თეგებით ძიება
18. 10. 2019 News-ები

რას იწვევს ნაადრევი აბორტები?

საქართველოში მოზარდები უკვე საკმაოდ ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, რაც მათ დროთა განმავლობაში უამრავ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემას უქმნის. გვესაუბრება გინეკოლოგი ლელა რუხაძე:

- ჩვენს ქვეყანაში სქესობრივი ურთიერთობა უკვე ყმაწვილობის ასაკიდან იწყება. ასეა სხვა ქვეყნებშიც და ამაში თითქოს არაფერი უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ ჩვენმა მოზარდებმა ასეთი ურთიერთობის დაწყებისას ბევრი რამ არ იციან.

პირველ რიგში, არ იციან, რომ შესაძლოა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით დაავადდნენ. გარდა ამისა, ხშირია სხვადასხვა ლოკალიზაციის ანთება, მათ შორის - ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის
ანთება), რაც, თავის მხრივ, უფრო რთულ გინეკოლოგიურ პრობლემებს უდებს სათავეს.

სქესობრივი გზით ვრცელდება პაპილომავირუსიც, რომელზეც ბოლო ხანს ამდენს ლაპარაკობენ. სწორედ ეს არის ძირითადი საშიშროება, ამიტომ მოზარდებმა, თუ ასეთ ცხოვრების წესს ირჩევენ, უნდა იცოდნენ ინფექციებისგან თავის დაცვა და ახსოვდეთ, რომ ინსტინქტების აყოლა კარგს არაფერს მოუტანთ.

სამედიცინო თვალსაზრისით ასეთი რამ გაუმართლებელია. რადგან 14-15 წლის მოზარდის სასქესო ორგანოები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.

- ვინ უნდა აუხსნას მოზარდებს თუნდაც ის, რომ სქესობრივი კონტაქტის დროს თავი უნდა დაიცვან?

- ეს ნამდვილად სცდება გინეკოლოგიის სფეროს. ამ პრობლემის მოგვარება, პირველ რიგში, ოჯახმა, სკოლამ უნდა ითავონ. ბევრი 14-15 წლის გოგონა დედას არ ემორჩლება, გვიანობამდე ატარებს დროს ღამის კლუბებში.

ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია არა მარტო შემთხვევითი, არამედ არასწორი სქესობრივი კონტაქტებიც, რაც ჯანმრთელობის დარღვევასთან ერთად ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც ქმნის.

ქვეყანაში სრულიად შეიცვალა სოციალური ფონი, გაუბრალოვდა ურთიერთობები ქალსა და მამაკაცს შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ მოზარდებზე. ჩვენი ბებიები და ბაბუებიც ხომ ხშირად 15-16 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ, მაგრამ აჩენდნენ შვილებს, იცავდნენ ოჯახის სიწმინდეს. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა სულ სხვა სიმაღლეზე იდგა და სხვა ფასეულობებით იზომებოდა, ამიტომაც არ იყო ამდენი დაავადება.

- მოზარდი დედები ხშირად აჩენენ დღენაკლულ ან თანდაყოლილი პათოლოგიების მქონე ბავშვებს. რისი ბრალია ეს?

- ნაადრევი ორსულობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოზარდი დედის ინფანტილური, განუვითარებელი საშვილოსნო. არის სხვა მიზეზებიც: ჰორმონული უკმარისობა, ემოციური სტრესები, ვირუსები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

- კონტრაცეპტივების მიღება და ნაადრევი აბორტი რა გავლენას მოახდენს გოგონას მომავალზე?

- კონტრაცეფცია, თავისთავად, საშიში არ არის, მით უფრო - თუ აბები სწორად იქნა შერჩეული. ეს გოგონას არასასურველი, დაუგეგმავი ორსულობისგან დაიცავს, მაგრამ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციისგან - ვერა.

ისევ იქამდე მივდივართ, რომ სკოლამ თუ ოჯახმა უნდა მოახერხონ და მოზარდ თაობამდე მიიტანონ ის აუცილებელი ცოდნა, რაც მას "თავისუფალი ურთიერთობების" თანამდევი საფრთხისგან დაიცავს.

თავს უფლებას ვერ მივცემ, ფსიქოლოგიის საკითხებს შევეხო, მაგრამ უდავოა, რომ სასქესო ინფექციებით დასნებოვნების რისკი ყოველ ნაბიჯზე არსებობს და ამის ახსნა აუცილებელია. მოზარდების უმრავლესობამ ისიც კი არ იცის, რომ პრეზერვატივი უნდა გამოიყენოს.

რაც შეეხება ნაადრევ აბორტს, ის ანგრევს ქალის ორგანიზმს და ხშირად უნაყოფობას იწვევს.

- რას ურჩევდით მოზარდებს, განსაკუთრებით - გოგონებს?

- 16-17 წლამდე სქესობრივი ცხოვრების დაწყებას ერიდონ, საქმროსა თუ პარტნიორთან ურთიერთობა კი შვილის გაჩენით დაასრულონ - სწორედ ასეთი ცხოვრების წესია მართებული როგორც სამედიცინო, ისე რელიგიური თვალსაზრისითაც.

ამ მეტად აქტუალურ საკითხებში მოზარდების გათვითცნობიერებაში სახელმწიფოს ყველა რგოლი უნდა იყოს ჩართული - ოჯახი, ეკლესია, სკოლა.

მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რას იწვევს შემთხვევითი და გაუაზრებელი სექსუალური კონტაქტები, ნაადრევი აბორტი. დღეს ეს მხოლოდ გინეკოლოგიური პრობლემა აღარ არის; ეს უკვე სოციალური პრობლემაა.

ავტორი:ლიკა კერატაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა