თეგებით ძიება
25. 09. 2020 News-ები

ვინ ცდილობს ოპოზიციური ფლანგის ერთიანობის დარღვევას და რატომ?! – "დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ ექსპრეს ანალიზი

„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა შემდეგი განცხადება:

„ამ ბოლო დროს, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ნათლად გამოიკვეთა რამდენიმე პატარა პარტიის გარკვეული პრეტენზიები მთავარი ოპოზიციური ძალის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ. როგორც ცნობილია, ენმ -მ და მიხეილ სააკაშვილმა კარგა ხანია შექმნეს ოპოზიციური პარტიების ალიანსი - „გაერთიანებული ოპოზიცია“ და პრაქტიკულად ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შესთავაზეს ოპოზიციური ალიანსის გაფართოება რათა საარჩევნოდ შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი. ზოგიერთმა პარტიამ (მაგ.: ევროპული საქართველო, გირჩი, გიორგი ვაშაძე) არ მიიღო ეს შეთავაზება და ბრძოლის საკუთარი სტრატეგია აირჩია, რისი ლეგიტიმური უფლებაც მათ რა თქმა უნდა ჰქონდათ. ამ პარტიებმა ენმ -ს შესთავაზეს წინადადება, რომ ისევე როგორც ეს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში მოხდა, რეგიონებშიც მომხდარიყო ერთიან ოპოზიციურ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, რაზეც ბუნებრივია უარი მიიღეს და ესეც რა თქმა უნდა ჩვეულებრივი, ლეგიტიმური გადაწყვეტილება იყო. ამას მოჰყვა ენმ -ს მიმართ სერიოზული პრეტენზიები:

ამ პატარა პარტიებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საერთო ოპოზიციური სტრატეგიის ჩაშლაშიც კი დაადანაშაულეს!

ენმ -ის წინააღმდეგ ასეთი პრეტენზიები წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციური ფლანგის დამაზიანებელ დიდ პრობლემად არც ჩაითვლებოდა, თუ აღნიშნული პარტიები აღარ გააგრძელებდნენ ენმ - ს მიმართ საკუთარი მოთხოვნების დაძალებას და თუ მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას არ გადააქცევდნენ საკუთარი პარტიების მთავარ წინასაარჩევნო სტრატეგიად, რისი ნიშნებიც აშკარად იკვეთება. ენმ-ის მიერ რეგიონებში მაჟორიტარული ოლქების არდათმობა მათ ოპოზიციის ღალატად გამოაცხადეს, ამაში პერსონალურად დაადანაშაულეს სააკაშვილი და მერაბიშვილი (??) და

ეს ყველაფერი მონათლეს დიდ „უსამართლობად“, ოპოზიციური სტრატეგიის ღალატად და სააკაშვილის მიერ ძალაუფლების მიტაცების მცდელობად. ამით ივანიშვილი და სააკაშვილი მათ ერთ სიბრტყეში დააყენეს. ორივე მიუღებლად და ქვეყანაში დემოკრატიის საფრთხედაც კი გამოაცხადეს!?

ამ „გაუგებრობაზე“ აღნიშნულმა პარტიებმა არაერთი განმარტება მიიღეს ენმ -ის ლიდერებისგან, მაგრამ ისინი არ ცხრებიან, კვლავ განაგრძობენ „აღშფოთებას“ და თუ სიტუაციას უფრო ღრმად ჩავხედავთ, მათ სანერვიულო სწორედაც რომ აქვთ. ყველამ კარგად იცის, რომ ივანიშვილმა, თავისი „შუა უნდა გაიკრიფოს“ პოლიტიკით, ქვეყანაში 2012 წელს ჩამოაყალიბა ე.წ. ორპოლუსიანი დაპირისპირების სისტემა და ეს ორპოლუსიანი სისტემა დღემდე მუშაობს. მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის თეორიული შესაძლებლობა რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს, მაგრამ გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის ძნელი დასანახი სულაც არ იყო, რომ მისი შექმნის რესურსები, დრო და შესაძლებლობა ამ კონკრეტულ სიტუაციაში რეალურად ძალიან ნაკლებად ალბათური იყო. სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილის წინადადება, რომ გაკეთებულიყო მაქსიმალურად ფართო ოპოზიციური ალიანსი და ივანიშვილის რეჟიმი დაემარცხებინათ არსებული ორპოლუსიანი სისტემის ფარგლებში, იყო არამხოლოდ „გულუხვი“ შეთავაზება პატარ-პატარა პარტიების მიმართ, არამედ ამ კონკრეტულ მოცემულობაში ეს იყო (და არის) ნამდვილად სწორი, გამჭრიახი სტრატეგია. სამწუხაროდ ზოგიერთმა პატარა, ახალშექმნილმა პარტიამ არასწორი სტრატეგია აირჩია და ისინი ჯიუტად ცდილობენ ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრის შქმნას. გრძელვადიან პერსპექტივაში, მათი ეს მცდელობა რა თქმა უნდა ცუდი სულაც არ არის, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ობიექტურ მიზეზთა გამო, ისინი რა თქმა უნდა განწირული არიან დამარცხებისთვის. სხვათაშორის, მათ ეს კარგად დაინახეს საზოგადოებრივი აზრის კვლევების მონაცემებიდანაც (მაშინ, როცა არჩევნებამდე დარჩენილია ერთ თვეზე ოდნავ მეტი) და მათი გაღიზიანების მთავარი მიზეზი ალბათ სწორედ აქ უფრო უნდა ვეძებოთ.

ამ პატარა პარტიების საყურადღებოდ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან სუსტია მათი „არგუმენტები“, როცა ყველაზე დიდ და ძლიერ პარტიას პირდაპირ აშანტაჟებენ გაცილებით მცირე პარტიები და მოითხოვენ მისგან მაჟორიტარული ოლქების დათმობას, პრემიერ მინისტრობის კანდიდატის დასახელების დათმობას და ა.შ. სრულიად ნათელია, რომ თუ ეს პატარა პარტიები არჩეულ მცდარ სტრატეგიას სასწრაფოდ არ შეცვლიან და არ შეწყვეტენ ენმ -ს მიმართ არარეალურ, უსამართლო პრეტენზიებს, მაშინ დიდი ალბათობით იმ მაჟორიტარულ ოლქებშიც წააგებენ, რომელიც გონივრული შეთანხმების საფუძველზე დაუთმო მათ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

არის კიდევ ერთი ფუნდამენტურად მცდარი აქსიომა, რომელსაც ეყრდნობიან ეს პატარა „განაყოფი“ პარტიები. ისინი რატომღაც დარწმუნებული არიან, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია, მათ გარეშე, მარტო ვერასოდეს ვერ მოუგებს ქართულ ოცნებას. ცხადია მათი პროგნოზების მცდარობა დროში მოვლენების არასწორ ექსტრაპოლაციაში მდგომარეობს და აქ წინა წლების არჩევნების შედეგებზე აპელირება უბრალოდ არარელევანტურია, რადგან ივანიშვილის რეჟიმი მუდმივად დაღმავალ მრუდზე მოძრაობს და უკვე ამომრჩეველთა უმრავლესობამ კარგად იგრძნო, რომ ოლიგარქის ხელში ქვეყანას განვითარების და კეთილდღეობის პერსპექტივა არა აქვს.

ქვეყანაში შექმნილ ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში, ვფიქრობ ძალიან გაიზარდა იმის ალბათობა, რომ ბოლო მომენტში შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში შექმნილი ძალიან მძლავრი საპროტესტო მუხტის მატერიალიზაცია. ასეთ დროს, როგორც წესი, ხდება პროტესტის გამოხატვის ზვავისებურად ზრდა, პროცესების მკვეთრად მობრუნება მთავარი ოპოზიციური ძალის ცენტრისკენ და მიხეილ სააკაშვილის პარტიამ შეიძლება გაიმარჯვოს არარეალური ამბიციების მქონე პატარა ოპოზიციური პარტიების გარეშეც. ამის ალბათობა ვფიქრობ გაცილებით მაღალია, ვიდრე ის, რომ დარჩენილ ერთ თვეში შეიქმნას მესამე პოლიტიკური პოლუსი და მათ სააკაშვილის გარეშე დაამარცხონ პრორუსული ოლიგარქი და მისი არაფორმალური რეჟიმი.

ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მცირე პარტიები მეტ თავშეკავებას გამოიჩენენ, კორექტირებას გაუკეთებენ ოპოზიციური ფლანგის დამაზიანებელ აგრესიულ სტრატეგიას და არ დაწვავენ იმ ხიდებს, რომელიც მთელ ოპოზიციურ ფლანგს ძალიან დასჭირდება არჩევნების შემდგომ - კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში.“



წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა