თეგებით ძიება
15. 01. 2021 მსოფლიო

რუსეთმა ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის პროცედურები დაიწყო.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად პროგრესის მიღწევა შეუძლებელი გახდა.

რუსეთის დუმის ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით, შეთანხმების მოქმედების შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს და მის ნატოელ მოკავშირეებს ეკისრებათ.

რუსი დეპუტატის განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეებს უნდა აეღოთ ვალდებულება არ გადაეცათ აშშ-სთვის წვდომა ხელშეკრულების შესრულებით მიღებულ ინფორმაციაზე. მანამდე, რუსეთის შეიარაღების კონტროლის საკითხზე მომუშავე დელეგაცია ითხოვდა, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს სადამკვირვებლო ფრენების დროს მიღებული მონაცემების სანდოობა უზრუნველეყოთ.

„ღია ცის შეთანხმება“ 1992 წელს გაფორმდა, რაც ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიაზე არასამხედრო სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების საშუალებას აძლევს. 2020 წლის მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ თავისი საზღვრის გასწვრივ, 10-კილომენტრიანი დერეფნის ფარგლებში და ამგვარად ცდილობდა, გამოეთქვა ყალბი პრეტენზია, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.

დონალდ ტრამპმა მაშინ თქვა, რომ რუსეთი აშშ-ს გარკვეულ ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად ფრენის საშუალებას არ აძლევდა. აშშ-მა შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები გასული წლის ნოემბერში დაასრულა.

„ახალ პირობებში ღია ცის ხელშეკრულების ფუნქციონირების გაგრძელებისთვის დაბრკოლებების აღმოფხვრაში პროგრესის არარსებობის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განაცხადოს, რომ რუსეთი ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას იწყებს. პროცედურის დასრულებისთანავე შესაბამის უწყებას ხელშეკრულების დეპოზიტარებს დავუგზავნით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და იგი სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ითვალისწინებს ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა