თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

ლამინატის მოვლა: მთავარი წესები

ლამინატი, ისევე როგორც იატაკის ნებისმიერი საფარი, სწორ მოვლას მოითხოვს...

ეს საინტერესო რეკომენდაციები დალაგების პროცესს გაგიმარტივებთ:

1. იმისთის, რომ მტვერსასრუტით დალაგებისას ლამინატი არ დაგეკაწროთ, გამოიყენეთ რბილი ზედაპირისთვის განკუთვნილი საცმი და ხის იატაკის წმენდის ფუნქცია;

2. ნამცეცებისა და მტვრის ასაღებად გამოგადგებათ მიკროფიბრა. თუ მიკროფიბრა არ გაქვთ, გამოიყენეთ პირსახოცის ან ბამბის ნაჭერი;

3. ლამინატის მოსარეცხად უმჯობესია, გამოიყენოთ საბავშვო შამპუნი. იგი უნდა გააზავოთ წყალში, პროპროციით: 1 სუფრის კოვზი შამპუნი 4 ლიტრ წყალზე. ამ ხსნარში დაასველეთ მიკროფიბრა, კარგად გაწურეთ და იატაკი მოწმინდეთ. ამის შემდეგ იატაკი აუცილებლად მოამშრალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნესტიანი ლამინატი შეიძლება დეფორმირდეს;

4. ლამინატის გასაპრიალებლად გამოიყენეთ ძმრისა და ცხელი წყლის ნაზავი: ¼ ლიტრი ძმარი 4 ლიტრ წყალზე. ამ ხსნარში დაასველეთ მიკროფიბრა, კარგად გაწურეთ და ისე მოწმინდეთ იატაკი. მსგავსი პროცედურა დასაშვებია თვეში, მაქსიმუმ, ერთხელ, რათა ლამინატის გადაბმის ადგილებში დამცავი ფენა არ დაზიანდეს.


როგორ მოვაშოროთ ლამინატს ლაქები?

ეს, უმჯობესია, დაუყოვნებლივ გააკეთოთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის ლაქაა, არსებობს მასთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალებები:

ა) საღებავის, ზეთისა ან მარკერის ლაქის მოსაშორებლად გამოგადგებათ სპირტი ან აცეტონი. რომელიმე მათგანი მცირე რაოდენობით დააწვეთეთ სუფთა ნაჭერზე და ლაქა გაწმინდეთ. საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ;

ბ) სანთლის ან საღეჭი რეზინის მოსაშორებლად გამოგადგებათ ყინული და პლასტმასის დანა. დასვრილ ადგილს დაადეთ ყინული. ყინულის ზემოქმედებით სანთელი ან საღეჭი რეზინი გამაგრდება, რაც შემდეგ შეგიძლიათ პლასტმასის დანით ან პლასტიკური ბარათითაც კი მოაცილოთ. მეტალის საგანს ნუ გამოიყენებთ, რათა იატაკი არ დაგეკაწროთ;

გ) ჟანგის კვალი, რომელიც შესაძლოა, ავეჯის მეტალის ფეხებმა დატოვოს, მოაშორეთ მარილისა და ლიმონის დახმარებით. ჟანგის ლაქაზე დააყარეთ წმინდად დაფქვილი მარილი და გაწმინდეთ ლიმონის ნაჭრით, შემდეგ კი ნარჩენები აიღეთ ქაღალდის ხელსახოცით;

დ) გაქექილი ან დაკაწრული ლამინატისთვის გამოგადგებათ ისეთი უნივერსალური საშუალება, როგორიც არის ხსნარი WD-40, რომელიც, ძირითადად, აეროზოლის სახით იყიდება. მოაფრქვიეთ იგი იატაკის გაქექილ ადგილას ან ნაკაწრებზე და შემდეგ მოამშრალეთ მშრალი ნაჭრით ან ქაღალდის ხელსახოცით. თუმცა იმისთვის, რომ ამ ადგილებში ფეხი არ გაგიცურდეთ, საჭიროა, დამუშავებული მონაკვეთი მორეცხოთ საბავშვო შამპუნით ან ძმრით.



წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა