თეგებით ძიება

როგორ მოვუაროთ ოთახის ყვავილებს ზამთრის სეზონზე

ყვავილი გარდა იმისა, რომ თვალს ამშვიდებს და ირგვლივ ესთეტიკურ გარემოს ქმნის, ადამიანის ნერვული სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა.

როგორც ვიცით, ყვავილების სიმრავლით წელიწადში ძირითადად 3 სეზონი - გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა გამოირჩევა- რადგან ამ დროს გარდა ქოთნის ყვავილებისა, ადამიანს შეუძლია, მრავლად გააშენოს ეზოს ყვავილებიც. სამწუხაროდ, ზამთარში, იმ სიამოვნებას, რასაც ყვავილები იძლევა, მოკლებულები ვართ. თუმცა, გამოსავალი, ამ შემთხვევაშიც არსებობს, რადგან ოთახის მცენარეებიც არანაკლებ ახალისებს ადამიანის თვალს და მის გუნება-განწყობაზეც არანაკლებ დადებითად მოქმედებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარი უკვე გვიახლოვდება, ჩვენ მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოუაროთ ზამთარში თქვენს ოთახის მცენარეებს:

როგორ მოვუაროთ ოთახის ყვავილებს ზამთრის სეზონზე


1.მიწას წყლით ძალიან ნუ დაასველებთ. მცენარეების ფესვებს მხოლოდ წყალი კი არა, ჰაერიც ჭირდება, ამიტომ ნიადაგი თუ ზედმეტად დაასველებთ, მცენარე დაიღუპება. მთავარია, სწორად განსაზღვროთ, როდის საჭიროებს მცენარე მორწყვას. თუ ხედავთ, რომ ნიადაგი მშრალია და მისი ზედაპირი მტვერს წააგავს, წყალი დაუსხით. გამონაკლისს მხოლოდ კაქტუსი წარმოადგენს.

2.მცენარეებს პერიოდულად, დასვენება ჭირდებათ. განსაკუთრებით, ეს ზამთრის პერიოდს ეხება. ამ დროს, ნაკლებად უნდა მორწყათ და სასუქებით და მინერალებით იშვიათად გაანებივროთ.

3.ნუ შეშინდებით, თუ ზოგიერთი მცენარე გახმა. ისეთ მცენარეებს, როგორებიც გლოქსინია და ციკლამენა არიან, ხშირად საჩუქრად გამოვიყენებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ხმებიან. თავს ნუ დაიდანაშაულებთ - ეს მცენარეები ხანგრძლივად არ ცოცხლობენ.

4.ეცადეთ, მცენარეები ჯგუფ-ჯგუფად დარგოთ. ასე გაცილებით ლამაზად გამოიყურებიან და კარგად ვითარდებიან. შეგიძლიათ გააკეთოთ აკვარიუმის ან ოთახის ბაღი - კონტეინერი, სადაც რამდენიმე მცენარის კომპოზიციის შექმნა არის შესაძლებელი.

5. ყვავილების მოსარწყავად სპეციალური სარწყავი შეიძინეთ. იმისთვის, რომ ჰაერში სინოტივე შეინარჩუნოთ, წყლის საფრქვევი დაგჭირდებათ.

6.გახსოვდეთ, რომ მცენარეებს სინოტივე უყვართ. ზამთრის პერიოდში, როცა სახლს ცენტრალური გათბობით ათბობთ, ჰაერი ისე შრება, როგორც საჰარაში, ამიტომ მცენარეებისთვის დამატენიანებელი საშუალებები უნდა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ჯგუფებად დარგული მცენარეების კომპოზიციაში ჰაერი გაცილებით ტენიანია.

7.სწორად შეარჩიეთ და განალაგეთ მცენარეები. გახსოვდეთ, რომ ტენის მოყვარული მცენარე მზის მხარეს მდებარე ფანჯარასთან არ უნდა მოათავსოთ და პირიქით.

8.პრობლემის გაჩენისას, დროულად მიიღეთ ზომები. უსიამოვნებები შეიძლება გამოცდილ მეყვავილესაც შეემთხვას, უბრალოდ, მათი დროულად გამოვლენა და დახმარებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე დაიღუპება.

9. მცენარე დროულად უნდა გადარგოთ. თუ ატყობთ, რომ მომხიბვლელობას კარგავს და დეფორმაციას განიცდის, ე.ი გადარგვის დროა. უკეთესი იქნება, თუ ამას გაზაფხულზე გააკეთებთ. მცენარის ქოთნიდან ამოღებისას, ყურადღებით დაათვალიერეთ მიწა. თუ ის ფესვებითაა სავსე, მცენარის გაცილებით დიდი ზომის ქოთანში გადარგვა მოგიწევთ.

10. ყველა მცენარე განსხვავებულ მოვლას და მზრუნველობას საჭიროებს. რამე რომ არ აგერიოთ, სპეციალურ ლიტერატურას უნდა გაეცნოთ და გაარკვიოთ, როგორი მოვლა ჭირდება მცენარის ამა თუ იმ სახეობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა