თეგებით ძიება
19. 11. 2019 News-ები

ნარკოლოგმა საზარელ მკვლელობას ზედოზირება მხოლოდ ვარაუდით დაუკავშირა: "ის დავწერე, რა შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკმა"

ვაკეში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ, სოციალურ ქსელში ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე წერს და მომხდარს ნარკოტიკის ზედოზირებას უკავშირებს.

მისი თქმით, ლევან აბაშიძე, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, დედა და და მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა, ფსიქოზურ მდგომარეობაში იყო.

"კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია ატენზე - ვერსია ბევრია, თუმცა ნარკოტიკიც ურევია ამ ვერსიებში და ისევ ამფეტამინს ან ბიოს ან სააფთიაქო ნარკოტიკებს ასახელებენ. იმედია ექსპერტიზა დაადგენს ნამდვილ მიზეზებს , თუმცა ნებისმიერ ამ ტიპის ნარკოტიკს შეეძლო გამოეწვია უკონტროლო აგრესიული ქმედება და ფსიქოზი!

საგანგაშოა მდგომარეობა და ძაან რთული საკონტროლოა დღეს ეს მდგომარეობა. სამწუხაროდ, ისევ არსებობს აფთიაქები, რომლებიც ყიდიან სიკვდილს, არიან კოლეგები, რომლებიც გარკვეული საფასაურის გამო უწერენ ამ პრეპრატებს და წუთითც არ ფიქრდებიან, რას აკეთებენ. მიწაშია ჩამარხული ბევრი ნარკოტიკი და ელოდება თავის მყიდველს ! რა არის გამოსავალი - დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი და კანონის შეცვლა. მაგრამ სად გვცალია მაგისთვის" - წერს სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

"ნიუპოსტი" ნარკოლოგს დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით არაფერი იცის და მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო.

"მომხდარის შესახებ არაფერი არ ვიცი, მხოლოდ ის დავწერე, რა შეიძლება გამოეწვია ნარკოტიკის ზემოქმედებას" - აღნიშნა ზურა სიხარულიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა შეისწავლეს ყველაზე საშიში ნარკოტიკები და ისინი იმის მიხედვით დააკვალიფიცირეს, თუ რა ზიანს აყენებს მომხმარებელს, მომხმარებლის გარშემომყოფებს და რა სოციო-ეკონომიკური ეფექტები აქვთ მათ. მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანით, პირველ ადგილს იკავებს ქიმიურად დამზადებული კოკაინი, ხოლო სხვებისთვის მიყენებული ზიანით პირველ ადგილს არავის უთმობს ალკოჰოლი. იგი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.

ყველაზე უსაფრთხო ნარკოტიკებს შორისაა ე.წ კლუბური ნარკოტიკები (ექსტაზი), სოკოები, LSD და ა.შ. მარიხუანა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ნარკოტიკია, რომელიც დიდად არც სხვებს უქმნის საფრთხეს და არც მომხმარებელს. ერთადერთი საფრთხე, რომელსაც მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს, არის ყურადღების მოდუნება მანქანის მართვისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოძრაობისას, გზაზე გადასვლისას და ა.შ.

გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ლეგალური ნარკოტიკები, რომელიც ჩვენთვის სრულიად მისაღებია (მაგ., ალკოჰოლი), გაცილებით უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე არალეგალური ნარკოტიკები.

რაც შეეხება ატენის ქუჩაზე მომხდარ საზარელ ტრაგედიას, მეორე ვერსიაც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც აბაშიძეების ოჯახი უცნობმა პირმა ამოხოცა.

შეგახსენებთ, რომ დაღუპული ლევან აბაშიძე უბედურ შემთხვევამდე სუს-ის მაღალჩინოსანის მიერ დევნაზე საუბრობდა და ამის გამო მას ქვეყნის დატოვებაც მოუწია. ინფორმაცია ამის შესახებ, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გაავრცელა, რომელსაც თავად გარდაცვლილმა, ტრაგედიამდე, დახმარების თხოვნით მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

საქართველოში გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ნარკოტიკები სიცოცხლისთვის საშიშია და მისი მოხმარება თაობებს გაანადგურებს. ცხადია, ნარკოტიკების მოხმარება საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და მათი მიღება რეკომენდებული არ არის, თუმცა ყველაფერი შედარებითია.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა