერათ? სცადეთ და დარწმუნდებით.
თაფლი კუჭისთვის
თაფლის ანთების საწინააღმდეგო თვისებებიდან გამომდინარე, ეს პროდუქტი შესანიშნავია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი აწუხებს. თაფლი საჭმლის მომნელებელი გზის გავლით არა მხოლოდ ანეიტრალებს მავნე მიკრობებს, არამედ ლორწოვან გარსზე მდებარე მცირე იარებს მარტივად აშუშებს.
ასევე, თაფლი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ძალიან სწრაფად აღადგენს სასარგებლო მიკროფლორას, რადგან ის არის ბუნებრივი პრობიოტიკი, რომლის შემადგენლობაში შედის ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები.
თაფლი იმუნიტეტისთვის
თაფლი გამოიყენება, როგორც ვირუსებისა და გაციების ეფექტური საშუალება. და ეს არ არის გასაკვირი, თუკი მასში შემავალ ნივთიერებებს გავითვალისწინებთ - ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავასა და ფლავონოიდებს. სხვათა შორის, სწორედ ფლავონოიდები ებრძვის აქტიურად ვირუსებს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ყოველდღიურად თაფლის მიღებით, დიდი ხნით დაივიწყებთ, რა არის გაციება ყველაზე ცივ ზამთარშიც კი.
თაფლი წონაში კლებისთვის
ზედმეტი კილოგრამების მოშორების დროს დიეტოლოგები პაციენტებს რაციონიდან შაქრის ამოღებას ურჩევენ. ამ შემთხვევაში სწორედ თაფლია შესანიშნავი ალტერნატიული პროდუქტი. ის არა მხოლოდ შაქრის შემცვლელია, არამედ წონაში კლებასაც უწყობს ხელს. როგორ?
თაფლის შემადგენლობიდან გამომდინარე ის ასწრაფებს მეტაბოლიზმს და აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს, რაც შესანიშნავად აისახება თქვენი სხეულის გარშემოწერილობაზე. მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისა და რაციონალური კვების მეთვალყურეობის შემთხვევაში.
წონაში კლების ეფექტის გასაუმჯობესებლად თაფლი სასურველია მიიღოთ ჯინჯერით ან ლიმონით.
და გახსოვდეთ, რომ ყველაფერში საჭიროა ზომიერება. ამიტომ თაფლის კილოგრამობით მიღება არ არის საჭირო. ნუ გექნებათ ილუზია, რომ თაფლის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე მისი დიდი რაოდენობით მიღებით ნებისმიერ დაავადებას დაამარცხებთ.
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ახალგაზრდობიდან. თაფლი ამ ზრუნვის პროცესში აუცილებლად დაგეხმარებათ!
წყარო:funtime.ge