„კარანტინული განქორწინება“ - როგორ მოვიქცეთ, რომ სიყვარული კორონავირუსს არ შეეწიროს?
კარგი, დაქორწინდი და ფიცი დადე, რომ „მწუხარებაში და სიხარულში“ მასთან ერთად იქნებოდი, მაგრამ ეს ნამდვილად არ გულისხმობდა ამ ადამიანთან ერთად 24/7 ოთხ კედელში ყოფნას. თქვენც და ისიც თავს ცუდად გრძნობთ და ნელ ნელა აგრესიულები ხდებით. ნეგატიური ემოციების დაგროვებისგან განქორწინებამდე კი ერთი ნაბიჯია.
მაშ, რა გავაკეთოთ, რომ სიყვარული კარანტინს არ შეეწიროს?
თუ მეუღლესთან ერთად კარანტინში აღმოჩნდით და დისტანციურად მუშაობა გიწევთ, დასაწყისისთვის ეცადეთ მკაცრად განსხაზღვროთ სამუშაო და პირადი დრო. ერთად განიხილეთ როდის მუშაობთ თქვენ და როდის ის და ამ დროის განმავლობაში, ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ (ან ის) სამსახურში ხართ. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ოჯახური საქმეების კეთება გადაიდება იმ დრომდე, ვიდრე ყველა სახლში არ დაბრუნდება. არ დაგავიწყდეთ, რომ სამუშაო პროცესში ყველაზე ღირებული ყურადღების კონცენტრაციაა.
ალბათ, უკვე გინახავთ ასეთი სცენარი - ერთ-ერთი თქვენგანი სირთულეებს ეჯახება და მუშაობას წყვეტს, იწყებს ამაზე საუბარს, გიზიარებთ თავის პრობლემებს და შემდეგ წუწუნებს, რომ მუშაობას მოწყვიტეთ და გააცდინეთ. ეს სიტუაცია მკაცრი შეთანხმებებით უნდა მოაგვაროთ - არავითარი ურთიერთობა სამუშაო საათებში. შესვენების დროს, კი ბატონო: სადილი, დასვენება, საუბარი.
ყურადღების კონცენტრაციისა და შრომის ეფექტურობის გარდა, უდიდესი პოზიტივია პირადი სივრცის მიღება. კარანტინისა და დისტანციური მუშაობის დროს სტრესის ერთ-ერთი ძირითადი წყარო საკუთარ თავთან, ფიქრებთან, წარმატებასა და წარუმატებლობასთან მარტო დარჩენის შეუძლებლობაა. თუ ჩვენს რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, რომ ერთმანეთი მოგენატროთ.
ახლა თავს ცუდად გრძნობთ, რადგან (აირჩიეთ): მშია, ცუდად მეძინა, სტრესი დამიგროვდა, მოწყენილი ვარ და ა.შ. ყველაფერი ნათელია, სტრესი ნამდვილად გაიზარდა - კარანტინია, ახლობელი ადამიანები ავად არიან, შეიძლება თავადაც ავად ხართ ან იყავით, ეკონომიკური კრიზისი იზრდება. ბუნებრივია, ეს ვითარება თქვენს მგრძნობელობას ამძაფრებს და სიტუაციის წინაშე, რომელსაც სხვა დროს ადვილად უმკლავდებოდით, უფრო დაუცველს გხდით.
სრული უფლება გაქვთ უარყოფითი ემოციები განიცადოთ და გამოხატოთ, მაგრამ თუ მათი წყარო მეუღლე არაა, პრეტენზიაბი მასთან რატომ გაქვთ? ეს თქვენს პრობლემას ვერ მოაგვარებს და სიტუაციას უბრალოდ გაუარესებს. იქნებ უარყოფითი ემოციებისგან განმუხტვა სხვაგვარად სცადოთ? მაგალითად, მედიტაცია სცადოთ ან კრივის ტომარა ჩამოკიდოთ და ჯავრი მასზე იყაროთ? უდანაშაულო ადამიანის ლანძღვას ყველაფერი ჯობს.
ანალოგიურად იმოქმედეთ პარტნიორის აგრესიის დროს
სავარაუდოდ, ისიც სტრესულ მდგომარეობაშია და ჩხუბობს არა იმიტომ, რომ თქვენს მიმართ უარყოფითად განწყობილია, არამედ იმიტომ, რომ თავს ცუდად გრძნობს. რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს, უბრალოდ ყველაფერი საკუთარ თავზე არ უნდა მიიღოთ. იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ - აღარ ვუყვარვარ, ალბათ კარანტინის დროს გავსუქდი და დავმახინჯდი, ჩვენი ურთიერთობა განწირულია და ა.შ. ეცადეთ იმაზე იფიქროთ, რომ ახლა მისთვისაც რთული პერიოდია და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ თავს უფრო კომფორტულად გრძნობდეს.
მეტი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ
რთული პერიოდის დროს უფრო მეტად უნდა ეცადოთ, რომ საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭოთ. თუნდაც მხოლოდ 10 წუთს დილას და 10 წუთს საღამოს სასიამოვნო გასართობით დაკავდით: თბილი აბაზანა, სასიამოვნო წიგნი, გემრიელი ნამცხვარი ... ყველაფერი ის, რაც მოგწონთ და გიყვართ. დღის განმავლობაში გამონახეთ დრო, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმობთ.
ტვინი ოთხ კედელში ჯდომით დაიღალა
გარეთ დეკემბერია, ადრე ღამდება. თვალწინ ყოველ დღე ერთსა და იგივე სურათს ვხედავთ: კომპიუტერის მონიტორი და მობილური ტელეფონი. ტვინი ოთხ კედელში ჯდომით დაიღალა, ამიტომ თუ შესაძლებელია, ყოველდღე გაისეირნეთ. თბილად ჩაიცვით და უბრალოდ, უმიზნოდ იარეთ. ათვალიერეთ ხეები, სახლები.. დღეში 10-20 წუთი სრულიად საკმარისია. თუ ფიქრობთ, რომ ამის დრო არ გაქვთ, გამოდის, რომ ცხოვრებისთვის დრო არ გრჩებათ. მიზანი ერთფეროვნებისგან გაქცევაა. მიეცით ტვინს ახალი საზრდო, ახალი შთაბეჭდილებები და თქვენს ურთიერთობას არავითარი საფრთხე არ დაემუქრება.