არასოდეს თქვათ უარი შვილზე
დედიკოებო, გოგონებო, მომავალო დედიკოებო, თქვენთვის, ქალბატონებო, პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სტატიას, რომელიც ყველა ქალს დააფიქრებს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
"დილით ჩამეძინა, უკვე ჩემს ოთახში ალიონის სხივები ნაშუადღევის სინათლეს ჰქონდა ჩანაცვლებული...
სასწრაფოდ გავემზადე, ტუჩსაცხიც კი არ წამისვია...
ქუჩაში შევიკარი თასმები ფეხსაცმელზე, კაბა შევისწორე და სამსახურის კარები არ შემიღია, უფრო "გადავხსენი" თითქოს უფრო სწრაფად ავღმოჩნდებოდი ასე სამუშაო მაგიდასთან...
უკვე საინტერესო სიუჟეტები გადანაწილებული იყო...
ოდნავ უკმაყოფილო ხმით მითხრა უფროსმა დღეს რომ უსაქმოდ არ დარჩე, სამედიცინო თემაზე მოამზადე მასალაო...
ავიღე ჩემი მიკროფონი და გავუყევი ქუჩას, სადაც ზამთარი ძახილის ნიშნით აფიშირებდა მის სიმკაცრეს!...
მოვდიოდი და ვფიქრობდი ვისთან დამერეკა და შევთანხმებულიყავით ინტერვიუზე?!...
არ ვიცი გზის რომელ მონაკვეთში გადავწყვიტე, მაგრამ კორიდორის სითბომ რომ ოდნავ "გამალღო" უკვე გინეკოლოგიური კაბინეტის წინ ვიდექი...
გოგონა გამოვიდა და მითხრა რამდენიმე პაციენტს მიიღებდა ექიმი და შემდეგ მიმიწვევდნენ ინტერვიუს ჩასაწერად...
სავარძლების მწკრივში ბოლო სავარძელზე ჩამოვჯექი და მუხლებზე მოკალათებულ ფურცლებზე, რამოდენიმე შეკითხვა მოვამზადე "გადავჯღაპნე"...
არც კი ვიცოდი რატომ მიცემდა გული ასე გამალებით, ერთი შეხედვით ჩვეულებრივზე მოსაწყენი ინტერვიუ მელოდა თითქოს...
დრო გაიწელა, გავთბი...
ჩუმად ვიჯექი, კალამს ვათამაშებდი ხელში და ვათვალიერებდი მომავალ დედებს, დიდი ხანი იყო გასული, რაც მათზე მშვენიერი არაფერი მენახა...
ადრე, როდესაც მსგავს რიგებში ვიყავი, მაშინ მახსოვს ამდენი ლამაზი ქალის შეკრება ერთად...
უამრავი ახალგაზრდა ქალბატონის გარემოცვაში, უცებ ჩემი ყურადღება მიიპყრო ასაკოვანმა ქალმა, რომელიც დერეფნის თავში გამოჩნდა და წუთები გაგრძელდა მისი ნაბიჯები ვიდრე მოგვიახლოვდა, ისე უჭირდა ასაკით დაღლილ მის სხეულს გადაადგილება.
თავიდან რომელიმე გოგონას ბებია მეგონა, თუმცა მარტო იყო, მარტო მოკალათდა სკამზე და ყოველ მიმოხედვაზე ვგრძნობდი, რომ საუბრის დაწყება სურდა, მაგრამ პატარა გოგოსავით მორცხვობდა და წითლდებოდა.
მეც მოვუხშირე მის „თვალიერებას“...
ლამაზი ქალი იყო, სქელი ჭაღარა თმებით და კარგად გამოკვეთილი თვალ-წარბით.... თვალები ღია ფერის ქონდა,ისეთი სევდიანი,რომ ცოტაც და ცრემლები "ყელში გაჭედილი ფორთოხალივით" მომაწვებოდა...
მერე თვალი ავარიდე იმ თვალებს, სევდას ხომ ყოველთვის გავურბივართ, ჩვენსას, სხვისასაც...
ნელ-ნელა მზადება დავიწყე ინტერვიუზე შესასვლელად..
მიკროფონი ამოვიღე..
ვიგრძენი როგორ მიყურებდნენ ის თვალები, წეღან რომ გავეცალე, ავერიდე...
შემდეგ ნაბიჯების ხმა მომესმა ჩემსკენ. თავი რომ ავწიე, ის ქალბატონი უკვე წინ იდგა, ხელები ოდნავ უცახცახებდა...
იგი- თქვენ ჟურნალისტი ხართ?
მე- დიახ
იგი-მე...მე...მე მოვედი აქ რომ დედებისთვის მიმემართა, მომავალი დედებისთვის... დამეხმარეთ!
თუ მომისმენთ, მე მივმართავ არა მხოლოდ აქ მყოფ დედებს, ყველა მომავალ დედას...
მე- ქალბატონო მე იცით ვმუშაობ და ხუთ წუთში ინტერვიუ უნდა ჩავწერო,მაპატიეთ..
ავდექი და ვიგრძენი როგორ შემეხო მისი აცახცახებული თითები მკლავზე...
იგი- მომისმინე შვილო...სულ ხუთი წუთი.. გავირინდე...
გისმენთ!
იგი- ოდესღაც მეც ძალიან ლამაზი ვიყავი, სიცოცხლით სავსე...
თვალებში ვარსკვლავები მითამაშებდა და გული სიყვარულით მქონდა სავსე... იმედებით...
მიყვარდა, ისე ძალიან მიყვარდა, რომ ვეღარ ვანსხვავებდი, ჩემი სულის და სხეულის ნაწილი მხოლოდ მე ვიყავი თუ ჩვენ ორივე...
მერე მეც ასეთ რიგში მოვედი, მარტო მოვედი თითქოს და ორნი ვყოფილვართ... ჩვენ შვილს ველოდით..
მომილოცა ექიმმა და კაბინეტიდან კორიდორამდე დასრულდა ყველა სიხარული და ბედნიერების განცდა... კორიდორში არავის გაჰხარებია.. უფრო მეტიც, იმ დღეს წავიდა, წავიდა და სულ წავიდა...
მე- მას შემდეგ არ გინახავთ?!
იგი-არასოდეს, არც მსმენია.. (ხმა აუკანკალდა და თითებიც უფრო მეტად აყვნენ) თუმცა აქ ჩემი რომანის მოსაყოლად არ მოვსულვარ...
არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ყველაფერზე მნიშვნელოვანი, ზემდგომი და სასწაული და ეს შვილია...
შვილი რომელიც მივატოვე... შემეშინდა და მივატოვე... და ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი ტკივილი ჩემი, უფრო სწორად ტკივილი არ ქვია, ეს რაღაც უფრო მეტია კიდევ...
მე შემეშინდა, შემეშინდა მშობლების, შემრცხვა ოჯახის წევრების, მეზობლების, ნათესავების, მეგობრების, სამყაროსი და ყველასი, საერთოდ ყველასი, მის გარდა... და ვისიც არ მეშინოდა ის გავწირე... ის მივატოვე...
დღეს რომ ის დღე იყოს ყველას მივატოვებდი მის გარდა, ჩავიხუტებდი და მსოფლიოს ერთად ამოვეფარებოდით ან ფართო გახსნილ გზებზე ან სულაც ისევ სადმე ჩრდილში, მაგრამ ერთად...
მე არ შემრცხვებოდა, არ შემეშინდებოდა ქვეყნად არავისი... ეჰ მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი შვილო.. (ცრემლები წასკდა)
არ გიძებნიათ?
იგი-არასდროს...
მე-რატომ?
იგი-მე მას გზა ავუბნიე ოდესღაც და თითონ დააწყო, შემდეგ გზასთან ერთად თავგზასაც ვეღარ ავურევდი...
მე - და დღეს რა მოხდა, რატომ მოხვედით აქ, რატომ მოგინდათ ამის ხმამაღლა თქმა?
იგი- დღეს დილით ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, პატარა ნინიკო 13 წლისაა, მეზობელი, მესმოდა როგორ ეუბნებოდა ჩემს შვილიშვილს, იცი მე დიდი ძმა ვიპოვე ჩემი და ყველაზე ბედნიერი ვარო, ჩემმა ანამ მესმოდა უთხრა რა კარგი იქნებოდა ნეტავ მეც ვიპოვო ვინმეო...
თავი ვერ შევიკავე, ვტიროდი, გულით და თვალებით, სხეულით, სრულად...
თურმე მესამე თაობას სულ არ „აინტერესებს“ არ ნსჯიან ბებიებს და ბაბუებს "ახალგაზრდული შეცდომებისთვის" როგორც ამას ეძახდნენ ადრე, მათ უბრალოდ უყვართ, უხარიათ მათი ოჯახის წევრები უპირობოდ...
მოვედი, რომ დედებს ვუთხრა, მომავალ დედებს, არ მიატოვოთ შვილები არცერთ სიტუაციაში! სიტუაციები არ არსებობს შვილებისთვის... შვილი უპირობო სიყვარული და საჩუქარია...
ნუ აქცევთ ზურგს, თუ ის "გაფორმებული" ბავშვი არ არის რომელიღაც საკანომდებლო დაწესებულებიდან, რომელიც მუშაობს იმიტომ, რომ უნდა იმუშაოს...
თქვენ შვილი უფალმა გიბოძათ..
ნუ გეშინიათ და ნუ შეგრცხვებათ მშობლების, რომლებსაც რამდენიმე წელიწადში მათზე სანუკვარი შვილიშვილი არ ეყოლებათ! დების და ძმების, რომელთაც საკუთარი ცხოვრება აქვთ და საკუთარი ყოველდღიურობით არიან დაკავებულები!.. ნაცნობების რომელთაც მეორე საინტერესო ამბის გაგებისთანავე დაავიწყდებით თქვენ თქვენი შვილიანად!... ნუ გეშინიათ ნურავის, არ მიატოვოთ შვილები, რომელიც უფალმა დაუშვა და გაჩუქათ თქვენ!...
ვუყურებდი როგორ ელეოდა სიტყვა, ცრემლი და ხმა... განცდა კი უმძაფრდებოდა..
ჩავეხუტე, სახლამდე მივაცილე და ვერც ვერაფერი ვერ ვუთხარი, ვერ დავამშვიდე, არ სჭირდებოდა...
გამოვუყევი ქუჩას რომელიც ზამთარს კი არა, იმ დღეს ცხოვრებას აფიშირებდა ზამთრის სიმკაცრით...
ქუჩაში, სადაც შუადღეს ძალიან ციოდა, შუაღამე სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი...
უბრალოდ ჰაერი იდგა მკაცრი, ძალიან მკაცრი... და სადღაც, არც ისე შორს და არც ისე ახლოს, გაზაფხული ემზადებოდა ჩემს, შენს, თქვენს ფანჯრებს მიღმა თუ ფანჯრებში შემოსასვლელად.