ზეითუნის ზეთი თქვენი თმის სამსახურში
თმის მოსავლელად ზეითუნის ზეთს ქალბატონები ხშირად იყენებენ. დღეს გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო რეცეპტს, რომელიც თქვენს თმას სიძლიერესა და სილამაზეს დაუბრუნებს.
სანამ კოსმეტიკური მიზნებისთვის ზეითუნის ზეთს შეიძენდეთ, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:
1. ყურადღება მიაქციეთ მის ფერს: ნამდვილი ზეითუნის ზეთი მომწვანო-მოყვითალო შეფერილობისაა.
2. ზეითუნის ზეთის ფასი, მზესუმზირისას რამდენიმეჯერ აღემატება.
3. ყველაზე ხარისხიანად ის ზეითუნის ზეთი ითვლება, რომელიც ცივი, ერთჯერადი გამოწურვითაა მიღებული - ამას მწარმოებელი ეტიკეტზე ყოველთვის უთითებს, ამიტომ ნუ დაგეზარებათ, წაიკითხეთ.
ახლა კი, გადავიდეთ ზეითუნის ზეთისგან დამზადებული თმის ნიღბების რეცეპტებზე, ისინი ყველა ტიპის თმას უხდება: მშრალი თმა რბილდება, უუმჯობესდება სტრუქტურა, თავიდან გაშორებთ მკვდარ უჯრედებს, რაც მის ზრდას აჩქარებს, ასტიმულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. საუკეთესო ვარიანტია, თუ ასეთ ნიღბებს თვეში ერთხელ გამოიყენებთ.
ზეითუნის ზეთის ნიღაბი ხნით
თუ მიზნად თმის გამაგრება გაქვთ დასახული, გამოიყენეთ ეს ნიღაბი 4 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ. მომზადების წესი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ხნა და ამავე რაოდენობის ზეითუნის ზეთს გულდასმით შეურიეთ, შემდეგ დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი კონიაკი. ნიღბის თმაზე დატანება თმის ძირებიდან დაიწყეთ და მთელ სიგრძეზე თანაბრად გაინაწილეთ, 1 საათში ჩამოიბანეთ.
ზეითუნის ზეთის ნიღაბი ჟოჟობით
ეს ნიღაბი მოუხდება მათ, ვისაც მშრალი თმა აქვს, მისი გამოყენების შემდეგ თმა მტვრევადი აღარ იქნება, ბზინვას დაიწყებს და ხავერდოვანი სტრუქტურა გაუხდება. მომზადების წესი: აიღეთ ერთი და იგივე პროპორციების ზეითუნისა და ჟოჟობის ზეთები, ერთმანეთს შეურიეთ და შეათბეთ. მიღებული მასა თმაზე თანაბრად გადაინაწილეთ, გაიჩერეთ 1 საათით და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.
ზეითუნის ზეთის ნიღაბი კვერცხის გულით
ეს ნიღაბი განკუთვნილია ქალბატონებისთვის, რომლებსაც თმა ნელა ეზრდებათ: აიღეთ 30 გრამი ზეითუნის ზეთი და შეურიეთ მას 2 კვერცხის გული, მიღებული მასა თმაზე წაისვით, 30 წუთით გაიჩერეთ და შამპუნით ჩამოიბანეთ.