თეგებით ძიება

ვირუსი, რომელმაც 40 მილიონი ადამიანი შეიწირა

ესპანური გრიპი ანუ ისპანკა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე მასიური პანდემია იყო როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რიცხვით.

ინფიცირების გავრცელების პიკი 1918-1920 წლებს მოიცავდა. ამ 2 წელიწადში ვირუსს 40 მლნ ადამიანი შეეწირა, 4-ჯერ მეტი ვიდრე 1914-1918 წლებში პირველ მსოფლიო ომს.

იმ დროს დედამიწაზე 2 მლრდ-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა. „ისპანკამ“ პლანეტის მოსახლეობის 2%-ზე მეტი შეიწირა.

ისევე, როგორც დღეს, ესპანური გრიპის პანდემიის დროსაც ადამიანები ნიღბებს ატარებდნენ, თუმცა ისინი ხშირად შეუფერებელი მასალისგან იყო დამზადებული და სახეზეც არასწორად ეკეთათ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინფიცირებულები 1918 წლის დასაწყისში, ამერიკაში გამოჩნდნენ, გრიპს სახელად ესპანური ეწოდა. ამის მიზეზი იყო, რომ ომში მონაწილე ქვეყნების საომარი ცენზურა კრძალავდა არმიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას. საბოლოოდ, ნეიტრალურმა ესპანეთმა 1918 წლის ივნისში პანდემიის შესახებ საჯაროდ პირველმა განაცხადა.

ვირუსი, რომელმაც 40 მილიონი ადამიანი შეიწირა


1918 წელს ესპანეში 8 მილიონი ადამიანი ანუ მოსახლეობის 39% დაინფიცირდა.



ავადმყოფობის სიმპტომები: გალურჯებული სახე, ციანოზი, პნევმონია, სისხლიანი ნახველი. დაავადების ბოლო სტადიაზე ვირუსი შინაგან სისხლდენას იწვევდა, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.



დღემდე უცნობია, მსოფლიოს რომელ წერტილში გამოვლინდა „ესპანური გრიპით“ პირველი ინფიცირებული.



ინფექციამ გამოვლენიდან პირველ 25 კვირაში 25 მილიონი ადამიანი შეიწირა. პირველ მსფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ჯარების გადაადგილებამ გრიპის სწრაფი გავრცელება გამოიწვია.



ალიასკიდან სამხრეთ აფრიკამდე უამრავი სოფელი საერთოდ, მაცხოვრებლის გარეშე დარჩა. ზოგიერთ ქალაქში ერთი ჯანმრთელი ექიმიც კი აღარ იყო, რომ ინფიცირებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარება გაეწია.



1951 წელს ამერიკელმა მეცნიერმა იოჰან ჰალტინმა (Johan Hultin) 1918 წლის მსხვერპლთა სხეულებიდან ვირუსის ნიმუშების აღება სცადა. ამისთვის მეცნიერმა ალიასკას მარადიულ ყინულებში შენახული ადამიანების სხეულები გამოიყენა, თუმცა ვირუსის მთელი ნაწილაკები ვერ აღმოაჩინა.

ცნობისთვის, ალიასკას ერთ-ერთ სოფელში ვირუსმა 80-დან 72 მაცხოვრებელი იმსხვერპლა.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ „ესპანური გრიპის“ მეორე ტალღის მაღალი სიკვდილიანობა გამოწვეული იყო პირველი მსოფლიო ომის სპეციფიკური პირობებით: მსუბუქი სიმპტომებით დაავადებული პაციენტები სახლებში რჩებოდნენ, ხოლო მძიმე ფორმებით დაავადებულები საავადმყოფოებსა და სამხედრო ბანაკებში გადაჰყავდათ, რაც ვირუსის გავრცელებას იწვევდა.

ომით გამოწვეული ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილები და ანტისანიტარია იდეალურ პირობებს ქმნიდა იმისთვის, რომ ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო და განსაკუთრებით აგრესიული ფორმა მიეღო.



1918 წელს ესპანური გრიპის ვაქცინა არ მოიპოვებოდა. ინფიცირებული ადამიანები ძირითადად იმპროვიზირებულ მკურნალობის კურსს გადიოდნენ, სადაც ექიმები სიმპტომებს ებრძვოდნენ. ამიტომ, ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად დაახლოებით იგივე ზომები გამოიყენებოდა, რაც დღეს გამოიყენება.

პირველი პრევენციული ზომებები მთავრობებმა 1918 წლის აგვისტოს მიიღეს. თუმცა კარანტინის მსგავსი პოლიტიკის გატარება ოქტომბერში დაიწყო. ბევრგან საჯარო შეკრებები და ხანგრძლივი წირვები აიკრძალა.

ადგილობრივმა მთავრობებმა ქუჩების და საჯარო დაწესებულებების, ანუ თეატრების, ეკლესიების და სავაჭრო ბაზრების მუდმივი დეზინფექცია დაიწყეს. დაიწყო საპნების და წყლის უფასოდ დარიგება, საკვები პროდუქტის ინსპექცია და ა.შ.

ესპანური გრიპის პანდემია მნიშვნელოვანი ისტორიული გაკვეთილია, რომელიც ამჟამინდელ კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებით ყურადსაღებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა