7 ხერხი, როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს
ფსიქოთერაპევტი შონ გროვერი, რომელიც მოზარდების საკითხებზე მუშაობს, საინტერესო სტატიას გთავაზობთ, თუ როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს საკუთარი პრობლემების გადაჭრაში.
“ძალიან გაბრაზებული ვარ. არ ვიცი, რატომ. ხანდახან, გაბრაზებული ვიღვიძებ, ხანაც - შემომეპარება. არ მომწონს. მინდა, არ ვიყო გაბრაზებული, მაგრამ ვარ. ვერაფერს ვუშვები.”
ყოველი დღე ციხეა. დამწყვდეული ვარ ამ ცვალებად სხეულში და ვიმეორებ ერთ დღეს ისევ და ისევ. მთელი ჩემი ცხოვრება შედგება იმ რაღაცებისგან, რისი გაკეთებაც აუცილებელია და არა, რისი გაკეთებაც მინდა. საკონტროლოები, გამოცდები, დავალებები, თემები, პროექტები - მთელ დღეებს ვატარებ იმ ხალხთან, ვისთანაც მომისაჯეს: ჩემნაირ თინეიჯერებთამ, რომლების ისეთივე არეულები არიან, როგორც მე.
ხანდახან სკოლაში მაწყენინებენ - მასწავლებლები, დირექტორი, სასწავლო ნაწილი, დამრიგებელი, მაგრამ, ყველაზე ხშირად, სხვა მოსწავლეები. ამას არ გეუბნები, რადგან მრცხვენია, რომ გულნატკენი ვიყო. არ მინდა, რომ შენ იცოდე, როგორ ვიტანჯები მუდმივად.
მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დიდ “არ მინდად” გადაიქცა. არ მინდა გაღვიძება. არ მინდა დაწოლა. არ მინდა სკოლაში. არ მინდა… არ მინდა… არ მინდა!
არ მახსენდება არცერთი რამე, რაც მინდა, ძილის გარდა. ერთადერთი დრო, როცა არ ვისტრესები, არ ვნერვიულობ და ნერვები არ მეშლება.
ხანდახან ჩემ ოთახში ვიმალები და უსასრულოდ ვუყურებ სერიალებს, YouTube-ს ან უშინაარსო ვიდეოებს იმიტომ, რომ ჩემ ფიქრებს ვერ ვუძლებ. მინდა რომ ჩემი თავი გავართო და ჩემი თავი დავავიწყო. გიჟურად ჟღერს, არა?!
“დიახ! ვიცი, რომ ჩემი ოთახი საშინლადაა არეული”. სწორედ ასე მომწონს - ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ჩემი შინაგანი სამყარო. და, ძალიან გთხოვ, ნუ მეკითხები, “რა მომივიდა” იმიტომ, რომ არ ვიცი! არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს გრძნობები და ემოციები.
ვიცი, რომ ჩემზე ბრაზდები, ვერ გაგამტყუნებ. შენთან ლაპარაკი შევწყვიტე. ხანდახან, ძალიან საწყენ რამეებს გეუბნები, საშინელ რამეებს. ყველაფერს შენ გაბრალებ, გლანძღავ, გიშორებ თავიდან. ხანდახან რაღაცეებს ვლეწავ, რადგან შიგნით ყველაფერი დალეწილი მაქვს.
ყოველთვის ასე არ ვიყავი. ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, დაწყებით კლასებში ბედნიერ ბავშვს ვხედავ, რომელიც სულ კარგ ხასიათზე იყო, რომელსაც უყვარდა ცეკვა და სიმღერა, ცელქობა და რომელსაც არ ადარდებდა სხვების აზრი.
მგონია, რომ ის ბავშვი მოკვდა.
მინდა რაღაც გითხრა, რაც ძნელი გამოსათქმელია. მომისმინე, გეხვეწები, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია: არ დანებდე, ჩემზე ხელი არ ჩაიქნიო. არ შეგჯავრდე, როგორც მე მეჯავრები. ძალიან მჭირდება, რომ შენ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მე. შენ უნდა იყო ჩემი მშობელი იმის მიუხედავად, რომ მე ვამბობ, რომ არ მჭირდები. მჭირდება, რომ ჩემზე მეტი მოთმინება გქონდეს, მეტი გაგება, მეტი მიღება. მაშინაც, როცა გიყვირი და მაშინაც, როცა გეუბნები, რომ მძულხარ, მე მჭირდება, რომ შენ გიყვარდე!
მე რომ შემეძლოს, გითხრა, როგორ დამეხმარო, აი, რას გეტყოდი:
1. მომეცი გასაქანი. ნუ შემომივარდები ჩემ ოთახში, ნუ მომიმწყვდევ კუთხეში და ნუ წამომიყენებ მოთხოვნებს. მე არ მაქვს პასუხები. როცა შენ მაწვები და მიყვირი, მე კიდევ უფრო ცუდად ვგრძნობ თავს. მე გასაქანი მჭირდება.
2. ნუ მიყვირი. ჩემ თავში ისეთი ხმაურია, რომ ჩემი აზრებიც ძლივს მესმის ხანდახან. ამას ვერ ვუძლებ, როცა შენ მიყვირი, მე კიდევ უფრო ცუდად ვარ. მგონია, რომ არავის ვუყვარვარ და ყველასთვის დიდი იმედგაცრუება ვარ.
3. ჩამომართვი ელექტრონიკა. დამეხმარე, რომ დავეხსნა. არა. არ შემიძლია, რომ ტელეფონს თავი დავანებო და დავდო. ძალიან შეგეწინააღმდეგები, მაგრამ შენ უნდა დამაძალო, რომ ხანდახან მოვეშვა. შენი დახმარება მჭირდება. ნუ შეეცდები დამარწმუნო. იმოქმედე.
4 წამიყვანე სადმე, წყნარ ადგილას. მე გეუბნები, რომ შენთან საერთო არაფერი მინდა, მაგრამ შენ თუ წყნარ ადგილას წამიყვან, სადაც ერთად ვისეირნებთ და არ ვიდავებთ, სადაც მზეს, ხეებს და ქარს ვიგრძნობ, სადაც შემიძლია ვისუნთქო და ყველაფერი ის დავივიწყო, რაც მაწუხებს, მე მგონი, მომეწონება. რომც არ ვისაუბროთ, მე კომფორტულად ვიქნები.
5. შეწყვიტე ჩემი განებივრება. ნუ მჩუქნი და მიყიდი ყველაფერს. რაც მეტს მომცემ, მეტად შეგეწინააღმდეგები. მე მინდა რომ დავიმსახურო ნივთები. ეს მეხმარება, რომ დიდად ვიგრძნო თავი. მინდა ვისწავლო, როგორ დავზოგო, დავხარჯო, გავაზიარო ფული. და ამას ვერაფერს ვისწავლი, თუ შენ სულ მომცემ და ყველაფერს შემისრულებ. მე არ მინდა ვგრძობდე შენზე დამოკიდებულებას. გეხვეწები, დამეხმარე, გავხდე დამოუკიდებელი.
6. მიპოვე ვინმე დამლაპარაკებელი. ვინმე მჭირდება, ვისაც მივბაძავ, მაგრამ არა შენ. მჭირდება მისაბაძი მაგალითი, პიროვნება, ვისაც ჩემი სჯერა, ვინც მომაწვება და გამიგებს. მენტორი, მასწავლებელი, მწვრთნელი, ფსიქოლოგი. ვინმე, ვინც იმედს მომცემს, როცა გამითავდება.
7. მითხარი, რომ გიყვარვარ. მე თავს ისე ვიჭერ, თითქოს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ძალიან მჭირდება, რომ გავიგო სიტყვა “მიყვარხარ”. სწორეს ახლა. რადგან მე არ მიყვარს ჩემი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებას გირთულებ და ხანდახან ჯოჯოხეთად გიქცევ, მჭირდება, რომ ვუყვარდეთ. განსაკუთრებით, შენ,
მგონი, სულ ეს არის. ვიცი, რომ მშობლობა ძალიან ძნელია. ხანდახან, შეიძლება ფიქრობ, რად გინდოდა საერთოდ. მაგრამ მე გამოვსწორდები. პირობას გაძლევ. გავიზრდები და ერთმანეთით ისევ დავტკბებით. მანამდე, იცოდე, რომ ძალიან გაფასებ.
ამას ხშირად არ ვამბობ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ.
წყარო: https://www.psychologytoday.com/