თეგებით ძიება
19. 02. 2020 News-ები

შესაძლოა, საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა შემცირდეს - ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

“ამერიკის” ხმა” საქართველოში განვითარებულ პროცესებზე დიდი ბრიტანეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს ესაუბრა.

ქალბატონო ალექსანდრა, მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ აფასებთ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში ვითარდება ბოლო კვირების, ან თუნდაც თვეების განმავლობაში?

პირველ რიგში, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. სანამ დავიწყებ, მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ის, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აღარ ვმუშაობ და ყველაფერი, რასაც ამ ინტერვიუში ვიტყვი, ჩემი პირადი მოსაზრებაა, საქართველოს მიმართ დიდი სიყვარულით. ვფიქრობ, რასაც საქართველოში ვხედავთ, ძალიან გვანერვიულებს. ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა მოწმე ვიყოთ იგივე შეცდომების გამეორების, რომლებსაც წინა მთავრობები უშვებდნენ. ანუ ის, რომ ძალაუფლებაში დარჩენის სურვილი ხდება ყველაფრის გადამძალავი საჭიროება მოქმედი მთავრობისთვის, იმის ნაცვლად, რომ მათ რიგითი ამომრჩევლების საჭიროებები დააკმაყოფილონ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, რომ ამომრჩეველს ადარდებს ეკონომიკური, შემოსავალთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური კლასი ჩართულია ძალიან ინტენსიურ ბრძოლაში. ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩანს, რომ მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებს იმისთვის, რომ თავად დაწინაურდეს.

რას უკავშირებთ ამას? მდგომარეობა, არა მარტო საქართველოში, არამედ თითქმის ყველა ახალგაზრდა დემოკრატიაში, თითქოს ერთ ციკლზე ვითარდება. ხელისუფლებაში მოდის მთავრობა, რომელიც ხალხის არჩევანია და შემდეგ ასეთი ვითარება დგება. რა იწვევს ამას?

არ მინდა საქართველოს მიმართ მკაცრი ვიყო. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომელიც მომავალ წელს 30 წლის გახდება. ვფიქრობ, საქართველოს ზოგადი ტრაექტორია წარმატებულია და ის რეგიონში ჯერ ისევ დემოკრატიის შუქურაა. მთავრობები წარმატებით ებრძოდნენ კორუფციას, ქვეყანამ შეძლო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ცდილობს განათლების პრობლემის დაძლევას და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის უნაკლო, საქართველოში არსებობს შედარებით თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორს მუშაობის საშუალება ეძლევა. მაგრამ ეს პროცესი უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. დემოკრატია რთულად ასაშენებელი ინსტიტუტია. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას სურს ხელისუფლებაში დარჩეს. მაგრამ დემოკრატიის ძირითადი ღირებულება შემოწმებისა და ბალანსის სისტემაა, სადაც ოპოზიცია ასრულებს საკუთარ როლს. ლეგიტიმურია ის, რომ ოპოზიციამ აკრიტიკოს მთავრობა, კითხვები დასვას მის საქმიანობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს აბსოლუტურად მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.

საკუთარი მთავრობის გამოცდა და მისთვის გამოწვევების შექმნა სრულიად პატრიოტული საქმიანობაა. ის, რასაც ვხედავ ძალიან მაწუხებს. ეს მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში ხდება, მათ შორის, რუსეთშიც, რომ მთავრობა ცდილობს არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის აქტივისტების შეზღუდვას. ამასთან, არის მცდელობა შეიქმნას შეხედულება, რომ ეს არ არის პატრიოტული საქმიანობა და თუ გაბედე მთავრობის კრიტიკა, ეს არ არის პატრიოტული და ერთგვარად სახელმწიფოს მტერი ხარ.

თქვენ გამოკვეთეთ საკითხი, რომელიც საქართველოში ამჟამად ძალიან მტკივნეულია. ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, რაც როგორც თქვენ თვით, ოპოზიციის ერთგვარი მოვალეობაა. მეორე მხრივ, მთავრობის მხრიდან ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ, მათ შორის, უცხოური არასამთავრობოების მიმართ, ერთგვარი მიუღებლობა იკვეთება. იყო შემთხვევა, როცა მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა არასამთავრობო სექტორს ფაშისტები უწოდა, სხვა შემთხვევაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოპოზიციურ პარტიას განადგურებით დაემუქრა. რამდენად ჯანსაღია ეს დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?

ასეთი ლექსიკით საუბარი მიუღებელია და ასეთი საქციელი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს. დემოკრატიულ სივრცეში ლეგიტიმურია ხმათა პლურალიზმი, იმიტომ რომ სწორედ ესაა დემოკრატიის საფუძველი – გამოხატვის თავისუფლება. არცერთ მთავრობას არ მოსწონს ის, რომ აკრიტიკებენ. მეორე მხრივ, ყველა მოქმედი მთავრობა კრიტიკის ყველაზე დიდი სამიზნეა. ეს არის დემოკრატიის სამწუხარო რეალობა. მაგრამ ამ დებატების გარეშე არ ხდება პოლიტიკის გამოცდა და სწორი პოლიტიკის შემუშავება. ვფიქრობ, საქართველოსთვის და საქართველოს პოლიტიკური ლიდერშიპისთვის გამოსავალი ის იქნება, რომ ფოკუსირება მოხდეს საკითხებზე, რომლებიც ამომრჩევლებს აწუხებს და არ ხარჯონ დრო ერთმანეთთან ბრძოლაში და სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებაში, რადგან ეს დემოკრატიულ პრინციპებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა კლებულობს. ეკლესია და ჯარი ინარჩუნებს მხარდაჭერას, მაგრამ სასამართლო, პარლამენტი და მთავრობა დაღმავალ ტრაექტორიაზეა.

დაკავებებზე გადავიდეთ. მთავრობა აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა არაერთი დანაშაული ჩაიდინეს. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული შემთხვევა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეა, რომელმაც ბრალდების თანახმად, ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარი გაფლანგა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობაა და რომ უგულავა სასჯელს იმიტომ იხდის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და არა იმიტომ, რომ ის ოპოზიციაშია. რას ფიქრობთ მთავრობის ამ არგუმენტზე და ამ საქმის დროზე?

რა თქმა უნდა, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს. საკითხი არა გამოძიება, არამედ შერჩევითი სამართალია. ვისი საქმის გამოძიება ხდება, რა გარემოებებში, რა არის კონტექსტი და რამდენად სუფთა და გამჭვირვალეა პროცესი. ის, რასაც ვხედავ, ისაა, რომ გაჩნდა შეშფოთებები გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მან სასჯელი ერთხელ მოიხადა მსგავს ბრალდებებზე. მეორე ისაა, რომ არსებობს კითხვები უზენაესი სასამართლოს წევრების მიმართ, რომლებმაც ეს განაჩენი გამოიტანეს და მათ კავშირზე საქმის ისტორიასთან. მესამე ისაა, რომ თავად არ ესწრებოდა სასამართლოს, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეების არგუმენტები შეფასდეს. ანუ, პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს.

ასევე მნიშვნელოვანია დაკავების დროის გათვალიწინება. ცხადია, რომ მთავრობა ერთგვარი ზეწოლის ქვეშაა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა პროპორციული არჩევნების დაწესება 2020 წლის არჩევნებისთვის. საზოგადოებაში ამან საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიცია კი ამის გამო მათ წნეხის ქვეშ აქცევს. უგულავას დაპატიმრებით ის დიალოგი შეჩერდა, რომელითაც მხარეები საერთო გამოსავლის მონახვას ცდილობდნენ. საინტერსოა, რომ მთავრობისთვის ამან საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო და მის წინააღმდეგ მანამდე ფრაგმენტირებული ოპოზიცია გააერთიანა. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პოლიტიკურად არ იყო გონივრული, არამედ ის საკმაოდ უკუპროდუქტიულიც გამოდგა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ოპოზიციის გაჩუმება სურს.

თქვენ თქვით, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, თუ საქართველოს სურს დემოკრატიული საზოგადოება იყოს. როგორ ფიქრობთ, აუცილებელია ეს დაპატიმრებები საარჩევნო წელს ხდებოდეს?

ზოგადად მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ. მე არ მჯერა იმ არგუმენტის, რომ იმის გამო, რომ ეს საარჩევნო წელია ვიღაც არ უნდა გამოვიძიოთ. ყველა სასამართლო გადაწვეტილება მიღებული უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გათვლის გარეშე. შეილება ზოგი გამოძიება არჩევნების წელს ჩატარდეს და შეიძლება ზოგჯერ სადავო დაპატიმრება მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი საქმის დეტალებს უნდა ეფუძნებოდეს. ამ კონკრეტული განაჩენის შემთხვევაში კითხვები ჩნდება. ეს არა მხოლოდ ჩემი რეაქციაა, არამედ ბევრი სხვა ადამიანის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ამერიკის კონგრესიდან, ევროპელი მაღალჩინოსნებისგან და სხვა დასაფასებელი ადამიანებისგან.

რას ფიქრობთ შეხედულებაზე, რომელიც ვაშინგტონში არსებობს დღეს საქართველოზე? ვაშინგტონში იმიტომ, რომ აქ ცხოვრობთ, თუმცა ასევე ახლოს იცნობთ ევროპულ პრესასაც. რას ფიქრობს ხალხი საქართველოზე?

საქართველო ძალიან იღბლიანია. ვაშინგტონში საქართველოს მიმართ უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა არსებობს. ეს ორპარტიული მხარდაჭერაა და ის უკვე დიდი ხანია გრძელდება. არსებობს ზოგადი დაფასება იმის, რომ საქართველომ ამდენს მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უდიდესი რუსული ზეწოლის ქვეშაა და მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა ისტორიულად მოჰყვება. მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში ვამჩნევ, რომ მატულობს შეკითხვები იმაზე, თუ საით მიდის საქართველო. აქამდე ეს პატარა, ინდივიდუალური შემთხვევები იყო. ახლა ეს შფოთვა კულმინაციას უახლოვდება მთელ პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს მხრიდან უგუნური ნაბიჯი იქნება ამ ყველაფრის იგნორირება. კეთილი ნება, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, არ უნდა იქნას მიღებული, როგორც ისეთი რამ, რაც გეკუთვნის. ცოტა ხნის წინ, სენატორებმა რიშმა და შაჰინმა ამ კეთილ ნებაზე ისაუბრეს და საქართველოს მხარდაჭერის სურვილი გამოხატეს. მაგრამ ამის სანაცვლოდ, საქართველოს მოეთხოვება დემოკრატიული ქვეყანა იყოს.

თქვენ თქვით, რომ საქართველომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა სერიოზულად უნდა აღიქვას და არ მიიღოს ის, როგორც კუთვნილი. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ საქართველომ ეს არ გაითვალისწინა?

მსოფლიო ძალიან კონკურენტულია, გლობალურად უამრავი რამ ხდება. ვიტყოდი, რომ საქართველო ამერიკის კეთილი ნების არაპროპორციულად მეტ წილს იღებს. ქვეყანამ ეს დაიმსახურა დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე. მაგრამ საქართველოსთან ერთად, სხვა ბევრი ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს, მათ შორის, რეგიონშიც. კონგრესის და ადმინისტრაციის დროსა და ყურადღებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ვფიქრობ, თუ ხალხს საქართველოში რწმენა დაეკარგა, ან ის იფიქრა, რომ საქართველო აღარაა დემოკრატიული გეზის ერთგული, რომელსაც 20 წელია ადგას, ვნახავთ უფრო მეტ სკეპტიკურობას და შესაძლოა ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც აქამდე არსებობდა, შემცირდეს.

რა არის გამოსავალი? საქართველოს უდიდესი გამოწვევები აქვს – ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პოლარიზაცია, სავარაუდოდ, 1990-იანების შემდეგ ასეთი ღრმა არასოდეს ყოფილა, ეკონომიკა სწრაფად არ ვითარდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. სად ხედავთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს?

მთავრობისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა ყურადღება არ მიაქციოს შეშფოთებულ ხმებს. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ვიცი, ეს კრიტიკა არაკომფორტულია მთავრობისთვის, მაგრამ ეს შეშფოთება მართლა საქართველოს მეგობრებისგან მოდის. ვფიქრობ, მთავრობამ ამ ხმებს ძალიან ფრთხილად უნდა მოუსმინოს, ჩაერთოს მათთან საუბარში. ვაშინგტონში ხშირად ჩამოდიან ქართველი ოფიციალური პირები. პარლამენტის სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას აქ იყვნენ. მათ აქ დიდ პატივს სცემენ და მათ ყურადღებით მოუსმინეს. თუმცა, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ იქნება უფრო მეტი პოლიტიკური ურთიერთობა ორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს შორის. ვფიქრობ, მთავრობამ ყურადღებით უნდა შეაფასოს საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობა. არ მგონია რამე სადავოს ვამბობდე. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც დიდი გავლენები აქვთ, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს განვითარებაში უკიდურესად დიდ როლს თამაშობს, მაგრამ მას არ აქვს არანაირი არჩეული პოზიცია. ეს არ არის მდგრადი პოზიცია. ეს არ არის გამჭვირვალე და ღია სიტუაცია. მთავრობამ მეტად უნდა მოუსმინოს იმას, თუ რა სურს ამომრჩეველს და ნაკლები დრო დაუთმოს იმაზე ნერვიულობას, თუ რას აკეთებს ოპოზიცია და კონცენტრაცია გააკეთოს ქვეყნის მართვაზე.

ბატონი ივანიშვილი, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ქვეყნის ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. მას, სავარუდოდ, ქვეყნისთვის კარგი უნდა. თუმცა, მმართველობის მეთოდი, რომელიც მას აქვს არჩეული, იმაზე მიუთითებს, რომ მიაჩნია, რომ მხოლოდ მან იცის რა არის კარგი ქვეყნისთვის. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს სიტუაცია?

წარმატებული ადამიანების მახე სწორედ ესაა, რომ რაღაც მომენტში ისინი ყველა ფიქრობენ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან როგორ გაართვან საქმეს თავი და რომ ისინი ფასდაუდებლები არიან. ზუსტად ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში. მარგარეტ ტეტჩერი, ზოგიერთის აზრით, იმაზე მეტ ხანს დარჩა ძალაუფლებაში, ვიდრე საჭირო იყო. აქედან წამოვიდა გამონათქვამი, “ყველა პოლიტიკური კარიერა მარცხით მთავრდებაო.” საიმისო დახვეწილობის ქონა, რომ იცოდე, როდის წახვიდე ან როდის გამოერთო დროებით, პოლიტიკური ლიდერებისთვის რთული გადასაწყვეტია.

არ ვაპირებ ბატონი ივანიშვილის მოტივების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რადგან მას საკმარისად კარგად არ ვიცნობ. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველო პატრიოტებითაა სავსე, რომლებსაც ქვეყნისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. მაგრამ როცა ასკვნი, რომ შენი ქვეყნისთვის საუკეთესო ის არის, რომ შენ და შენი პარტია ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩეთ, იმას ნიშნავს, რომ დაგავიწყდა რისთვის მოხვედი ხელისუფლებაში. “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ თავიდან აეცილებინა სააკაშვილის შეცდომები და გაეგრძელებინა საქართველოს განვითარება. ვხედავ, რომ ახლა ისინი იგივე შეცდომებს უშვებენ, როგორიც სააკაშვილის მთავრობამ ბოლო წლებში დაუშვა.

თქვენი აზრით, ეს დროებით ჩავარდნა საქართველოს დემოკრატიულ პროგრესში, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე იქონიებს გავლენას? არსებობს შეშფოთება, რომ იმ სკეპტიკოსებმა, რომლებიც აქამდეც თავს იკავებდნენ საქართველოსთვის ნატოში მხარი დაეჭირათ – მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, იტალია – შესაძლოა ახლა უფრო აქტიურად გამოხატონ სკეპტიციზმი.

საკუთარ სკეპტიკოსებს შენს წინააღმდეგ ამუნიცია თვითონ არ უნდა მისცე. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ეფუძნება. თუ ჩნდება შეხედულება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორიცაა, მაგალითად სასამართლო, გამოიყენება შერჩევითად და პოლიტიკურად მოტივირებული გზით, ეს, რა თქმა უნდა, ამ პრინციპებს აზიანებს. მე ყოველთვის ძალიან გულახდილი ვარ. ამიტომაც ვამბობ ამას, არ მგონია ამ წუთას ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის მარტივი, სწრაფი და გარდაუვალია. ამან შეიძლება საქართველოში ზოგიერთი ადამიანი წააქეზოს, რაც უნდა ის გააკეთოს, რადგან ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება შორი პერსპექტივაა. მაგრამ ნატოს და ევროკავშირს საქართველოსთვის უარი არ უთქვამს. კარი ისევ ღიაა. რა თქმა უნდა, სტრატეგიული კონტექსტი განსხვავებულია. ვიცი საქართველოსთვის ეს მარტივი არ არის, მაგრამ ქვეყანამ მოთმინება უნდა გამოიჩინოს მაშინაც კი, როცა დიდი პროგრესი აქვს. მაგრამ საქართველომ შეცდომები არ უნდა დაუშვას. საქართველომ უკუსვლა არ უნდა აჩვენოს, რა შემთხვევაშიც, ეს კარი კიდევ უფრო რთული გასაღები გახდება.

ამერიკიდან ყოველი წერილის გაგზავნასთან ერთად, ჩნდება შეხედულება, რომ ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. არის თუ არა ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა?

მე კატეგორიულად არ მგონია, რომ ეს ჩარევა იყოს. ის ვინც ერევა საქართველოს საქმეებში, რუსეთია. მოდით სრულიად მკაფიოდ ვთქვათ ის, რომ საქართველოში რუსეთი ერევა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოში არსებული ფრაგმენტაციით, დასავლეთთან გართულებული ურთიერთობით, შიდა კრიზისებით სარგებლობს, არის რუსეთი. ის, რასაც ამერიკა და ჩემი ქვეყანა აკეთებს ისაა, რომ მხარი დაუჭიროს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს – ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, ნატოსთან და ევროკავშირთან მეტად დაახლოვება.

საშუალება რომ გქონდეთ რამე ურჩიოთ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, რა იქნებოდა ეს?

ადამიანებმა, რომლებიც საქართველოდან მიცნობენ, იციან, რომ ჩემთვის ეს პერსონალურია. საქართველოში ელჩობის დროს, ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდი იმას, რომ არავის მხარეს არ ვიყავი. ვფიქრობ, საქართველოში ფსიქოლოგიური შეხედულებების შეცვლა უნდა მოხდეს. ყველამ უნდა მიიღოს ის, რომ კარგი ადამიანები მუშაობენ მთავრობაშიც და კარგი ადამიანები არიან ოპოზიციაშიც. და მათ უნდა შეძლონ თანამშრომლობა.

როცა საქართველოში ვიყავი, რეგულარულად ვურთიერთობდი როგორც მთავრობასთან, ასევე ოპოზიციასთან. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც არც მთავრობაში იყვნენ და არ ოპოზიციაში. ბევრი ძალიან კარგი ადამიანი იყო ამ ჯგუფებში. მაგრამ როცა ვინმეს ვეტყოდი, რომ მუშაობა მთავრობაში შეეძლო დაეწყო, ან დალაპარაკებოდა ოპოზიციის წარმომადგენელს, ამაზე რეაქცია ძალიან მყისიერი იყო – არა მაგას ვერ დაველაპარაკები, ეგ “ნაცმოძრაობის” წევრია, ან მეორე იტყოდა, არა იქ რა მინდა, ეგ “ქართული ოცნებააო”. ძალიან ხშირად, მათი სურვილები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. შეწყვიტეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, დაიწყეთ შეჯიბრი ქართველი ამომრჩევლის ხმების მისაღებად. შეწყვიტეთ ერთმანეთთან ბრძოლა, მოუსმინეთ მეორე მხარეს, გადით რაიონებში და მოუსმინეთ ქართველ ხალხს. უმუშევრობა, განათლება, ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, – ესაა თემები, რომლებზეც მათ უნდა იმუშაონ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა