5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ
ახელ თვალებს და დროა ადგე... უამრავი რამ გაქვს გასაკეთებელი, თუმცა ჯერ მოიცა… კარგი დასაწყისი, ნახევრად გაკეთებული საქმეაო, ამბობენ. ყოველი დილა დასაწყისია. ყოველ დილით თავიდან იბადები… გეძლევა შესაძლებლობა უკეთესად აკეთო შენი საქმე. ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა და შენ ვერ იცხოვრებ პოზიტიური ცხოვრებით, თუკი ნეგატიური აზრებით იქნები სავსე.
ეს 5 მარტივი რამ, რაც ყოველ დილით საწოლიდან ადგომამდე უნდა გააკეთო, დაგეხმარება შენში არსებული ენერგია მთლიანად დადებითისკენ მიმართო და როცა უკვე ჩვევად გექცევა, გაიგებ, რას ნიშნავს, იყო ბედნიერი და წარმატებული:
გამოხატე მადლიერება
ყოველი ახალი დღე სიცოცხლისთვის მადლობის გადახდის მიზეზია. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც არაფერზე მეტი არსებობს და ვარსებობთ ჩვენ, საოცარი არსებები, საოცარი რეალობით. ჩვენ ვეჩვევით და გვავიწყდება, რამდენი რამ გვაქვს სამადლობელი. ნუ დაემსგავსებით იმ ხალხს, რომლებიც მხოლოდ მაშინ ხვდებიან რა სიმდიდრის პატრონები არიან, როცა მას კარგავენ. იყავით მადლიერი საკუთარი თვალებისთვის, იყავით მადლიერი ხელებისთვის, ფეხებისთვის, ჯოხისთვის, რომელსაც ეყრდნობით და სახეებისთვის, რომლებიც გიყვართ.
ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც გინდათ და არ გაქვთ, ამაზე ფოკუსირება არ ღირს. ეს მხოლოდ ტანჯვას მოგგვრით. ჩვენ ხშირად იმაზე ფიქრში, რაც არ გვაქვს, გვავიწყდება იმით სიხარული, რაც გვაქვს. ეს არასწორია. როგორც კი თვალებს გაახელ, აუცილებლად უნდა გაიხსენო ყველაფერი, რისთვისაც მადლობელი ხარ. გადაიხადე მადლობა, რომ სუნთქავ, რომ მადლობის გადახდა შეგიძლია.
ჩამოაყალიბე, რა გაქვს დღეისთვის განზრახული
საკუთარ აზრებს როგორც ჯადოქრობას ისე უნდა შეხედო, იგი შეიძლება იყოს ლოცვა და წყევლა. იგი თესლია, რომელიც აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. შენი აზრები ქმნიან რეალობას, შენი განზრახვების მიხედვით ხდება ყველაფერი. განზრახვებს გაცნობიერება სჭირდება, თორემ გაუცნობიერებელი განზრახვებით დაიწყებს მოქმედებას.
თუ გინდათ, რომ რამე მოხდეს, პირველ რიგში ეს საკუთარ გონებაში უნდა დავალაგოთ. არ შეიძლება საწოლიდან წამოხტომა და სახლიდან "მოუმზადებლად" გასვლა, როგორც წესრიგდებით გარეგნულად, ასევე უნდა მოიწესრიგოთ შინაგანი მდგომარეობაც. "ახლა ავდგები, დავივარცხნი ფიქრებს და ჩავიცვამ ბედნიერებას, ის ყველაზე მეტად მიხდება"… თან არც მოდიდან გადადის… დილიდანვე უნდა გადაწყვიტოთ, როგორი იქნება დღე და რას აპირებთ დღეს! თუნდაც ძალიან კონკრეტული გეგმებიც შეგიძლიათ დაისახოთ.
5-ჯერ ჩაისუნთქე და ამოისუნთქე ღრმად
სუნთქვაა ის, რაც სულის სახით შთაგვბერეს, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ ვსუნთქავთ. მას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. გაცნობიერებული სუნთქვის მეშვეობით ცნობიერების სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე ადიან ადამიანები, იქ სადაც საკუთარი ცხოვრების ოსტატი შეგიძლია გახდე.
ისუნთქე ღრმად და ნელა. იგრძენი, რომ სუნთქავ, იგრძენი როგორ ქრება შენი დაძაბულობა და სტრესი, როგორ ამოაქვს სუნთქვას ტოქსიკური ენერგია შენი სხეულიდან და თავისუფლდები. მეტი სტიმულისთვის საწოლთან შეგიძლიათ სურნელოვანი რამეები დადოთ, მაგალითად, ევკალიპტის ზეთი ან რამე ამგვარი. ეს რეფრეშია.
გაიღიმე უმიზეზოდ - თუნდაც სახის კუნთების ასამუშავებლად
ღიმილი ყველაზე დიდი საჩუქარია. ძალიან რთულია, ბრაზობდე ან უკეთ არ იგრძნო თავი, როცა გაიღიმებ. ამ დროს, გინდათ თუ არ გინდათ, სეროტონინი და ენდორფინები გამომუშავდება ტვინში, რომელიც მელანქოლიას კურნავს. იგი ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ამაღლებს განწყობას. უფასო წამალი და ენერგიის წყარო თან გაქვთ. ნუ დაიზარებთ. ადვილია!
აპატიე გუშინდელი შეცდომები
არავის უცხოვრია იდეალური ცხოვრებით. იდეალური წარმოსადგენადაც კი მოსაწყენია. ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს. აბსოლუტურად ყველა… უკლებლივ! და ყველანი ვნანობთ რაღაც მოქმედებებს, სიტყვებს, რეაქციებს. თქვენ პატიება უნდა მოახერხოთ, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის პატიება და მერე სხვებისთვის. ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია. ვერავინ შეცვლის წარსულს და იკმარე ერთი შეცდომა, შეგიძლია შეცვალო აწმყო და წარსულზე დარდი უკვე დამატებითი შეცდომაა.
მარადიული მხოლოდ ცვლილებებია, გარდაქმნები. ჩვენ გამუდმებით ვიცვლებით, ვაცნობიერებთ თუ არა ამას. ჩვენ არ ვართ გუშინდელი ჩვენი თავი, ჩვენ არ ვართ ერთი წლის წინანდელი ჩვენი თავი. საკმარისზე მეტად იტანჯე? იმაზე ფიქრით მაინც ნუღარ დაიტანჯავ თავს, რომ იტანჯე. მიიღე, როგორც გაკვეთილი და გზა განაგრძე. ჩვენ გამუდმებით უნდა ვიაროთ წინ, თორემ უკან დახევა მოგვიწევს, რადგან ერთ ადგილზე გაჩერება შეუძლებელია - ასეთია ჩვენი სამყაროს კანონზომიერება.
წყარო:astrologi.ambebi.ge