თეგებით ძიება
18. 09. 2019 News-ები

პირი რომელიც "გურიის მოამბის" რედაქტორს შვილების ლიკვიდაციით ემუქრებოდა თბილისის მერიის თანამშრომელი აღმოჩნდა

შსს სამინისტროს მიერ გაზეთ "გურიის მოამბეს" რედაქტორზე განხორციელებული მუქარის გამო ბრალდებული პირი ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომელი აღმოჩნდა.

კონკრეტულად აღნიშნული პირი, რომელიც შსს-მ ოფიციალურად "გურიის მოამბეს" რედაქტორის, თეა იოსელიანი მისამართით განხორციელებულ მუქარაში ამხილა თბილისის მერიის ა(ა)იპ "ეკო სერვისში" მებაღედ მუშაობს.

ამის შესახებ თეა იოსელიანისათვის დღეს, გურიის პოლიციის დეპარტამენტში გახდა ცნობილი, როდესაც მას ოფიციალურად გადასცეს ცნობა დაზარალებულად ცნობის შესახებ და გააცნეს ბრალდებულის დაკითხვის ოქმი.

ბრალდებული, თბილისის მერიის თანამშრომელი ბ.მ. თეა იოსელიანის მისმართით განხორციელებულ მუქარას (ეს უკანასკნელი "გურიის მოამბეს" რედაქტორს შვილების დახოცვით ემუქრებოდა), 20 ივნისის ე.წ. "გავრილოვის ღამის" მოვლენებს უკავშირებს და მუქარის მოტივად ასახელებს იმ ფაქტს, რომ თეა იოსელიანმა თბილისის მერიის მისამართით ამ უკანასკნელის დამადანაშაულებელი პოსტი გამოაქვეყნა, რაზედაც მან მუქარით უპასუხა. ბრალდებული ჩვენებაში წერს, რომ არ იცოდა თეა იოსელიანს შვილები თუ ჰყავს.

პოლიციის განმარტებით, ბრალდებული ამ წუთებში გადის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას და სხვა პროცედურებს, რომლის შემდეგაც გადაწყდება თუ რა ღონისძიებებს განახორციელებს გამოძიება.

თავის მხრივ თეა იოსელიანი ადასტურებს რომ მას "გავრილოვის ღამედ" წოდებული მოვლენებისადმი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ქონდა, ის ღიად აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს დემონსტრანტების მიმართ, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ამ კუთხით თბილისის მერიისადმი რაიმე კონკრეტული ბრალი დაედო ან სოციალურ ქსელებში მერიის წინააღმდეგ პოსტი გამოექვეყნებინა:

"ნებისმიერი ჩემი პოსტი არის საჯარო და მასზე წვდომა ნებისმიერისთვის არის შესაძლებელი. ის მოტივი, რაც მე ბრალდებულის აღიარებით ჩვენებაში წავიკითხე, აბსოლუტურად აცდენილია რეალობასაც და ლოგიკასაც. კიდევ ერთი მომენტი, ბრალდებული ამბობს, რომ ის არ მიცნობს და არ იცის შვილები მყავს თუ არა და ამ შემთხვევაში ვერ ხსნის, რატომ არ განახორციელა მუქარა პირადად ჩემზე, ვისი კომენტარითაც თურმე ის გაღიზიანდა"-ამბობს იოსელიანი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდიდან, საიდანაც "გურიის მოამბეზე" შვილების ლიკვიდაციის მუქარა განხორციელდა, სულ 6 გვერდია მოწონებული, აქედან 4 თბილისის მერის, კახი კალაძისაა.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის ამ დროისთვის დაკავებული არ არის და როგორც იოსელიანს პოლიციაში განუმარტეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

დაზარალებულის ინტერესებს "საიას\' ადვოკატი, პაატა დიასამიძე იცავს.

წყარო: "გურიის მოამბე".












თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა