თეგებით ძიება
05. 12. 2019 News-ები

NASA-მ მზის ყველაზე ახლოდან დაკვირვების პირველადი შედეგები წარადგინა

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა პირველი დეტალური კვლევა, რომელიც მზის ზონდის Parker Solar Probe-ის მიერ არის მოპოვებული. კვლევა ოთხ ნაშრომს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს.

"პარკერმა" მზე 24 მილიონი კილომეტრის დაშორებიდან შეისწავლა. ზონდი მზესთან მერკურზე უფრო ახლოს მდებარეობდა, მერკური კი მზის სისტემაში პირველი პლანეტაა და შესაბამისად მზესთან ახლოს მდებარეობს.

ზონდმა მზის ქარის შესახებ ახალი ინფორმაცია შეაგროვა. აპარატის დახმარებით პირველად გახდა შესაძლებელი იმის დანახვა, თუ როგორ იცვლება მზის ზედაპირზე მისი მაგნიტური ველი: მას 180 გრადუსით შეტრიალება და დროის მოკლე პერიოდში ქარის გიგანტური სიჩქარით გაფანტვა შეუძლია. მაგნიტური ველის ასეთი "საპირისპირო გადართვა" უამრავ ენერგიას ათავისუფლებს.

"პარკერმა" მზის ნაწილაკების ნაკადში მძლავრი აფეთქებები დააფიქსირა, რომელიც მძიმე ელემენტების უჩვეულოდ მაღალი დონით ხასიათდება.

ეს აფეთქებები დედამიწამდე ვერასდროს აღწევს, მაგრამ ასეთი მოვლენა შესასწავლია, ვინაიდან მათმა მოულოდნელმა გამოჩენამ შესაძლოა გავლენა იქონიოს დედამიწის მახლობლად არსებულ კოსმოსურ ამინდზე.

NASA-ში აღნიშნავენ, რომ მზის ენერგიის გაცემასთან დაკავშირებული პროცესების შესწავლა მათ დაეხმარებათ რომ მომავალში კოსმოსში ადამიანების ყოფნა უფრო უსაფრთხო გახადონ.

შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში "პარკერი" მზეს ექვს მილიონ კილომეტრამდე მიუახლოვდება. აპარატი დაცულია სპეციალური ტექნიკით, რომელიც ძალიან ძლიერ ტემპერატურას უძლებს. აპარატი კოსმოსში 2018 წლის აგვისტოში გაუშვეს. ეს მზის დეტალურად შესწავლის პირველი მისიაა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა