თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

წვნიანი წამალი გაციებისა და ნაბახუსევის წინააღმდეგ ცნობილი ჟურნალისტისა და შეფის, ესმა კუნჭულიასგან

სუსხიან, თოვლიან, ვირუსებიან დღეებში ეს წვნიანი სასწაულია. ვიდრე ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქები გაჩნდებოდა , ძველი მეგრელები ამ წვნიანით ნებისმიერ ვირუსს ამარცხებდნენ, - ამბობს ჟურნალისტი და ცნობილი შეფი ესმა კუნჭულია.

მისი თქმით, წვნიანის ინგრედიენტები მედიცინის ისტორიის ნაწილია - ნიორი, რომელიც ტუტენჰამონის საფლავში იპოვეს და ქონდარი, რომელიც ასევე უხუცესი სამკურნალო მცენარეა და სწორედ ქონდრით ამარცხებდნენ ჯერ კიდევ ძველი შუმერები სასტიკ ბაცილებს.

ტიბუ მეგრულად „თბილს“ ნიშნავს და ეს წვნიანი თბილი უნდა მიირთვათ. მზადდება ასე (4 ულუფა): 1 ლიტრი წყალი აადუღეთ. ცალკე ქვასანაყში ჩანაყეთ 2
სუფრის კოვზი გამხმარი ქონდარი, რამდენიმე კბილი ნიორი, წიწაკა, დაამატეთ მარილი. გახსენით ჭიქაში 3-4 კოვზი მჭადის ფქვილი და ჩაუშვით თუხთუხა წყალში. კარგად მოურიეთ, თხელი კრემ-სუპის სისქე უნდა გამოვიდეს. დაუმატეთ ჩანაყილი ქონდარი და ნიორი. მოურიეთ. ადუღებთ 10 წუთი. ბოლოს უმატებთ 2 სუფრის კოვზ კარგ ძმარს.

„ტიბუს“ რეცეპტშიმინი-კორექტივები შევიტანე: ა) მჭადის ფქვილი წინასწარ მოვხალე - მიყვარს ეს გემო და ბ) ბოლოს დავამატე ცახეხილი შებოლილი სულგუნი; გამომაცოცხლა, გადამარჩინა, აღმადგინა. მიირთმევთ ტიბუს და მიირთმევთ ისტორიას - 1) ძველი ეგვიპტელები ქონდრით ბალზამებს ამზადებდნენ; 2) ძველი ბერძნები მხოლოდ ქონდრის ბუჩქებს წვავდნენ ტაძრებს მსხვერპლშეწირვებზე. 3) ძველი რომაელი მეომრები ბრძოლის წინ აუცილებლად წვებოდნენ ქონდრის აბაზანებში ან მიირთმევდნენ ქონდრის ჩაის. შუასაუკუნეებში ცოლები მეომარ ქმრებს თილისმას ატანდნენ, სადაც აუცილებლად ერია ქონდრის ფოთლები. ამბობდნენ, სჯეროდათ, სწამდათ, რომ ქონდარი მამაცობას მატებდა.
ქონდარი ეთერზეტების ბუდეა, ამოსახველებელი საშუალება, აწყნარებს ნერვებს, ებრძვის ნევროზებს... მხოლოდ საქართველოში 13 სახის ქონდარი ხარობსო, გვითხრა ცნობილმა ფიტოთერაპევტმა დათო ვაშაძემ. ნიორი კი ნამდვილი მხედარია ანთებების წინააღმდეგ ბრძოლებში... 1858 წელს ლუი პასტერმა პირველად, საფუძვლიანად აღწერა ნივრის ანტიბაქტერიული თვისებები“, - ამბობს ესმა კუნჭულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა