თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია ბავშვებში

სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის - მწვავე რესპირაციული ინფექციები, ყველაზე ხშირად ბავშვებს ემართებათ, თანაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი,
მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. რისი ბრალია ეს და როგორ
დავიცვათ პატარები? გვესაუბრება ინფექციონისტი მანანა აბრამიძე.



- რატომ არის, რომ ბავშვებს რესპირაციული ინფექციები უფროსებზე ხშირად ემართებათ?

- მთავარი მიზეზი ბავშვების სუსტი თავდაცვითი სისტემაა. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო სუსტი აქვს იმუნური სისტემა და მით უფრო იოლად ერევა ვირუსები. არსებობს ეგზოგენური ფაქტორებიც: ბაგაში ნაადრევი (3 წლამდე) მიყვანა, სანიტარიული წესების უგულებელყოფა, არახელსაყრელი

საყოფაცხოვრებო პირობები, არარაციონალური კვება და დღის რეჟიმი, არახელსაყრელი ეკოლოგიური გარემო, სტრესი.
მოუმწიფებელი იმუნური სისტემა, სასუნთქ ორგანოთა აგებულების თავისებურება მცირე ასაკის ბავშვებში რესპირაციული ვირუსული დაავადებების სპეციფიკურ მიმდინარეობას განაპირობებს.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული რესპირაციული ვირუსული დაავადებაა მწვავე რინიტი, გამოწვეული რინოვირუსით ან მისი მონათესავე ვირუსებით. იგი იოლი გადასატანია, გართულებებს არ იწვევს და უკვალოდ ქრება. ახალშობილები ავადდებიან იმ შემთხვევაში, როცა დედას არ გააჩნია იმუნიტეტი მოცირკულირე სეროტიპის (დაავადების გამომწვევის) მიმართ.
კლინიკური სიმპტომებია სურდო ცხვირიდან უხვი სეროზული გამონადენით, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, უმადობა, რაც ცხვირით სუნთქვის გაძნელებით აიხსნება.
ცხვირით სუნთქვის აღსადგენად საჭიროა ლორწოს გამოღება სპეციალური გამოსატუმბი ბალონით, შემდეგ მშრალი ბამბის ტამპონით გამომშრალება და ბოლოს ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება. სხვა ნაზალური წვეთები ცხვირის ლორწოვანს აღიზიანებს და უფრო მეტ პრობლემას იწვევს.
ცხვირში ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე. თავდაპირველად ვაწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ - კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო. ფიზიოლოგიური ხსნარი უნდა ჩავაწვეთოთ 4-5 დღის მანძილზე. კარგი იქნება, თუ ჩაწვეთების შემდეგ პატარას ცოტა ხნით (თუ ეს სუნთქვაში ხელს არ შეუშლის) დავაწვენთ ზურგზე, ძილის დროს კი თავს ტანთან შედარებით ავუმაღლებთ, რომ ძილში ლორწომ არ შეაწუხოს.
რეოვირუსულ ინფექციას ახასიათებს ზემო სასუნთქი გზების კატარი და არცთუ იშვიათად - წვრილი ნაწლავების დაზიანება. ინფექცია გადაედება ჰაერწვეთოვანი და ფეკალურ-ორალური გზით. დაავადება იწყება მწვავედ, ზემო სასუნთქი გზების ანთებით, ნაწლავთა აშლილობით. ამ სიმპტომებს დაერთვის სუბფებრილური ტემპერატურა, სურდო, ხველა, კატარული კონიუნქტივიტი, თავის ტკივილი, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება. ნუშურები, ხახის რკალები, ცხვირ-ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსები ჰიპერემიულია, კისრის ლიმფური კვანძები, ღვიძლი და ელენთა - გადიდებული. ბავშვები უჩივიან მუცლის ტკივილს, ნაწლავთა ყურყურს. განავალი თხელი და მძაფრსუნიანია.
ადრეული ასაკის ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ პნევმონია, სეროზული მენინგიტი, მიოკარდიტი. მკურნალობა სიმპტომურია. გართულების შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები.
რესპირაციულ-სინციტიური ინფექცია (რსი) წარმოადგენს მწვავე ვირუსულ დაავადებას, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმის ზომიერი ინტოქსიკაციით, ქვედა სასუნთქი გზების ანთებით და ხშირად - ბრონქიოლიტის სურათით. ბავშვთა რესპირაციული ვირუსული ინფექციების 15-25% ამ დაავადების წილად მოდის, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში კი რსი ბრონქიოლიტებისა და პნევმონიების ძირითად მიზეზად ითვლება.
კლინიკური სურათი ასაკზეა დამოკიდებული. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადება შეიძლება დაიწყოს როგორც მწვავედ, ისე თანდათანობით. ტემპერატურა მატულობს, პირველსავე დღეს ვითარდება რინორეა და ფარინგიტი, ცხვირცემინება და მშრალი ხველა. ინტოქსიკაციის მოვლენები (სისუსტე, უმადობა, მოთენთილობა) ნაკლებად არის გამოხატული. 1-3 დღის შემდეგ ხველა და სურდო ინტენსიური ხდება, ამ სიმპტომებს ერთვის ხმაურიანი, გაძნელებული სუნთქვა, ასთმური (ობსტრუქციული) სინდრომი. ფილტვებში ისმის მშრალი და სველი ხიხინი.
ხველის შეტევები, ისევე, როგორც ყივანახველის შემთხვევაში, მცირე ასაკის ბავშვებში შესაძლოა სპაზმური ხასიათისა იყოს. პერიოდული სუნთქვა და ხანმოკლე აპნოე (სუნთქვის გაჩერება) განსაკუთრებით ხშირია დღენაკლულებში. ასეთი რამ ახასიათებს მსუბუქად მიმდინარე ბრონქიოლიტს. არის უეცარი სიკვდილის შემთხვევებიც.
- როგორ დავიცვათ პატარა, თუ ავად გახდა მისი უფროსი და ან ძმა?

- ავადმყოფი ბავშვი უნდა დავაწვინოთ ცალკე ოთახში და მოვარიდოთ ოჯახის დანარჩენ წევრებს. ოთახი დავალაგოთ სველი წესით, დავამუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით. ვაქცინაპროფილაქტიკა არ არსებობს. ჩვილებისთვის თავდაცვის საუკეთესო გზა ბუნებრივი კვებაა, - დედის რძე შეიცავს რსვ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს, - მაგრამ ხშირად არც ეს არის საკმარისი. არსებობს რსვ-საწინააღმდეგო ინტრავენური იმუნოგლობულინი. იგი ენიშნებათ ორ წლამდე ასაკის ბავშვებს, ბრონქოპლაზმური დისპლაზიით დაავადებულებსა და დღენაკლულებს.
პარაგრიპის ვირუსი ბავშვთა და მოზარდთა რესპირაციული დაავადების გავრცელებული მიზეზია, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამო იმსახურებს, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად იწვევს კრუპის სინდრომს. ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ძილის დარღვევას. ათიდან 2 შემთხვევაში ტემპერატურა დაავადების დასაწყისშივე იმატებს. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დამახასიათებელია უფრო მაღალი ტემპერატურა. დაავადების პირველ დღეებში პატარებს აწუხებთ უხეში, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირიდან გამონადენი, რომელიც თავიდან ლორწოვანია, შემდეგ - ლორწოვან-ჩირქოვანი.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პარაგრიპის პირველი გამოვლინება შესაძლოა კრუპის სინდრომი იყოს. შეტევა ვითარდება ღამით, ერთბაშად. იწყება უხეში, მყეფავი ხველით, შემდეგ ამას ემატება ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი სუნთქვა.
პარაგრიპული კრუპი უმეტესად მალევე უკუვითარდება. მკურნალობა სიმპტომურია. იყენებენ ეპინეფრინის ინჰალაციას. ამავე დროს, აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება.
გრიპს, ზემოჩამოთვლილი ინფექციებისგან განსხვავებით, მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, განსაკუთრებით - მცირე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში. ეს ინფექცია აზიანებს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემას, იმუნურის ჩათვლით, ამიტომ გრიპის გადატანის შემდეგ ბავშვი ძლიერ დასუსტებულია, მისი ორგანიზმი მგრძნობიარეა სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციისადმი.
ახალშობილებსა და ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადება ხშირად თანდათანობით, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით იწყება. ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტად არის გამოხატული. დამახასიათებელია სიფითრე, უმადობა, სუსტი ხველა, ცხვირის გაჭედვა. ხშირად ვითარდება განმეორებითი ღებინება. კრუპის სინდრომი იშვიათია. მიუხედავად მსუბუქი დასაწყისისა, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, რასაც განაპირობებს ბაქტერიული ინფექციის დართვა და ჩირქოვანი გართულების (ყურის, ბრონქების, ფილტვების ანთების) განვითარება. წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობა მოზრდილებზე 3-ჯერ მაღალია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა