თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

ესტონეთის საგარეო დაზვერვა: რუსეთი ეცდება, 2020 წელს საქართველოში დანიშნულ არჩევნებში ჩაერიოს

"რუსეთი ჩაერია დასავლეთის არჩევნებში 2019 წელს და დიდი ალბათობით იმავეს გააკეთებს 2020-შიც. ამ წელს, მაგალითად, რუსეთი, რა თქმა უნდა, ფოკუსირებული იქნება აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე" - ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, რომელსაც უწყება ყოველწლიურად აქვეყნებს.

ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა საქართველოს და ამ ქვეყანაში რუსეთის მტრულ ქმედებებს, ნახსენებია პრიმაკოვის ფონდი და "ქართული მარში", როგორც რუსული ნარატივების მთავარი გამავრცელებლები.
"ჩარევის მცდელობის უმთავრესი მიზანია, უზრუნველყოფილ იქნას რუსეთისთვის სასარგებლო შედეგები რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ან დასავლეთში ყველაზე არაერთგვაროვანი გავლენის მქონე კანდიდატების მხარდაჭერით. უფრო მეტიც – რუსეთს სურს აჩვენოს, რომ დასავლეთს არ გამოსდის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ეს კი არის შესაძლებლობა, ყურადღება გადაიტანონ რუსეთის პრობლემებისგან და გამოიყენონ უკვე გამოცდილი, დასავლეთის ორმაგი სტანდარტების რიტორიკა“, – წერია ანგარიშში.
ანგარიშში მოხვდა რუსი ოკუპანტების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის, საოკუპაციო ზოლის ხელოვნურად გადმოწევისა და ახალი ტერიტორიის მიტაცების ფაქტებიც:
„ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზი (ABL), რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან ყოფს, 2019 წელს დიდი ალბათობით გასული ათწლეულის ყველაზე დატვირთული იყო. ABL-ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაწევის მცდელობები გაიზარდა, ხოლო ABL-თან მყოფი სეპარატისტული ძალები უფრო აგრესიულები და პროვოკაციულები არიან, ვიდრე ოდესმე, აღარ ერიდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულისთვის მუქარასაც. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლების“ ავტონომია ილუზიაა – ეს მოსკოვიდან მართული მარიონეტული მთავრობაა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სამხრეთ კავკასიაში გავლენის აგენტების გამოყენება რუსეთის ტრადიციულ არსენალშია. კლასიკური მაგალითია ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, ალექსანდრე გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის ფონდის ადგილობრივი „ფილიალი“, რომელიც რუსული გავლენის ინსტრუმენტია. პრიმაკოვის ცენტრის ორგანიზებით საქართველოში ტარდება რუსული ენის კურსები, რუსული კულტურისა და ისტორიის გაკვეთილები, სემინარები და კონფერენციები. ერთი შეხედვით უწყინარი აქტივობების მიზანია, საქართველოს ახლანდელი და მომავალი ელიტა უფრო მიმღები გახდეს რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბიციებთან მიმართებაში. ამავე დროს, რუსეთი 2019 წლის დეკემბერში აპირებდა გაეხსნა კიდევ ერთი ცენტრი გავლენის აქტივობებისთვის – „რუსკი მირის რუსული კულტრურული ცენტრი“. აგრეთვე დაარსდა „რუსკი მირის ფონდი“, რომელიც რუსული გავლენის აქტივობებისთვის მუშაობს“.
საგარეო დაზვერვის სამსახური ანგარიშში „ქართულ მარშსსაც“ შეეხო:
„ბოლო წლებში საქართველოში ე.წ ტრადიციული ღირებულებების გავრცელების პროპაგანდაში დიდი ზრდა შეინიშნება. „ქართული მარში“, 2017 წელს შექმნილი ქოლგა ორგანიზაცია ექსტრემისტული მოძრაობებისთვის, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი მიზანია, შეეწინააღმდეგოს, მათი თქმით, ქართულ საზოგადოებაზე დასავლეთის მიერ ღირებულებების თავსმოხვევას, რომელიც, მათი თქმით, ქართველებისა და ქართული საზოგადოების არსებობას ემუექრება. ეს აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმას. მისი მიზანია, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირსა და NATO-ში – დაახლოებით 15 წლის განმავლობაში არსებული საგარეო პოლიტიკური კონსენსუსის – გაწევრიანების, საზოგადოებრივ მხარდაჭერას. „ქართული მარშის“ ლიდერთა შორის არის რამდენიმე რუსეთთან და მისი გავლენის აქტივობებთან დაკავშირებული პირი“, – წერია ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა