თეგებით ძიება

დედაქალაქში მომუშავე ტაქსის მძღოლებისთვის ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან თბილისის ტაქსის მძღოლები, როგორც A, ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს თბილისში ტაქსის, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება. იმისთვის, რომ ვიყოთ დაზღვეული, მნიშვნელოვანია, რომ ტაქსის მძღოლების PCR ტექსტირება მოხდეს ორ კვირაში ერთხელ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შესაბამის სამართლებრივ ცვლილებებს თბილისის მერია დასამტკიცებლად საკრებულოში წარადგენს. პროცესზე მონიტორინგს დედაქალაქის მერია და ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივად განახორციელებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა