შეღებილი თმის მოვლა სახლის პირობებში - რჩევები და ნიღბები
რაც არ უნდა ხარისხიანი საღებავით შევიღებოთ თმა, დროთა განმავლობაში ის მას მაინც აზიანებს. თმის დამატებითი პროფესიონალური მოვლა კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაგრამ არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელიც დაიცავს თქვენს თმას და დაეხმარება ფერის დიდხანს შენარჩუნებაში.
წესი პირველი: : შეღებვის შემდეგ, 10 დღეში ერთხელ, აუცილებელია აღმდგენი ნიღბის გამოყენება, განსაკუთრებით დაზიანებული თმის დროს კი - 10 დღეში ორჯერ. სასურველია ნიღაბი ზეთოვანი შემადგენლობის იყოს.
წესი მეორე: აუცილებლად გამოიყენეთ ბალზამი, ხშირი შეღებვის შემდეგ ბოლოები განსაკუთრებით ზიანდებიან, ამიტომ უპრიანია ბალზამის გამოყენება, რათა კვებოთ და დაატენიანოთ ისინი (ბალზამის თმის ბოლო ⅔-ზე გამოიყენება და არავითარ შემთხვევაში თმის ძირებზე)
წესი მესამე: თუ თმა არ მოგბეზრებიათ, არასდროს შეიღებოთ თმა რამდენჯერმე დროის მოკლე პერიოდში, ასევე არ გაიკეთოთ მელირება, ან ქიმიური დახვევა ახალშეღებილ თმაზე. შეღებვა საკმაო სტრესია თმისთვის, ასე რომ მალვე კვლავ ნუ დატვირთავთ თმას.
წესი მეოთხე: თუ თმას ისწორებთ, უთოს, ან ფენის გამოყენებამდე აუცილებლად გამოიყენთ დამცავი სპრეი, რადგან შეღებვის შემდეგ თმა გაცილებით ადვილად ზიანდება (რეგულარული დასწორებისას დამცავი სპრეის გამოყენება შეუღებავი თმის დროსაც აუცილებელია)
წესი მეხუთე: გამოიყენეთ შამპუნი, რომელიც განკუთვნილია შეღებლი თმისთვის. ამ ტიპის შამპუნი არის მეტად რბილი და ნაზი და ნაკლებად რეცხავს ფერს, ასე რომ მკვეთრ ფერსაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ.
გარდა ამისა, გთავაზობთ რამდენიმე ნატურალური და ბუნებრივი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც დაიცავს თქვენს თმას დაზიანებისგან, აღადგენს მის ბუნებრივ ბზინვარებას და საუკეთესოდ დაატენიანებს მას:
1. ზეითუნის ზეთი
დროა, ამ შესანიშნავ ბუნებრივ სითხეს სასწაულმოქმედი ზეთიც ვუწოდოთ! გარდა ყველა დანარჩენი სიკეთისა, ზეთუნის ზეთი ატენიანებს გამომშრალ თმას და მატებს მას ბზინვარებას. როცა საქმე თმის ზეთებს ეხება, ზეითუნის ზეთი, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და სწორედ ამის გამო იკავებს იგი ჩვენს ჩამონათვალში პირველ ადგილს!
კარგი ეფექტისთვის ზეითუნის ზეთი, სასურველია, შეათბოთ. თბილი ზეთი წაისვით თმაზე და გადაინაწილეთ თანაბრად. თმაზე დაიფარეთ საშხაპე ქუდი, რომელიც თქვენი თმის ტენიანობას უზრუნველყოფს, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ შამპუნი, პროცედურა კი რეგულარულად გაიმეორეთ ყოველ კვირას, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ, მას კი, გპირდებით ძალიან მალე მიიღებთ.
2. ძმარი
რამდენჯერ მოგისმენიათ თქვენი ბებიებისგან რჩევა, რომელიც ბანაობის შემდეგ, თმაზე ძმრის გადავლებას გულისხმობს? ეს მეთოდი ძველია, თუმცა საკმაოდ ეფექტური. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გამომშრალ და დაზიანებულ თმას ეხება. ნუ შეგაშინებთ ძმრის უსიამოვნო სუნი, იგი თმაზე არ რჩება. სამაგიეროდ, ყოველი პროცედურის შემდეგ, თქვენი თმა სასწაულებრივად ბზინვარე ხდება. გადაივლეთ ძმარი ბანაობის შემდეგ სველ თმაზე ან ერთი სუფრის კოვზი შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ დაახლოებით, 5-დან 10 წუთამდე! კვირის განმავლობაში ეს მეთოდი მხოლოდ ორჯერ გამოიყენეთ და სასიამოვნო შედეგსაც ძალიან მალე იხილავთ!
3. კვერცხი
ნუ ჩაუვლით თქვენს სამზარეულოს გვერდს, თუ თქვენი თმა დაზიანებულია და მის საუკეთესო აღმდგენს ეძებთ. გამოაღეთ მაცივრის კარი და დაავლეთ ხელი კვერცხს! აღსანიშნავია, რომ კვერცხი, განსაკუთრებით კი მისი გული, მდიდარია ცილებით და ცხიმებით. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტენიანობას, ებრძვის ბაქტერიებს და ზედმეტ ცხიმებს. ამიტომაც, კვერცხი გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის საუკეთესო ნატურალურ საშუალებად მიჩნევა! კვერცხის გულს შეურიეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, მიღებული მასა გაინაწილეთ მთლიან თავზე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ შამპუნი!
4. ლიმონი და თაფლი
თმის დაზიანების წინააღმდეგ, ლიმონისა და თაფლის გამოყენება, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ლიმონი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, თაფლი კი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. თმის ნიღბის დასამზადებლად, ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ თაფლს და დაუმატეთ ერთი ფინჯანი წყალი. მიღებული მასა წაისვით თმაზე და ეცადეთ თავის კანს არ შეეხოთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.
5. მინერალური წყალი
მინერალური და გაზიანი წყალი, ისეთი, როგორიცაა, ბორჯომი, ნაბეღლავი, ლიკანი და ა.შ. ერთ-ერთ საუკეთესო თმის მოვლის ბუნებრივ საშუალებად ითვლება. მასში ხომ ნახშირორჟანგი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა. გაზიანი და მინერალური წყალი ეხმარება თმას აღიდგინოს ტენიანობა.
6. მაიონეზი
მაიონეზი კვერცხისა და ცხიმისგან მზადდება, რაც თქვენს თმას შეუდარებელ ბზინვარებას მიანიჭებს და შეამციირებს დაზიანებასა და სიმშრალეს. ნიღბის დასამზადებლად, მაიონეზს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა დაბანილ, სველ თმაზე წაისვით. შეიხვიეთ თმა საშხაპე ქუდით, გაიჩერეთ ნიღაბი, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
8. ლუდი
თმის დაზიანების დასამარცხებლად, ბუნებრივ საშუალებებს შორის, ლუდი განსაკუთრებით ეფექტურია!
გადაივლეთ ლუდი შამპუნის გამოყენების შემდეგ და ნახავთ, როგორ დარბილდება და იკაშკაშებს თქვენი თმა. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, ლუდის ნიღბის დამზადებაც. ამისათვის დაგჭირდებათ: 4 სუფრის კოვზი ლუდი, 3 სუფრის კოვზი რძე. ეს ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთს და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ცივი წყლით და გამოიყენეთ შამპუნი!