თეგებით ძიება

თავდაყირა ცხოვრება შვილის გადასაჩენად - 9 თავგანწირული დედა, რომელიც სიკვდილს შეებრძოლა

დედაშვილობა საოცარი ფენომენია, რომლის სიტყვებით ახსნა რთულია. დედის სიყვარულზე სიტყვებზე მეტად მისი საქმეები მეტყველებს, რომლებიც სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარი მაგალითია. ამ სტატიაში მსოფლიოში ყველაზე მაგარი დედების შესახებ გიამბობთ!

1. დედა, რომელიც შვილების გადასარჩენად ავტომანქანას ბორბლებში ჩაუვარდა
აშშ-ის მასაჩისეტსის შტატში მცხოვრებმა 22 წლის დედამ მინდი ტრანმა ორი წლის ტყუპი ქალიშვილები ავტომანქანის უკანა სავარძელზე დასვა, ქამრები გადაუჭირა და სახლის კარის დასაკეტად შებრუნდა..
კარის დაკეტვის შემდეგ მინდიმ საშინელი სურათი დაინახა - ავტომობილი, სადაც მისი ორი შვილი იჯდა, ეზოს ციცაბო დაღმართიდან სავალი გზის მიმართულებით დაგორდა. გოგონა ავტომობილს გაეკიდა და მისი შეჩერება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ამის შემდეგ მან შვილების გადასარჩენად თავგანწირული ნაბიჯი გადადგა და ავტომობილს ბორბლებში ჩაუვარდა. „მანქანის მოძრაობა როგორმე უნდა შემენელებინა, რომ ჩემს მეზობელს სალონში შესვლა და მისი გაჩერება მოეხერხებინა“ - ამბობს მინდი.
მამაცმა დედამ მეზობლის დახმარებით მანქანის გაჩერება მოახერხა, მაგრამ ერთი ფეხი დაკარგა, ხოლო მეორე სერიოზულად დაიზიანა. მინდი ტრანი, რომელსაც ახლა გამოჯანმრთელებისკენ გრძელი გზა აქვს, ამბობს, რომ დაზიანებები არ ადარდებს, რადგან მისი გოგონები კარგად არიან. „უფრო მეტს გავწირავდი, თუ ეს ჩემი შვილების გადარჩენას დასჭირდებოდა. ისინი ჩემთვის ყველაფერია და ბედნიერი ვარ, რომ თავს შესანიშნავად გრძნობენ“ - განაცხადა თავგანწირულმა დედამ.

2. დედა, რომელმაც შვილის გადასარჩენად, ხეზე იმშობიარა

2000 წლის ზაფხულში, მოზამბიკში მომხდარმა წყალდიდობამ კაროლინა კირინძას მშობლიური ქალაქი ჩიბურე ნიანგებით სავსე უზარმაზარ ტბად აქცია. ნიანგებისგან გადასარჩენად, გოგონა იძულებული გახდა ოთხი დღე ხეზე გაეტარებინა. მეოთხე დღეს მას ქალიშვილი, როსიტა შეეძინა. ამის შემდეგ დედა და ქალიშვილი სამხრეთ აფრიკის სამხედრო ვერტმფრენმა გადაარჩინა.
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ დედა-შვილზე ზრუნვა რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო. ახლა კაროლინა და როსიტა თავს კარგად გრძნობენ, თუმცა გოგონას მტანჯველი ოთხი დღე დღემდე არ ავიწყდება. „არც წყალი მქონდა და არც საკვები. თავბრუ მეხვეოდა და ყოველ წუთს ნიანგებით სავსე წყალში ჩავარდნას ველოდი. დღემდე კოშმარებს ვხედავ, რომ როსიტა წყალში ვარდება.. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ორივე გადავრჩით და შევძელი ჩვენი ამბის მოყოლა“ - ამბობს მამაცი დედა.

3. დედა, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, მაგრამ სირბილი გააგრძელა
ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი ტერაქტი უდიდესი ტრაგედია იყო, რომელმაც ყველა მონაწილის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სელესტა კორკორანი ერთ-ერთი მათგანი იყო.
სელესტა და მისი ქალიშვილი სიდნი ბოსტონის მარათონზე სელესტას დის, კარმენის საგულშემეტკივროდ მივიდნენ. პირველი ბომბი დედა-შვილის სიახლოვეს აფეთქდა. სელესტას ფეხები იმდენად დაზიანდა, რომ ექიმებს მათი ამპუტაცია მოუწიათ. მძიმედ დაშავდა სიდნიც.
ერთწლიანი ბრძოლისა და ინტენსიური ფიზიკური რეაბილიტაციის შემდეგ, სელესტა შვილთან ერთად, ბოსტონის მარათონზე დაბრუნდა.
ამჯერად, დედა-შვილი მარათონის უბრალო მაყურებლები კი არა, მონაწილეები გახდნენ, ფინიშის ხაზი კარმენთან ხელჩაკიდებულებმა გადალახეს და უამრავი ადამიანისთვის იმედის სიმბოლოდ იქცნენ.

4. დედა, რომელმაც შვილს სიცოცხლე შესწირა
დედას შვილებისთვის ბევრი მსხვერპლის გაღება უწევს, მაგრამ ამ დედამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო - სიცოცხლე შესწირა.
ნიუ იორკელ ელისაბედ ჯოისს 2010 წელს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის ოთხი კურსის შემდეგ ქალი კიბოსგან საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ჯოისმა და მისმა საყვარელმა მამაკაცმა მაქსმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს, თუმცა ექიმებმა გააფრთხილეს, რომ ელისაბედისთვის ბავშვის გაჩენა აკრძალულია. გაფრთხილების მიუხედავად, ქალმა გადაწყვიტა ბედი ეცადა და 2013 წლის ზაფხულში დაორსულდა. ერთი თვის შემდეგ, ელისაბედს და მის ქმარს უთხრეს, რომ კიბო დაბრუნდა.
წყვილი რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა. შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ორი ვარიანტი ჩანდა: ორსულობის შეწყვეტა და მკურნალობის დაწყება ან მკურნალობის გადადება ბავშვის გადასარჩენად. ელიზაბედი შვილზე ოცნებობდა, ამიტომ ორსულობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. მან იცოდა, რომ ეს შეიძლება მისი ერთადერთი შანსი ყოფილიყო.
ელიზაბედს 2014 წლის მარტში საკეისრო კვეთის შედეგად შეეძინა გოგონა, ლილი, 2015წლის მარტში კი სიმსივნით გარდაიცვალა.

5. ქალი, რომელიც შვილების გადასარჩენად 75 დღე თავდაყირა იწვა
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მცხოვრები ჯოანა კრჟიშტონეკი სამ ტყუპზე იყო ორსულად, მაგრამ ერთ-ერთი ბავშვი ორსულობის მეხუთე თვეს, ნაადრევად დაიბადა. ექიმებმა მომავალი დედა გააფრთხილეს, რომ დარჩენილი ბავშვების გადასარჩენად სამი თვე ლოგინში, თავდაყირა უნდა გაეტარებინა.
ჯოანამ ტყუპების გადასარჩენად ექიმების მითითება ზედმიწევნით შეასრულა და ჯანმრთელი ბავშვები გააჩინა, შემდეგ კი ხანგრძლივი თერაპიის დახმარებით, სიარული თავიდან ისწავლა.

6. სუპერქალები, რომლებმაც ბავშვის გადასარჩენად ტონიანი ავტომობილი ასწიეს
თითქოს ასეთი რამ მხოლოდ კომიქსებში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს რეალურ ცხოვრებაში მოხდა.
8 წლის ბავშვები ბეილი ფაულერი და ჯეიდონ სიკოლო წყლის პისტოლეტებით ერთობოდნენ, როდესაც ბეილიმ უცბად ქუჩა გადაირბინა და მოძრავის ავტომობილის ქვეშ აღმოჩნდა. ძრავის ქვეშ გაჭერილი ბიჭი საშინლად ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. ხმაურზე ბავშვის მეზობლები 20 წლის დონა მაკნამი და 19 წლის აბიგაილ სიკოლო გამოჩნდნენ. დონა მაკნამი, რომელიც ოთხი შვილის დედაა, მომხდარს ასე იხსენებს: „ჩვენ მხოლოდ მის პატარა ფეხებს ვხედავდით. ბავშვი ძრავის ქვეშ გაიჭედა და ყვიროდა. რაღაც უნდა გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ“ ორმა ქალმა და მაკნამის მამამ 1.1 ტონიანი Renault Clio გადააბრუნა, რომ ბიჭი გადაერჩინა.
ბიჭუნამ ფეხი მოიტეხა და დაზიანებები მიიღო, რასაც მოგვიანებით პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ რომ არა ორი დედის გმირობა, ბავშვი დაიღუპებოდა.

7. დედა, რომელიც შვილის გამო ტორნადოს შეებრძოლა
ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ის ლუიზიანას შტატმა უამრავი სტიქიური უბედურება გადაიტანა და ბევრი ადამიანი დაკარგა. 2011 წლის 6 მარტიც ერათ-ერთი ასეთი დღე იყო, როცა პატარა ქალაქ რეინს ძლიერი ტორნადო დაატყდა. ქარიშხალმა, რომელიც 217 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობდა, დაახლოებით 150 სახლი გაანადგურა. მათ შორის აღმოჩნდა ჯელისა გრეინჯერისა და მისი მცირეწლოვანი შვილის სახლი. ქალი შვილს სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა და საკუთარი ტანით ფარავდა. საბოლოოდ, დედა დაიღუპა, მაგრამ ბავშვი გადარჩა. ჯელისა გრეინჯერი 21 წლის იყო.

8. დედა, რომელმაც შვილი გამტაცებლებისგან იხსნა
2014 წლის 2 მაისს 23 წლის დედა, პრისცილა ეკპენიონგი და მისი 9 თვის ქალიშვილი ემანუელა ავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ და ტრანსპორტს ელოდნენ. პრისცილამ ტაქსი გააჩერა და შვილთან ერთად სოფელ იდომაში გაემგზავრა. მათთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა უცნობი ქალი ასევე, შვილთან ერთად.
გზაზე მანქანა ორმა უცნობმა მამაკაცმა გააჩერა და დედებისთვის შვილების წართმევა სცადა. პრისცილა თავგანწირული ყვიროდა და შველას ითხოვდა.
ბოროტმოქმედებმა ქალები ავტომობილიდან გადაგდება და გაქცევა სცადეს, მაგრამ პრისცილა შვილს ხელს არ უშვებდა. ავტომობილმა ქალი დაახლოებით 500 მეტრი ათრია, სანამ ადგილზე პოლიცია გამოჩნდებოდა.
ტაქსის მძღოლი და მისი თანამზრახველები გაიქცნენ, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ყველა დააკავა.
23 წლის დედამ სერიოზული დაზიანებები მიიღო და რამდენიმეთვიანი მკურნალობა დასჭირდა. პრისცილას მკურნალი ექიმის თქმით, მისი ხელები ისეთივე ძლიერია, როგორც სიყვარული შვილის მიმართ!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა