როგორი ქალები აღიზიანებენ მამაკაცებს ყველაზე მეტად?
დედა, თავი დამანებე
საყვარელ მამაკაცს სამსახურში წასაღებად საუზმე გაუმზადეთ? შესანიშნავია. განსაკუთრებით, თუ გემრიელია და არაფერი მიგეწვათ, მაგრამ ამის შემდეგ ყოველ ნახევარ საათში გადარეკვა და იმის გარკვევა შეჭამა თუ არა, გემრიელი იყო თუ არა და ხომ არ უნდა, რომ დამატებითი ულუფა სამსახურში მიუტანოთ, აუცილებელი არაა. ასევე ზედმეტია მამაკაცისთვის სახლიდან გასვლამდე იმის შეხსენება, რომ გარეთ ცივა და ქუდი უნდა დაიფაროს. ასე თუ გააგრძელებთ, სექსუალური სურვილების ობიექტიდან ქათმად გადაიქცევით, რომლისგანაც ყველა მამაკაცს მოუნდება გაქცევა.
ნამდვილად ქალი ხარ?
ბიჭებმა (კაცებმაც) იციან, რომ გოგონები და ქალები ვარდისფერი ფერიები არ არიან და თუ გაბრაზდნენ, შეუძლიათ უცენზურო გამოთქმებიც გამოიყენონ, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ - არავის სურს შეხვდეს ქალს, რომელიც სიგარეტისგან დაბოხებული ხმით იგინება და უწმაწურ სიტყვებს აფრქვევს.
საყვარელო, მითხარი რამე!
„საყვარელო, მითხარი რამე!“ – „რა გითხრა?“ - „რამე“. ნაცნობი დიალოგია? კაცებს აცოფებთ, როცა მისგან იმას ითხოვთ, რაც თავადაც არ იცით. ზუსტად იგივე ხდება, როცა მას რაიმე გემრიელის მოტანას თხოვთ და როცა მას ლუდი და ბობლა მოაქვს, ბრაზდებით. ჯერ თავად უნდა ჩამოყალიბდეთ სურვილებში, შემდეგ კი მათი შესრულება თხოვოთ.
გაჩუმდი, გთხოვ
შესანიშნავია, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ თემაზე ილაპარაკოთ. მაგრამ ასეთი იდეალური ურთიერთგაგება ყველა წყვილს არ აქვს. კაცებს საშინლად აცოფებთ, როდესაც მათთვის უინტერესო თემაზე საუბარს აიძულებენ. მაგალითად, მისთვის სულ ერთია: როგორი ჩანთის ყიდვა გსურთ, რა ფერის მანიკურის გაკეთებას აპირებთ, რა მოუვიდა თქვენს მეგობარს თიკას და რატომ არის მისი ყოფილი ვირი. შეწყვიტეთ მისი ტანჯვა და ესაუბრეთ მხოლოდ იმაზე, რაც ორივეს გაინტერესებთ. საერთო ინტერესები არ გაქვთ? მაშინ რატომ ხვდებით?
შეწყვიტეთ თვალთვალი
კაცებს თავისუფლება უყვართ, მაგრამ ყოველდღიურად, თქვენი ათასი ზარი დღეში და მილიონი SMS სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. დიახ, თქვენ ერთად ხართ და ერთმანეთი გიყვართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 24/7 უნდა გააკონტროლოთ. თქვენ დამოუკიდებელი ადამიანები ხართ. ასე რომ, შეწყვიტეთ თვალთვალი და თავისუფლება მიეცით. მას იმაზე ადრე მოენატრებით, სანამ თვალის დახამხამებას მოასწრებთ. თუ ძველებურად გააგრძელებთ, სკანდალებს და კარის გაჯახუნებას ვერ გადაურჩებით.
გიყვარვარ?
გაიხსენეთ ბავშვობა - როგორც კი ოთახის დალაგება დააპირეთ, შემოვიდა დედა და გითხრათ , რომ საშინელი არეულობაა და უნდა მიალაგოთ. თუ არ ვცდებით, ოთახის დალაგების სურვილი მაშინვე გაგიქრათ. აქაც იგივეა. თუ გაუთავებლად ეკითხებით უყვარხართ თუ არა, ბოლოს ის სამუდამოდ გაჩუმდება და ამას აღარასოდეს გეტყვით.
იყავით ის, ვინც ხართ
შეწყვიტეთ იმად მოაჩვენოთ თავი, ვინც არ ხართ. მამაკაცებს ძალიან აღიზიანებთ, როდესაც ზედმეტად თამამი ქალი ცდილობს თავი უცოდველ კრავად მოაჩვენოს და პირიქით, მოკრძალებული გოგონა ცდილობს თავი „მაგარ გოგოდ“ მოაჩვენოს. მამაკაცთან ურთიერთობის საუკეთესო პოლიტიკაა დარჩე იმად, ვინც ხართ.
თავად გადაიხადეთ
ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ, რომ მამაკაცს თქვენი არაფერი მართებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხართ. ჩვენ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ, ასე რომ ეცადეთ იმუშაოთ და თავად გადაიხადოთ სილამაზის სალონებისა და ტანსაცმლის მაღაზიებში ვიზიტების საფასური. რა თქმა უნდა, საჩუქარზე უარი არ უნდა თქვათ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ სიამოვნებებისთვის თავად უნდა გადაიხადოთ. მამაკაცები იმდენად დაიღალნენ პარაზიტებით, რომელთაც მამაკაცის კისერზე ჯდომა სურთ, რომ იდეალურ ქალად მოგეჩვენებით..
ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი თავი
რა თქმა უნდა, საკუთარი თავი ყველა ნაკლითა და ღირსებით უნდა მიიღოთ და გიყვარდეთ, მაგრამ საკუთარი გარეგნობის ობიექტურად შეფასებაც უნდა შეგეძლოთ. 20 კილოგრამი მოიმატეთ? მაშინ აჯობებს, მოკლე კაბის ნაცვლად, უფრო ადეკვატური სამოსი შეარჩიოთ. მამაკაცი თქვენზე „ყურებამდე“ შეყვარებულია და ზედმეტ კილოგრამებს ვერ შეამჩნევს? არ ინერვიულოთ, მისი მეგობრები შეამჩნევენ და მიანიშნებენ მანამ, სანამ ისიც არ მიხვდება.
„ყველაფერი კარგადაა”
მამაკაცს საშინლად აღიზიანებს, როდესაც კითხვაზე „რა გჭირს?“ მას წარბშეკრული და ბრაზიანი მზერით პასუხობენ „არაფერი“. ნუ იოცნებებთ, რომ თქვენი განმარტების გარეშე მიხვდება რა გაწუხებთ. მშრალი სტატისტიკა მეტყველებს, რომ შემთხვევათა 90% -ში მამაკაცები საერთოდ ვერ ხვდებიან, რომ თქვენ განაწყენებული ხართ. ასე რომ, კეთილი ინებეთ და უფრო გასაგებად აუხსენით.