თეგებით ძიება
03. 08. 2020 News-ები

"ნათელ მხარეს ვარ, ვაპირებ, გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ სპეციალურრი ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის "ნათელ მხარესაა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება".

"ვაპირებ, გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი მიზნისთვის, რომ აღარც ერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმა-პურის ძიება და ამისთვის ვაპირებ, რომ მთელი საქართველო შემოვიაროთ"- ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, 8-წლიანმა გამოცდილებამ კონკრეტულად აჩვენა, რომ ერთპარტიულ ინტერესს კი არა, ხალხის ინტერესს აქვს მნიშვნელობა და მორალური კომპასიც სწორედ ეს არის.

„ერთი კვირის წინ ჩვენ დავაფუძნეთ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დავიწყეთ კამპანია იმ მიზნით, რომ დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და დავამარცხოთ სიღარიბე ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული სტრატეგია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის აღმშენებლობის სტრატეგია, რომელიც ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანს. 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ტექნოპარკებით, IT-ქალაქებით, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებით. სესხებზე პროცენტის განახევრება, პენსიონრებისთვის პროცენტის ჩამოწერა დეკემბერშივე, ბიზნესისთვის ხელშეწყობა და მილიონამდე დღგ-ს გადასახადის გაუქმება, წამლების გაიაფება 30%-ით და რაც მთავარია, სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ და სწორედ აქ ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანები. ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში.

მე მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მინდა მივმართო მას, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე, ერთანობასა და ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთის. ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების პარტიამ“ საქართველოში შემოიტანა. გამარჯვებისა და ქვეყანაში სწრაფი ცვლილებებისთვის ჩვენ გვჭირდება არა ერთპიროვნული ან ერთპარტიული სისტემა, ამით ვერ დავამარცხებთ იმ „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“, რომელმაც უმძიმეს ვითარებაში ჩაგვაყენა, არამედ გვჭირდება ერთმანეთთან თანამშრომლობა, საერთო ოპოზიციური ფრონტი, რომლითაც უნდა დავარწმუნოთ ჩვენ მოქალაქეები, რომ საქართველოს აქვს მომავალი“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციიდან „ძალა ერთობაშია“ გიორგი ვაშაძის გასვლას „ბნელ მხარეს დგომად“ აფასებს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის თამაშია, რომ ოპოზიცია დაშალოს.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა