თეგებით ძიება
05. 02. 2020 News-ები

ღალატი - რატომ და როდის ღალატობს ქალი მამაკაცს?

ღალატის თემა ჩვენ დღევანდელობაში მეტად აქტუალურია. გთავაზობთ სხვადასხვა დროს ჩატარებულ გამოკითხვათა
შედეგებს ზოგადად პარტნიორთა ღალატის თემაზე, შემდეგ კი ინტერვიუს სექსოლოგთან:

ხშირად მატერიალურად დამოკიდებული ადამიანები ღალატობენ

ადამიანი სიცრუისკენ არის მიდრეკილი, თუ მეუღლეზე ეკონომიკურად დამოკიდებულია. ეს ორივე სქესს ეხება. თუმცა ეკონომიკურად დამოკიდებული მამაკაცები ამ მხრივ უფრო აქტიურები არიან. პარტნიორის კისერზე მყოფი ქალების 5% და მამაკაცების 15% ღალატობს.

ქალებს შეიძლება ამძიმებდეს დამოკიდებულება, მაგრამ არავინ დააყენებს ეჭვქვეშ მათ ქალურობას. მამაკაცი კი მარჩენალი უნდა იყოს. ამგვარად, ღალატით ის ცდილობს საკუთარი "მამაკაცურობის" დამტკიცებასა და მარჩენალი-მეუღლის დასჯას.

რა
როლი აქვს ხმას

ქალებს უყვართ ყურებით. მეცნიერებმა ქალებს შესთავაზეს მამაკაცის ხმის ჩანაწერის მოსმენა და აზრის გამოთქმა, რომელი ხმის პატრონ მამაკაცთან გააბამდნენ ხანმოკლე ან ხანგრძლივ ურთიერთობებს. უმეტესობამ განაცხადა, რომ დაუფიქრებლად გაატარებდა ღამეს ხავერდოვანი ბარიტონის მქონე მამაკაცთან.

ღალატი ზრდის სექსუალური ტრავმის რისკს

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებაშეისწავლეს სასქესო ასოს მოტეხილობის 16 შემთხვევა. მამაკაცების ნახევარმა აღიარა რომ ტრავმა მიიღო ქორწინებისგარე სექსის დროს.

ღალატი სხვადასხვანაირია

ღალატი სრულიადაც არ ნიშნავს პარტნიორებს შორის სიყვარულის არარსებობას. მკვლევარები გამოყოფენ სექსუალურ ღალატს (მხოლოდ სექსი, არანიარი რომანტიკა), რომანტიკულ ღალატს (ურთიერთობა სექსუალური კონტაქტის გარეშე) და სექსუალურ-რომანტიკულ ღალატს.

პირველ კატეგორიას მეცნიერები ღალატად არ მიიჩნევენ. ერთჯერადი სექსი - ეს იმის ინდიკატორია, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასეთი ღალატი გაყრით არ სრულდება. ნდობა შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ პარტნიორების ღია ურთიერთობისას, წყვილმა შეიძლება გაადაბიჯოს ღალატს და ურთიერთობა უფრო მყარი გახდეს, მიზეზების გარკვევის შემდეგ.

გვესაუბრება ექიმი სექსოლოგი პაატა სოფრომაძე.


- ბატონო პაატა, ყველაზე ხშირად რა პრობლემა იჩენს თავს ქალის სქესობრივ ცხოვრებაში?
- თავად ქალის სექსუალობაა ძალზე რთული თემა. სექსოლოგიაზე საუბრისას კითხვები ჩნდება არა მარტო ქალებთან, არამედ მამაკაცებთან მიმართებითაც. რას აკეთებს ექიმი სექსოლოგი ქალთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში? ეს რომ გავიგოთ, უნდა განვსაზღვროთ, როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა. სწორედ ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს მკურნალობს სექსოლოგი.


- მაშინ კითხვას ამგვარად დაგისვამთ: როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა?
- სექსუალობის გამოვლინებაა:

სქესობრივი ლტოლვა ანუ ლიბიდო;
ფიზიოლოგიური აღგზნების უნარი, რაც გულისხმობს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ალერსის, სქესობრივი თამაშების დროს;
ორგაზმის მიღწევა.
ლიბიდოს დარღვევებზე საუბრისას გულისხმობენ ძირითადად ფრიგიდულობას - სიცივეს, ანუ იმ მდგომარეობას, როცა ქალს არ შესწევს აღგზნების უნარი, არ აქვს მოთხოვნილება, ფიზიოლოგიური ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ. უნდა ითქვას, რომ ლიბიდოს თავისი ფიზიოლოგიური ბაზისი აქვს, რომელზეც იგება ფსიქოლოგიური ზედნაშენი. რა განსხვავებაა ამ კუთხით ქალსა და მამაკაცს შორის? მამამკაცის სექსუალობა გაცილებით მეტად არის დამოკიდებული ფიზიოლოგიაზე.

რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთაც ფიზიოლოგიური პრობლემების გამო შესუსტებული აქვთ ლიბიდო, ფიზიოლოგიური ლტოლვა, მაგრამ, საზოგადოდ, ქალისთვის ფსიქოლოგიური ზედნაშენი უფრო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარეობს ის პარადოქსული შემთხვევები, როდესაც ქალს შეიძლება არ ჰქონდეს ფიზიოლოგიური ლტოლვა, მაგრამ შესწევდეს ორგაზმის განცდის, სიამოვნების მიღების უნარი.

- ერთი მეორეს არ გამორიცხავს?
- მამაკაცის შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ თითქმის გამორიცხავს, მაგრამ ქალის შემთხვევაში - არა. არსებობს ასეთი გამოთქმა: არეკლილი სიამოვნება. რას გულისხმობს ეს ცნება? სქესობრივი ურთიერთობის დროს ქალი იღებს სიამოვნებას არა წმინდა ფიზიოლოგიური კომპონენტისგან, არამედ იმისგან, რომ მან სიამოვნება მიანიჭა ძვირფას ადამიანს. ლიბიდოს ხარისხობრივი დაქვეითება შეიძლება ფიზიოლოგიურიც იყოს, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან ამ თვალსაზრისითაც განსხვავდებიან. სქესობრივი კონსტიტუცია ქალებშიც არის და მამაკაცებშიც. მას ტემპერამენტს ვუწოდებთ.


- აქვს თუ არა ტემპერამენტისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ეთნიკურ ფაქტორს?
- სექსუალობაზე ეთნიკური ფაქტორი გავლენას ახდენს და აყალიბებს კიდეც მას. ჩრდილოეთში უფრო გვიან ხდება მომწიფება, ვიდრე სამხრეთის ქვეყნებში. გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი მორალის გავლენაც. რაც გენეტიკურად არის ჩადებული, ფიზიოლოგიურადაც ის გამომჟღავნდება, მაგრამ ქცევაზე, შეხედულებებზე მორალი დიდ გავლენას ახდენს. ქართველი ქალი სექსუალობის გამოვლინებათა თვალსაზრისით შედარებით შეზღუდულია... თუმცა, საზოგადოდ, ნაკლებმოსალოდნელია, ეთნიკურმა ფაქტორმა ფიზიოლოგიური განსხვავება მოგვცეს ტემპერამენტში, სერიოზული გავლენა მოახდინოს წყვილის ჰარმონიულ ურთიერთობაზე.


- არსებობს ასეთი გამოთქმა: "მამაკაცს თვალებით უყვარს, ქალს - ყურებით". რამდენად მართებულია ის?
- მამაკაცისთვის ქალის შიშველი სხეული ძალიან ძლიერი სტიმულატორია. შიშველი მამაკაცი ქალში ემოციებს ნაკლებად იწვევს. ეროტიკის ან პორნოგრაფიის ყურება ქალისთვისაც შეიძლება იყოს აღმგზნები და მასტიმულირებელი, მაგრამ არა უშუალოდ სხეული, არამედ სიტუაციის წარმოდგენა.


- რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ერთი შეხედვით ბედნიერი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ქალები ქმრებს ღალატობენ?
- ფიზიოლოგიური წყობით ქალი გაცილებით უფრო მონოგამიურია, ვიდრე მამაკაცი. მამაკაცი ფიზიოლოგიურად უფრო სხვადასხვა პარტნიორთან ურთიერთობისთვის არის განწყობილი. მონოგამიური ურთიერთობები ცივილიზაციის შედეგია. რაც უფრო იხვეწება ადამიანი, მით უფრო ფასეული ხდება ეს მისთვის. საქართველოში ქალს უფრო ხშირად ქმარი კი არა, ოჯახი უყვარს, ოჯახის შენარჩუნება სურს. ქალი მაშინ ღალატობს პარტნიორს, როდესაც გრძნობს იმედგაცრუებას, ვერ იღებს იმას, რაც სურს. ეს შეიძლება იყოს ფული, ტანსაცმელი, სოციალური მდგომარეობა, წმინდა ფიზიოლოგიური კომპონენტი საწოლში, ერთგულება, ინტელექტუალური დაუკმაყოფილებლობა ამ ადამიანთან ურთიერთობით და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ იმ წყვილებისთვის, რომელთაც განქორწინებაზე შეაქვთ განცხადება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კონსულტაცია კონფლიქტოლოგთან, ფსიქოლოგთან ან სექსოპათოლოგთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა