თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

თბილისის ზოოპარკში ცხოველებს "შაურმით" გაუმასპინძლდნენ

თბილისის ზოოპარკი თავის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ მიირთმევენ ცხოველები საჭმელს, უცნაური ისაა, რომ საჭმელს შაურმის ფორმა აქვს. თბილისი ზოოპარკის განცხადებით შაურმის პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს ცხოველებს საჭმლისათვის შაურმის ფორმა მიეცათ.
"ბოლო წლების განმავლობაში შაურმამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ კულინარიულ სამყაროში. ყველაზე უწუპუწუ გურმანებიც კი დადებენ-ხოლმე შიგადაშიგ პოსტებს, ნახეთ, რა დამემართა, რა დღეში ჩავვარდი, რა შაურმა ჩავიფინეო. თან ვიშვიშებენ, ოხრავენ და თან მუცლებზე ხელებს იტყაპუნებენ.

დღეს ზოოპარკულ შაურმას წარმოგიდგენთ. იდეაში, უბრალოდ აფრიკული მოხატული ძაღლების გამხიარულება გვინდოდა განსხვავებულად მირთმეული სადილით, მაგრამ ისეთი ნივთი შემოგვეკეთა, ვოლიერთან რომ ჩამოგეარათ ამ დროს, უსათუოდ გაიფიქრებდით, ზოოპარკში საშაურმე გაუხსნიათო.

ფოტოებიდანაც მშვენივრად მიხვდებით, მოეწონათ თუ არა. წიოკით დაესიენ და მანამ არ მოეშვნენ, სანამ ბოლო ლუკმა არ შემოაბრდღვნეს. მერე ალბათ ისინიც ვიშვიშებდნენ, ოხრავდნენ და მუცლებზე თათებს იტყაპუნებდნენ.

აუცილებლად გამოჩნდება ახლა ვინმე, ვინც იტყვის, ფუი, ფუი, როგორ არ მიყვარს ეს ცხოველები, რა უსიამოვნოები და ბოროტები არიანო. ჰო, ესეც კიდევ ერთი სტერეოტიპი. თუ ფუმფულაა, მსუქანა და ღილებივით თვალები აქვს, გვიყვარს და თუ ცოტა განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევა, მაშინვე დაუკავშირებს ჩვენი წარმოსახვა რაღაც სიავეებსა და მავნებლობებს. არადა, ძალიანაც საყვარელი, გონიერი და საინტერესო ცხოველები არიან.

ჰოდა, ნურასოდეს შეაფასებთ მხოლოდ გარეგნობის მიხედვით ნურც ცხოველებს და ნურც ადამიანებს.

P.S. არადა, შაურმაზე ვსაუბრობდით და ბოლოს რა დიდაქტიკური დამოძღვრა გამოგვივიდა..." - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის განცხადებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა