რა არის თვალის ცემა და როგორ გავთავისუფლდეთ ავი თვალისგან?
ყველას სმენია „ავბედით თვალზე“, რასაც ძირითადად, ბოშებს, კუდიან დედაბრებსა და ჯადოქრებს მიაწერენ. მაგრამ, მტერი ყოველთვის სხვაგან როდი უნდა ეძებო. ზოგჯერ ადამიანი თავადვე ვნებს საკუთარ თავს.
ბევრს მიაჩნია, რომ გათვალვა – ეს ნეგატიური ენერგეტიკული ზეგავლენა მხოლოდ სხვებისგან მოდის. მაგრამ, არსებობს თვითგათვალვაც და როგორც დასახელებიდან ჩანს, მისი წყარო თავადვე ვართ. გათვალვა თუ წყევლა ზღაპრები სულაც არ არის – სავსებით რეალური მოვლენებია, რაც უმეტესობას არაერთხელ უწვნევია საკუთარ თავზე. ზოგი სხვა რომ გათვალოს, შავ მაგიას მიმართავს, ზოგიც შემთხვევით თარსავს სხვას და ამაში გასაკვირი არაფერია: უარყოფითი აზრები ენერგეტიკულ ნაგავს იზიდავს, რაც სამყაროს ენერგეტიკულ ცენტრს ბლოკავს. რა არის თვითგათვალვა, რა ნიშნებით ამოიცნობა და როგორ დავიცვათ მისგან თავი,
ამ შეკითხვებით ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგს მივმართეთ:
– თვითგათვალვაა, როცა საკუთარი თვალი „გთარსავს“ და ეს შეიძლება, ეხებოდეს ნებისმიერ რამეს: გარეგნობას, ფულს, სამსახურს, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას... ეს არის ნეგატიური პროგრამა, რომელიც ჩვენგანვე მოედინება და მისი დამახასიათებელი ნიშნებია: გუნება-განწყობის უმიზეზო ცვლილება, როცა, იმისდა მიუხედავად, თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ხასიათი საშინალად გიფუჭდებათ; კარგავთ სასიცოცხლო ძალას, განიცდით დეპრესიას, დაღლილობას, გამოუძინებლობას, ფიზიკურ გადაღლას, შფოთვას. თვითგათვალვისას მუდმივად რაღაც ცუდის მოლოდინი გაქვთ; გამუდმებით ფიქრობთ, რომ წუთი წუთზე რაღაც უსიამოვნება მოხდება.
როგორ გავარკვიოთ, რაც მოხდა, თვითგათვალვის შედეგი რომაა?
ერთია, როცა ყველაფერი ხდება პირიქით: ელი კარგს და მოხდება ცუდი. მაგალითად, გოგონა ფიქრობს: „უკვე აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ავად“, – მეორე დღეს კი მაღალი ტემპერატურით იღვიძებს. მეორეა, როცა ელი ცუდს და ხდება კარგი. მაგალითად, მამაკაცს ეშინოდა სამსახურის დაკარგვის და ყველასთან ამაზე წუწუნებდა. მაგრამ, როცა საწარმო დაიკეტა, ყოფილმა მეპატრონეებმა ის ახალ ფირმაში მიიწვიეს სამუშაოდ. სიტუაცია კარგად გადაწყდა, თუმცა ესეც თვითგათვალვაა. არის კიდევ მხოლოდ ნეგატიური სქემა: როცა ნებისმიერი მოვლენა მიდის ნეგატიურ ასპექტში. მაგალითად, გხვდებათ ნაცნობი და კითხვაზე: „როგორ ხარ?“ პასუხობთ, რომ კარგად. ამით თქვენი პრობლემების პროვოცირებას ახდენთ. თუმცა პასუხი დადებითიც რომ ყოფილიყო: „კარგად ვარ“, – ვერც ამით აიცილებდით თავიდან ნეგატივს. სამყაროში ყველაფერი გაწონასწორებულია და თუ რამეს ამ მდგომარეობიდან გამოჰყავს, ცდილობს, წონასწორობა აღიდგინოს. ამის დარღვევას კი იწვევს როგორც ბედნიერება თუ ტრაბახი, სიხარული თუ ბრაზი – არ აქვს მნიშვნელობა დადებითია თუ უარყოფითი ემოცია: მკვეთრი გადახვევა აქეთ-იქით სულ „ძმრად გედინებათ ცხვირში“, რაც უსიამოვნებებისა თუ სირთულეების სახით იჩენს თავს.
რა იწვევს თვითგათვალვას?
მიზეზი სხვადასხვაა:
ნეგატივის არსებობა, როცა ადამიანი, ძველი საგვარეულო ჯადოს გავლენით, თითქმის დაბადებიდანვე აგროვებს ნეგატივს: ბავშვს რეგულარულად აქებენ „თარსი“ მეზობლები; ნაცნობებს შურთ მისი ოჯახის ბედნიერების; აშკარა მტრები კი ყველანაირი უბედურებისთვის იმეტებენ... ასეთი დესტრუქციული პროგრამით ცხოვრობს ის და თვითგათვალვაც შინაგანი ნეგატივის შედეგია, რაც ხარისხიანი განწმენდით ქრება.
მაგიური ნიჭი – ჯადოქრობაში არსებობს უკუგება – ერთგვარი სასჯელი სამყაროს ენერგეტიკულ ბალანსში ჩარევისთვის. რიტუალის ჩატარებით მაგი ზეგავლენას ახდენს არსებულ მდგომარეობაზე, ზოგს კი ისე აქვს განვითარებული ეს უნარი, რომ რიტუალებიც არ სჭირდება, საკმარისია, გაიფიქროს ან ახსენოს რაიმე... თუმცა, ამის გამო სათანადოდ ხვდება კიდეც „ცხვირში“, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ასეთ სიტუაციაში თვითგათვალვა არის მხოლოდ სამყაროს ცდა მოიცილოს ჭარბი პოტენციალი. რჩევა ერთია: ისწავლეთ საკუთარი ნიჭის მართვა.
სამყაროს უხილავ არსებათა შეგრძნება – ადამიანის გარშემო არცთუ ცოტა წამომადგენელი „დაბორიალობს“ სხვა რეალობიდან: ზოგი შემთხვევითი „გამვლელია“, ზოგიც – კონკრეტულ პირზე „მიკრული“ სისხლის ან რაიმე რიტუალის საშუალებით. სწორედ მათ „ძალუძთ“ თავის ჭკუაზე ატარონ ობიექტი. ყველაზე იოლი მეთოდი კი, გაიგო თვითგათვალვის მიზეზი ასეთია: ჩამოასხით ცვილი და თუ ნაღვენთი სუფთაა, ეს იგი, ნეგატივი არ არის, პრობლემა ადამიანის პირადი ენერგეტიკის თავისებურებიდან მოდის, რომლის არსზეც მიუთითებს პორტრეტები – სილუეტები ცვილზე.
როგორ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან?
სხვადასხვა მეთოდით, რომელთა შორისაა: აფირმაცია – ანუ მუდმივად გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ ხართ წარმატებული, ლამაზი, ბედნიერი, საყვარელი. ეს სიტყვები შემდეგ აზრებად იქცევა, რაც საბოლოოდ რეალიზდება კიდეც. მეორე მეთოდია მედიტაცია – საკუთარ თავში ჩაღრმავება. აუცილებელია, ისწავლოთ საკუთარ ცნობიერებასთან შერწყმა და ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბუდისტური მედიტაცია. მესამე მეთოდი კი ფიზიკური ვარჯიში, აქტივობაა. ამ ყველაფერთან ერთად, მუდმივად გახსოვდეთ, რომ არაფერი დაგეგმოთ 100-პროცენტიანი გარანტიით. როგორ ლამაზადაც უნდა გეხატებოდეთ მომავალი და ტკბებოდეთ შედეგით, აუცილებლად დაიტოვეთ მოლოდინი იმისა, რომ შეიძლება, გეგმა ვერ განხორციელდეს. რაც უფრო მძაფრია წარმატების მოლოდინი, მით უფრო გარდაუვალია მარცხი. ნუ გადავარდებით უკიდურესობაში – ნუ იფიქრებთ, რომ ისეთი იღბლიანი ხართ, რომ ყველაფერი გამოგივათ. ასეთ შემთხვევაში იღბალი ზურგს გაქცევთ და შეიძლება, თვითგანადგურებამდეც კი მიხვიდეთ. ხომ გაგიგიათ: ენა ჩემი მტერიაო. არ იტრაბახოთ საკუთარ თავთანაც კი, რომ არაფერი ვთქვათ, სხვების თანდასწრებით ყოყლოჩინობაზე. ნუ გაანდობთ სხვას დასახულ გეგმებს, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ არის, ხშირად ახსენეთ, რომ გეეჭვებათ მისი განხორციელება: გამოიყენეთ სიტყვები – ალბათ, შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში და სხვა. ასევე, დიდხანს ნუ მიეცემით საკუთარი გამოსახულებით ტკბობას სარკეში, თორემ იავადმყოფებთ. არ დააჯეროთ თავი და მით უმეტეს სხვებს არ მოუყვეთ, საქმეში წარმატებისა თუ არარსებული შეყვარებულის შესახებ... მოკლედ, დააბალანსეთ ოცნებები.
თავად თუ შეგვიძლია რომელიმე რიტუალის საშუალებით თვითგათვალვის მოხსნა?
რა თქმა უნდა და ამისთვის დაგჭირდებათ: სამი წყაროდან აღებული წყალი (შეიძლება სხვადასხვა ონკანიდანაც); ახალი თეთრი ცხვირსახოცი; ახალი ლურსმანი, რომელიც წინასწარ 3 დღე მარილიან წყალში იდო. დაელოდეთ გვიან ღამეს. დაიდგით წყალი წინ და საათის ისრის მიმართულებით მოურიეთ ლურსმნით, თან გაიმეორეთ: „მოხუცი მიდიოდა, გაითვალა, მაგრამ თვითონვე მოიხსნა ის და გზა განაგრძო. მეც ასევე მოვიხსნი ავ თვალს და ისე გავნაგრძობ გზას, რომ უკან არც კი მოვიხედავ, არასდროს დავნებდები.“ ლურსმანი დააგდეთ ჭურჭლის ფსკერზე, ამოიღეთ იქიდან პეშვით ცოტა წყალი და დალიეთ. მერე იმავე სითხეში ცხვირსახოცი დაასველეთ და სახე გაიწმინდეთ. თან, შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: „რაც თავს დავმართე, ამით მოვიწმენდ – სახიდან ფრჩხილებამდე, სხეულიდან სულამდე, მუხლიდან იდაყვამდე.“ დარჩენილი წყალი გამხმარ ხეს დაუსხით ძირში. ცხვირსახოცი კი დაწვით ან მიწაში ჩაფალით.
წყარო