თეგებით ძიება
21. 02. 2020 News-ები

\'\'ეს მავნებელი ჭირი ქვეყანას უნდა ჩამოვაშოროთ\'\' ბოკუჩავა ივანიშვილის ხელისუფლებაზე

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრაქტიკულად შეთანხმდნენ თბილისში ერთიან მაჟორიტარებზე. ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია რეგიონებშიც მაქსიმალურად ბევრ ოლქში დააყენებს საერთო კანდიდატს და პარტიები ერთმანეთს ხმებს არ წაართმევენ.

"ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ და კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების შემოთავაზება - 100/50. ეს არანაირი რეალური შემოთავაზება არ არის. ციფრებით ვაჭრობას არ ვაპირებთ" - განაცხადა ბოკუჩავამ და ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნებისმიერი მოდელით მოიგებს არჩევნებს.

"ოპოზიცია ვერ წააგებს ვერც ერთ შემთხვევაში და ვერც ერთ მოდელში, მოქალაქეებს ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ ეს მავნებელი ჭირი ქვეყანას უნდა ჩამოვაშოროთ. უნდა მოვიდეს კაოლიციური მთავრობა, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან" - ამბობს ბოკუჩავა.

შეგახსნებთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა კიდევ 3 წლით და 2 თვით დააპატიმრეს საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა.

ამასთანავე, დიალოგის შეწყვეტის შემდეგ, ოპოზიციამ 4 აპრილს მასშტაბური აქცია დაგეგმა, სადაც კონკრეტულ გეგმებს და სტრატეგიას გაასაჯაროებენ. ასევე 4 აპრილის მიტინგზე გაცხადდება, კონკრეტულად როგორ განაწილდებიან ოლქებში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები.

იქამდე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები რეგიონებში მოსახლეობას შეხვდებიან, სახელმწიფო შენობების პიკეტირებას მოახდენენ და აქციებს გამართავენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა