თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

მიანმარს ჰააგის სასამართლოში გენოციდზე ბრალდებებისგან აუნ სან სუ ჩი დაიცავს

მიანმარის ლიდერი აუნ სან სუ ჩი გაეროს საერთაშორისო სასამართლოზე ქვეყანას გენოციდთან დაკავშირებული ბრალდებისგან დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა სასამართლოში მიანმარის მიერ როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ჩადანაშაულების შესახებ ბრალდება მოისმინა.

2017 წელს მიანმარში ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი ათასობით როჰინჯა მუსლიმი მოკლეს, ხოლო 700 000-ზე მეტი მეზობელ ბანგლადეშში დევნილად იქცა. მიანმარი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ექსტრემისტული საფრთხის წინააღმდეგ იყო მიმართული.

როგორც BBC წერს, ეს აღსანიშნავი დაცემაა აუნ სან სუ ჩის, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სანიმუშოდ მიიჩნეოდა, ახლა კი მან გადაწყვიტა დაიცვას ის ჯარი, რომელიც მას შინა პატიმრობაში წლები ამყოფებდა.

ჰააგის სასამართლოში შესვლის წინ, აუნ სან სუ ჩიმ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სამდღიანი პირველი მოსმენის დროს, მოითხოვენ, რომ დროებითი ზომები მიიღონ როჰინჯა მუსლიმების დასაცავად, ხოლო რაც შეეხება გენოციდის საკითხს, რამდენად ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ, ამაზე გადაწყვეტილების გამოტანას რამდენიმე წელი დასჭირდება.

მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

მანამდე გაეროს ანგარიშით გაირკვა, რომ გაერთიანება ზოგიერთი მიანმარელი სამხედროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ანგარიშში წერია, რომ ისინი, სავარაუდოდ, დამნაშავეები არიან როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობასა და გენოციდის საქმეზე.

მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს „როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის“ დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი.

MSF-ის ინფორმაციით, დაპირისპირების დაწყებიდან ერთ თვეში, სულ მცირე, 6700 როჰინჯა, აქედან 730-ზე მეტი ბავშვი მოკლეს, თუმცა მიანმარის მთავრობა განმარტავს, რომ ისინი როჰინჯა სამხედროებს ებრძვიან და არა მშვიდობიან მოქალაქეებს.

როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფია, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა