ცოლების საკითხავი - როგორ გადავიტანოთ ქმრის ღალატი
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მამაკაცებს ყველა პოლიგამიურ არსებებად მიიჩნევს, ამიტომ ქმრის ღალატს ცოლების გარკვეული ნაწილი მშვიდად ხვდება. საზოგადოდ კი ქალები ასაკის შესაბამისად რეაგირებენ. მაგალითად, 25 წლამდე ასაკის გოგონებს მიაჩნიათ, რომ ღალატის პატიება არაფრით არ შეიძლება, რაკი სხვაზე გაგცვალა, ე. ი. არ უყვარხარ და გაყრა გარდაუვალია. 30 წელს გადაცილებული ქალები ფიქრობენ, რომ თუ ქმარმა ერთხელ გიღალატა, პატიება შეიძლება. 40 წლის ქალები ღალატს მხოლოდ ქმრის ორ ოჯახად ცხოვრებას უწოდებენ, ხოლო 50 წელს გადაცილებულები ამბობენ, რომ ღალატი მხოლოდ ის არის, თუ ქმარმა ოჯახი,
შვილები მიატოვა, ყველაფერი დანარჩენი კი მამაკაცის პოლიგამიურობით აიხსნება. თუმცა ყველა აღიარებს, რომ ღალატი ნდობისთვის მიყენებული დარტყმაა.
როგორ არ დავუშვათ ღალატი
თუ ხშირად გესმით ფრაზა, რომ ყველა მამაკაცი მოღალატეა, არ დაიჯეროთ. მამაკაცი, რომელიც განზე იხედება, პირველ რიგში ეძებს მეგობარს, ადამიანს, რომელიც მას ისეთს მიიღებს, როგორიც არის.
თანამედროვე ცოლები კი რას აკეთებენ? როგორც კი ქმარი შინ ბრუნდება, მაშინვე თავს ატეხენ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ ნეგატიურ ემოციას. ქალს დაფიქრება მართებს, ვისთან ერთად ცხოვრობს, რა იცის მასზე, აინტერესებს თუ არა მისი პრობლემები, თანაუგრძნობს თუ არა მას მძიმე მდგომარეობაში. თუ გსურთ, ქმარმა არ გიღალატოთ:
1. დაუმეგობრდით, მოუსმინეთ და თანაუგრძნეთ.
2. პატივი ეცით მის აზრს. მამაკაცები არც ისე სულელები არიან, როგორც ზოგიერთ ქალს ჰგონია, იყავით ობიექტურები.
3. მოძებნეთ საერთო ინტერესები და ეცადეთ, მეტი ხანი გაატაროთ ერთად.
4. ეცადეთ, გაამართლოთ მისი მოლოდინი ცოლქმრული ცხოვრების ინტიმურ სფეროში.
5. თუ გგონიათ, რომ ქმრად გერგოთ მამაკაცთა მოდგმის ყველაზე უვარგისი წარმომადგენელი, გაიხსენეთ, რომ ყველა დიდი მამაკაცის გვერდით იდგა ჭკვიანი, ბრძენი ქალი და თუ თქვენმა ქმარმა ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია, თქვენი `დამსახურებაც~ არის. ოღონდ ნუ დაიწყებთ მის აღზრდას და ნუ მოსთხოვთ შეუძლებელს, იყავით გონიერი და ნებისმიერ შემთხვევაში გვერდით დაუდექით.
როგორ გადავიტანოთ ქმრის ღალატი
* დაფიქრდით, ასაიდუმლოებდა თუ არა იგი საკუთარ საქციელს. თუ მალავდა, ე. ი. თქვენს გრძნობებს უფრთხილდებოდა, ანუ თქვენი დაკარგვისა ეშინოდა.
* გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება - როგორი ქმარი და მამაა, თავადაც ხომ არ მიგიძღვით ბრალი მის ღალატში. თუ იგი კარგი მამა და ქმარია და გიყვართ, მაშინ ჯობს აპატიოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა იღონოთ, რომ ეს ღალატი უკანასკნელი იყოს.
* ესაუბრეთ ქმარს ყვირილისა და ჩხუბის გარეშე. გაგიჭირდებათ, მაგრამ არც ის იგრძნობს თავს კარგად. გაარკვიეთ, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, რა აკავშირებს იმ ქალთან და შეუძლია თუ არა ურთიერთობის გაწყვეტა. თუ მამაკაცმა ღალატი დამალა, მაშასადამე, ოჯახის შენარჩუნება სურს. საუბრის ბოლოს კი წაუყენეთ ძირითადი პირობა - ის აღარასოდეს უნდა შეხვდეს იმ ქალს. აიძულეთ, წაშალოს ტელეფონის მეხსიერებიდან მისი ნომერი და გააფრთხილეთ, რომ ამას მკაცრად გააკონტროლებთ.
* მოძებნეთ შეხების წერტილი, საერთო ინტერესები, ერთად წადით დასასვენებლად ან სამოგზაუროდ, მოაწყვეთ ოჯახური ზეიმი.
* ნაკლები ეწუწუნეთ და მეტი მოუსმინეთ.
* მეტი ყურადღება დაუთმეთ სახლს. ქმარი სამსახურის შემდეგ იქით გაიწევს, სადაც სითბო, სინათლე, სილამაზე და სისუფთავეა. ამიტომ ეცადეთ, შინ გემრიელი ვახშამი, ლამაზად გაწყობილი სუფრა და სასიამოვნო ატმოსფერო დაახვედროთ.
* ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობასა და განწყობას. ხშირად გაიღიმეთ, იყიდეთ წვრილმანი ნივთები, რომლებიც გაგალამაზებთ.
* არავითარ შემთხვევაში არ შეიწუხოთ თავი იმაზე ფიქრით, ვისთან გიღალატათ. მით უმეტეს არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ თქვენ მასზე შეუხედავი, მსუქანი და ხნიერი ხართ. თქვენ გაიმარჯვეთ, მაშასადამე, უკეთესი და უფრო მომხიბვლელი ბრძანდებით. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საკუთარ ძალებში დაეჭვებული ქალი.
როგორ მოვიქცეთ ქმრის ღალატის შემდეგ?
ალბათ მკაცრად უნდა განვსაზღვროთ, გვინდა თუ არა ეს ადამიანი, შევძლებთ თუ არა მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. როცა ამას გაარკვევთ, მხოლოდ მაშინ შეიძლება სამომავლო გეგმების დაწყობა. თუ მასთან დარჩენა გადაწყვიტეთ, რამდენიმე მომენტის გათვალისწინება მოგიწევთ:
* არასოდეს შეახსენოთ მისი ღალატის შესახებ (თქვენვე დაზარალდებით).
* ისე მოიქეცით, რომ მხოლოდ თქვენთან ყოფნის სურვილი ჰქონდეს. თავს მოუარეთ.
* ხშირად გაიღიმეთ.
* ნუ იწუწუნებთ წვრილმანებზე.
* ხშირად შეაქეთ, იყავით ყოველთვის კარგ გუნებაზე. მართალია, რთულია, მაგრამ შესაძლებელია.
მთავარია, საკუთარ თავს აფასებდეთ და გიყვარდეთ. მამაკაცებს სწორედ ასეთი ქალები იზიდავენ.
mkurnali.ge