თეგებით ძიება

რა იწვევს თმის ცვენას ქალებში?

მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებში თმის ცვენა ლოკალური იშვიათად არის - თმის შესამჩნევი გაიშვიათება, როგორც წესი, თავის მთელ ზედაპირს მოიცავს. სუსტი სქესის წარმომადგენლებში თმის ცვენის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებაა (სტრესი, რადიაცია, ეკოლოგია, მკაცრი დიეტა, ამა თუ იმ პრეპარატის უკონტროლო მიღება და სხვა).

როდის არის სიტუაცია საგანგაშო

დღეში თმის 100-მდე ღერის გაცვენა ნორმალურად (ფიზიოლოგიურად) ითვლება, თუმცა ამ ოფიციალურ მაჩვენებელს ზოგიერთი სპეციალისტი სკეპტიკურად უყურებს და შემდეგი არგუმენტი მოჰყავს: ზოგიერთს თავზე 50 000 ღერი თმა აქვს, ზოგიერთს - 150 ათასი, ასე რომ, ცვენის ინტენსივობა არსებულის შესაბამისი უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ამა თუ იმ გარემოების გათვალისწინებით ინდივიდუალურია - ის, რაც ერთისთვის ნორმაა, მეორისთვის პათოლოგიად ითვლება და ა.შ. ყველაზე უტყუარი მაინც საკუთარი დაკვირვება და ანალიზია. თმის ცვენა გაგიძლიერდათ თუ არა, ამას თქვენზე უკეთ ვერავინ შეაფასებს. საორიენტაციოდ შემდეგი ტესტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: აიღეთ დაახლოებით 15 ღერის შემცველი კულული და ძლიერად მოქაჩეთ ძირების არეში. თუ ხელში თმის სამ ღერზე მეტი შეგრჩათ, ე.ი. თმის ცვენა ნამდვილად გაძლიერებული გაქვთ და აუცილებელია სათანადო ზომების მიღება.


თმის ცვენის მიზეზები

თმის ცვენას ზოგჯერ ამა თუ იმ ჰორმონული პრეპარატის მოხსნა იწვევს. აღნიშნული მედიკამენტები კარგ ფონს უქმნიან თმის ღერებს ზრდა-განვითარებისათვის, მათი მიღების შეწყვეტა კი აძლიერებს თმის ცვენას.
"ჰორმონული გამეჩხერება" ვითარდება აგრეთვე აბორტის შემდეგ ჰორმონთა დისბალანსის ფონზე და ხშირად 1-2 თვეში წყდება.

არსებობს ანდროგენული ტიპის თმის ცვენა. ის მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და გამელოტების ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ქალის ორგანიზმში გამოიყოფა არა მხოლოდ მდედრობითი სასქესო ჰორმონები - ესტროგენები, არამედ მამრობითი სასქესო ჰორმონებიც - ანდროგენები. ეს უკანასკნელნი ამოკლებენ თმის ღერების სასიცოცხლო ციკლს. საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქციის (ფუნქციის დარღვევის) დროს ქალის ორგანიზმში იმატებს ანდროგენების დონე, რაც მეტისმეტად აძლიერებს თმის ცვენას.

ანდროგენული ტიპის თმის ცვენას ხელს უწყობს აგრეთვე მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა. ასეთ შემთხვევაში ხალხური მეთოდები უძლურია. საჭიროა სათანადო გამოკვლევების ჩატარება, კვალიფიციური კონსულტაცია, სწორი დიაგნოზის დასმა, ლაბორატორიული მეთოდებით მისი დამტკიცება და შემდეგ სათანადო მკურნალობა. ეს ენდოკრინოლოგის, კოსმეტოლოგისა და დერმატოლოგის კომპლექსური საზრუნავია. საკმაოდ ძნელად მოსაგვარებელი პრობლემაა, თუმცა ბევრ პაციენტში დადებითი შედეგი აშკარაა. მკურნალობა ზოგჯერ ჰორმონული პრეპარატების ჩართვას მოითხოვს. ეფექტურია მეზოთერაპიაც - ჰომეოპათიური, ვიტამინო-მინერალური კომპონენტებისა და ცოცხალი უჯრედების - ფიბრობლასტების მიკროინექციების სახით. ზოგიერთი სპეციალისტი დადებით შედეგს აღწევს ანტისებორეული პრეპარატებით, რომლებიც სალიცილის მჟავას, კუპრსა და ფიტოკომპოზიციებს შეიცავს.

თმის ცვენა ხშირად პირდაპირ კავშირშია დიეტასთან. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი, რომელსაც ასე ინტენსიურად ებრძვიან, თანაც - მეტად არასწორი მეთოდებით, მხოლოდ "უშნო ქონი" კი არ არის, არამედ ჰორმონული ფუნქციის მქონე ორგანო. ქალბატონი, რომელიც სიმსუქნით არ გამოირჩევა და სხეულის მასის 10%-ს კარგავს, თავს ცილოვანი დეფიციტისა და მინერალური დისბალანსის საფრთხეში იგდებს. გახსოვდეთ: "ჰოლივუდურ გარეგნობას" შეიძლება ვერ მიაღწიოთ, მაგრამ თმის ცვენის გაძლიერებას, ფრჩხილების განშრევებასა და მტვრევას აუცილებლად მიიღებთ. ჩ, B5, B6, PP ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები (თუთია, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და სხვა) თმის ძირების ჯანმრთელობისა და ღერების კვებისათვის აუცილებელია. ამ საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, გამოწვეული თამბაქოს წევით, ამა თუ იმ პრეპარატის მიღებით, დიეტით თუ სხვა მიზეზით, თმის ცვენას აძლიერებს. თმის გახანგრძლივებული ცვენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ თმის ღერების კომპლექსური მიკროსკოპიული ანალიზი ვიტამინომინერალურ ბალანსზე და ენდოკრინული გამოკვლევა.

თმის ცვენა ძლიერდება მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც. საქმე ის არის, რომ ორსულობისას თმა ინტენსიურად იზრდება და 10-15%-ით კიდეც ხშირდება, რადგანაც პლაცენტა დამატებით გამოყოფს ესტროგენებს - ქალის სასქესო ჰორმონებს, რომლებიც თმის ზრდისა და სიცოცხლის ციკლს ახანგრძლივებს. 9 თვის შემდეგ კი ეს "პლაცენტური დოპინგი" იწურება და მეძუძური დედა პრობლემის წინაშე დგება. თუმცა ამ მდგომარეობას დაავადებად ვერ განვიხილავთ. მშობიარობიდან 7-8 თვის განმავლობაში გაძლიერებული თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. მთავარია, ის ქრონიკულ პროცესში არ გადაიზარდოს. ამისთვის კი სათანადო ჰიგიენა და კვებაა აუცილებელი. თუ ორიოდე თვეში თმის ცვენა არ შენელდა, მიაკითხეთ სპეციალისტს, მანამდე კი არაფერია საგანგაშო.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა