ემოციური გადაღლა, სტრესი თუ დეპრესია - წარმატებული სამუშაო შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდეს
როგორ ამოვიცნოთ „ემოციური გადაწვის სინდრომი“ და რა ხერხით გავუმკლავდეთ მას? ის, რომ ადამიანები პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის დროს სახლში მუშაობაზე გადავიდნენ, სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკლები მუშაობა უწევთ. ზოგჯერ, პირიქით.
„ემოციური გადაწვის სინდრომი“ ტექნოლოგიურ ერაში უფრო ახლობელი გახდა ადამიანებისთვის, ვინაიდან ზღვარი სახლსა და სამსახურს შორის, ფაქტობრივად, წაშლილია. "ემოციური გადაწვის სინდრომი“ ვლინდება მზარდი ემოციური გამოფიტვით, რაც იწვევს პიროვნულ ცვლილებებს, ფსიქოლოგიურ თუ ფსიქიკურ პრობლემებს.
(,,BURN OUT’’) შესაძლოა გამოიწვიოს როგორც წარმატებულმა სამუშაო ადგილმა და მაღალი სტანდარტების დაწესებამ საკუთარი თავის მიმართ, ასევე ყოველდღიურმა, ერთფეროვანმა რუტინამ ან/და იმედგაცრუებამ.
ეს სინდრომი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გადაღლა, ამიტომ ერთად ვცადოთ მისი ამოცნობა და დაძლევის გზების პოვნა.
ეს სტრესი არაა
დიახ, მათ ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც დიდხანს გრძელდება და კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული. ემოციური გადაწვა კი ნელ-ნელა სტრესისა და გადაღლის შედეგად დგება და გაცილებით სერიოზული პრობლემაა.
სამი გრძნობა
ემოციური გადაწვა სამი ძირითადი პრობლემისგან შედგება: გადაღლა, ინტერესის გაქრობა და მუშაობის არაეფექტურობა. რიგორც ირკვევა, დიდი დატვირთვა და ყველაფრის მოსწრების შეუძლებლობა მუშაობის მიმართ ინტერესს აქრობს.
ეს დეპრესია არაა
ემოციური გადაწვა შეიძლება დეპრესიაში აგერიოთ, რადგან მათ ბევრი მსგავსი სიმპტომი აქვთ, მაგრამ ,,BURN OUT’’-ის შემთხვევაში, პრობლემების უმეტესობა სწორედ სამუშაოს და შრომის ეფექტურობას ეხება.
ჯანმრთელობისთვის სახიფათოა
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ემოციური გადაწვა ადამიანზე მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით არ მოქმედებს. ამ დროს იზრდება გულთან დაკავშირებული რისკები, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების საშიშროება, ტკივილი სახსრებში, მუდმივი გადაღლის შეგრძნება, თავის ტკივილი და მოულოდნელი სიკვდილიც კი.
გაჯეტები მხოლოდ ხელს გვიშლიან
თუ გრძნობ, რომ ემოციური გადაწვა გაქვს, მაგრამ ყოველ ხუთ წუთში ამოწმებ ფოსტას, გამუდმებით ტელეფონზე საუბრობ და ძილის წინ სამუშაო დოკუმენტებს ეცნობი, მდგომარეობის გაუარესებას ეხმარები. დაიწყე სამუშაო დროის შემცირებით.
გახდით ექსტრავერტი
ითვლება, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრს ურთიერთობენ, გაცილებით სტაბილურები არიან და სირთულეები ადვილად გადააქვთ. შესაბამისად, ისეთი პრობლემაც, როგორიცაა ემოციური გადაწვა, მათთვის გაცილებით ადვილად გადასატანია.
ნაკლები იმუშავე
ეს ერთ-ერთი მთავარი რეცეპტია ემოციური გადაწვის დასაძლევად, თუმცა საქმე მხოლოდ ამაში არ გახლავთ. აუცილებელია, პრობლემის არსს ჩაწვდეთ და მასთან ბრძოლა გაცილებით ადვილი გახდება. სწორედ ამიტომ, ემოციური გადაწვისგან გათავისუფლებისთვის მხოლოდ დასვენება საკმარისი არაა - ამ პრობლემისგან აბაზანის მიღებით და შამპანურით ვერ გათავისუფლდებით.
რისკის ზონა - ექიმები და მასწავლებლები
ემოციური გადაწვა უფრო მეტად ემართებათ ადამიანებს, რომლებიც სხვების დახმარებით არიან დაკავებულები და ემოციურად არიან ჩართულები მუშაობაში. ექიმები, მასწავლებლები, საქველმოქმედო ორგანიზაციების წევრები, მოხალისეები - ეს ის მცირე ჩამონათვალია ადამიანებისა, რომლებიც ემოციური გადაწვისკენ მიდრეკილები არიან.
და ბოლოს, „ემოციური გადაწვის სინდრომი’“ ე.წ. (,,BURN OUT’’) ტერმინი ამერიკელ ფსიქიატრს ჰერბერტ ფრეიდენბერგერს ეკუთვნის და ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში 1974 წლიდან დამკვიდრდა. „ემოციური გადაწვის სინდრომი“ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც წარმატებულმა სამუშაო ადგილმა და მაღალი სტანდარტების დაწესებამ საკუთარი თავის მიმართ, ასევე ყოველდღიურმა, ერთფეროვანმა რუტინამ ან/და იმედგაცრუებამ.