თეგებით ძიება
01. 10. 2020 News-ები

"წარმატებული ქართული მოდელი" არ არსებობს, "ქართული მოდელის" წარმატებული პიარი ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს -ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გაუარსესებულ ეპიდიტუაციას და მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს ეხმაურება.

ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის პოლიტიკა ეპიდემიასთან საბრძოლველად მხოლოდ არჩევნებსა და პოლიტიკურ პიარზე იყო გათვლილი.

ჭიაბერშვილის თქმით, ახლა მთავრობას რესურსი პანდემიასთან საბრძოლველად ამოწურული აქვს და ვირუსის შეჩერება მხოლოდ ადამიანების კეთილგონიერებას შეუძლია.

„კორონაზედ.

1. ვირუსთან თანაცხოვრება არ ნიშნავს "ფეხებზე დაკიდებას".

9 მარტს (იხილეთ ჩემი მაშინდელი სტატუსი), როდესაც ფრაზა "ვირუსთან თანაცხოვრება" ვიხმარე, თავს დამესხა მთელი სამთავრობო პროპაგანდა და მის ფეხის ხმას აყოლილი ქოცობა, რომელმაც დრო იხელთა, რომ COVID-ის მართვის "წარმატებული ქართული მოდელის" გაპიარება დაეწყო.

დღეს ეს სამთავრობო პროპაგანდის საკვანძო ფრაზაა, ოღონდ ქოცურად - გაგებით მოვეკიდოთ ყველაფერს.

2. სამწუხაროდ, რაც დრო გავა, მით უფრო ნათელი გახდება, რომ არანაირი COVID-ის მართვის "წარმატებული ქართული მოდელი" არ არსებობს. "ქართული მოდელის" წარმატებული პიარი ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს.

3. როგორც იქნა, პროტოკოლები უახლოვდება იმ სტანდარტს, რაც მსოფლიო პრაქტიკაა და რაც აქამდეც უნდა გვქონოდა. ოღონდ მთავრობას ამ ცვლილებისაკენ უბიძგა გაუარესებულმა სტატისტიკამ და არა მოქალაქეების ინტერესმა. მაგალითად, უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ბინაზე, თვითიზოლაციაში მკურნალობის აუცილებლობის შესახებ მთავრობას ვეუბნებოდით გაზაფხულზევე.

4. დღეს მთავარი ამოცანებია:

- ხანდაზმულებისა და სხვა რისკ-ჯგუფების იზოლაცია.

ის, რომ ბათუმისა და წნორის ხანდაზმულთა სახლებში ვირუსმა შეაღწია, მთავრობის "წარმატებულ" მენეჯმენტზე მეტყველებს.

- სამედიცინო პერსონალის დაცვა დაინფიცირებისგან.

აქაც უმძიმესი მდგომარეობაა.

- მოქალაქეთა არა "დამშვიდება", რომ ყოველ გარდაცვლილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, არამედ სათანადო ინფორმირება და გაფრთხილება, როგორ დავიცვათ თავი და, რაც მთავარია, ჩვენი ოჯახების რისკ-ჯგუფებში შემავალი წევრები.

მთავრობის საინფორმაციო კამპანია კრიტიკას ვერ უძლებს. საზოგადოების მხრიდან საფრთხის არასაკმარისი შეგრძნება დიდწილად ამის შედეგია.

5. გაზაფხულზე გაფრთხილების მიუხედავად (22 აპრილს ამაზე ფბ-ზეც დავწერე), მთავრობამ არ დაარეზერვა საკმარისი რაოდენობის სეზონური გრიპის ვაქცინა. ესეც "წარმატების" მაგალითი.

6. სამწუხაროდ, გახარიას მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი - ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური - გაზაფხულზე ამოწურა.

მთავრობას არც ჰქონია გრძელვადიანი გათვლა. მათი "სტრატეგია" იყო: არჩევნებამდე მივიდეთ და მერე რაც იქნება, იქნება.

ამ ფონზე ვირუსი კრეფს გავრცელების სიჩქარეს და ამის შენელება მხოლოდ ჩვენს კეთილგონიერებას შეუძლია: პირბადე, ჰიგიენა, დისტანცია.

გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.” - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა