თეგებით ძიება
22. 08. 2019 News-ები

"ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება" - რუსთავი 2 "პოსტსკრიპტუმის" გუნდმაც დატოვა

რუსთავი2 გადაცემა P.S-ის გუნდმაც დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა:

„რუსთავი 2“-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა.

რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ.

სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ - მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი - იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება.

ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება.

არ გემშვიდობებით!

გვინდა გითხრათ - ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე!

სულ მალე!“- ნათქვამია მიმართვაში.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა