თეგებით ძიება

როგორ გვატყუებენ ეტიკეტები

მომხმარებლებს ხშირად აფრთხილებენ მარკეტოლოგთა ხრიკების შესახებ, თუმცა მათი ქსელებიდან თავის დაღწევა ადვილი არაა.

ჩვენ შევადგინეთ მარკეტოლოგთა ყველაზე პოპულარული ხრიკების სია და ვეცადეთ გავერკვია, რა იმალება მათ მიღმა.

„შეიცავს ვიტამინებს“
ხშირად ასეთი წარწერა რძის პროდუქტებზე გვხვდება, რაც ტყუილი არ არის, მაგრამ სიმართლესაც არ ჰგავს. საქმე ისაა, რომ რძე თავისთავად შეიცავს ადამიანისთვის სასარგებლო ვიტამინებსა და სასარგებლო მიკროელემენტებს, ამიტომ შეფუთვაზე ამის დიდი ასოებით განთავსებით მწარმოებლები ეშმაკობენ და ცდილობენ დაგაჯეროთ, რომ მათი პროდუქტი უფრო სასარგებლოა, ვიდრე სხვა.

„არ შეიცავს შაქარს“
ეს აღნიშვნა სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტი სასარგებლოა. ეს წარწერა გულისხმობს, რომ პროდუქტში საქაროზა შეცვლილია ფრუქტოზით ან სხვა ბუნებრივი ან ხელოვნური დამატკბობლით - იქნება ეს სიმინდის სიროფი, სახამებლის სიროფი და ხილის კონცენტრატი. პროდუქტი შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი დამატკბობლების ისეთ რაოდენობას შეიცავდეს, რომ ამას შაქრის შემცველობა სჯობს. ყურადღებით წაიკითხეთ ინგრედიენტების სია და ყურადღება მიაქციეთ დამატკბობლების რაოდენობას. ეს განსაკუთრებით „დიეტურ“ პროდუქტებს ეხება - მწარმოებლებს ასეთ პროდუქტებში განსაკუთრებით მოსწონთ დიდი რაოდენობით შაქრის შემცვლელების დამატება.

„არ შეიცავს ქოლესტერინს“
დღეს ასეთი წარწერა შეიძლება სრულიად მოულოდნელ პროდუქტებზე შეგხვდეთ - მაგალითად, მცენარეულ ზეთებზე. საქმე ისაა, რომ მცენარეული ზეთი შეუძლებელია შეიცავდეს ქოლესტერინს, რომელიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტია და ამის ეტიკეტზე აღნიშვნა მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია.

„ნატურალური პროდუქტი“
ეს მწარმოებლების ყველაზე საყვარელი ნიშანია. დღეს არ არსებობს მკაცრად დადგენილი წესები, რომლებიც პროდუქციაზე ასეთი წარწერის განთავსების უფლებას იძლევა ან კრძალავს. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ „ნატურალურ პროდუქტში“ სხვადასხვა ინგრედიენტების სინთეტიკური ანალოგი აღმოაჩინეთ.
მწარმოებლების კიდევ ერთი ხრიკი - კანონის თანახმად, წარწერა „არ შეიცავს გმო“-ს შეიძლება იყოს მხოლოდ იმ პროდუქტზე, რომელიც, არ შეიძლება გმო-ს შეიცავდეს. ანუ, თუ პროდუქტი შეიცავს გმო-ს, მაშინ ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე, ხოლო თუ ასეთი წარწერა არ არსებობს, მაშინ პროდუქტში გმო არაა.

„მთლიანი მარცვლით დამზადებული“
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წარწერა პურის ბევრ პროდუქტზე გვხვდება, ეს სარგებლობის გარანტია არ გახლავთ. კარგად დააკვირდით პროდუქტის შემადგენლობას და ნახავთ, რომ პირველ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოვლად უსარგებლო რაფინირებული ფქვილია და „მთლიანი მარცვალი“ სადღაც ბოლოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა