აქტიური სქესობრივი ცხოვრება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი მაქსიმალურად დიდხანს? როგორც უახლესი კვლევა ამტკიცებს, თურმე საამისოდ რაც შეიძლება ხშირად უნდა დავკავდეთ სექსით.
ერთი შოტლანდიელი მეცნიერი ამბობს, რომ კვირაში სამჯერადი სიყვარულის აქტი მარადიული ახალგაზრდობის გასაღებს წარმოადგენს.
რეზონანსული კვლევა დიდ ბრიტანეთში დოქტორმა დევიდ ვიკსმა ჩაატარა. ვიკსი ედინბურგის სამეფო ჰოსპიტალში მოღვაწეობს. მან “ნიუ-იორკ პოსტის” ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში 3500 ადამიანი გამოკითხა, რომლებიც თავს უფრო ახალგაზრდულად გრძნობდნენ, ვიდრე მათ ამაში საკუთარი ასაკი უწყობდათ ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ცდის პირები გარეშე დამკვირვებლებმაც ასაკთან შედარებით გაცილებით უფრო ახალგაზრდულად შეაფასეს.
როგორც კვლევამ გამოავლინა, ყველას, ვინც განსაკუთრებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ძალიან აქტიური სექსუალური ცხოვრება ჰქონდა.
დოქტორი ვიკსი საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კვირაში 3-ჯერ სექსის ქონა საშუალებას გვაძლევს, დაახლოებით 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ ჩვენს ასაკთან შედარებით.
“სექსის შედეგად განცდილი სიამოვნება ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ფაქტორია. სექსი ჩვენ სიხარულს გვანიჭებს და ორგანიზმს აძლევს სიგნალებს, გამოიმუშაოს ის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენ ბედნიერებას განგვაცდევინებს”, - თქვა მკვლევარმა.
მეცნიერის მტკიცებით, შოუბიზნესის და კინოს ცნობილი და საქვეყნოდ აღიარებული ვარსკვლავების ახალგაზრდული იერი მათი ძალიან აქტიური და ბობოქარი პირადი ცხოვრების დამსახურებაა.
მეცნიერისვე თქმით, მნიშვნელობა ასევე იმასაც აქვს, თუ რამდენად არის სიყვარულით აღსავსე ესა თუ ის ურთიერთობა. სიყვარულის მაღალი ხარისხით გამორჩეული კავშირები მართლაც თურმე მარადიული ახალგაზრდობის ელექსირივით მოქმედებს.
"ინტერმედია"