თეგებით ძიება

აა ძამა, ხალხი და სიმღერა, არიქა!

„მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა გურულები და დანარჩენები“- გიორგი კეკელიძის ამ სიტყვებიდან გამომდინარე, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე არის გურია, რომელიც გამოირჩევა თვალწარმტაცი ბუნებითა და უძველესი ისტორიული ძეგლებით.

პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება მე-8 საუკუნეში მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. ასევე ურარტუს ისტორიულ წყაროებში გურია მოხსენიებულია, როგორც ქვეყანა- „გურიანა“. გარდა ამისა გურიის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა ნიკო მარიმ, მისი აზრით გურია „მზის შვილს ნიშნავს“, ხოლო მარი ბროსეს აზრით, გურია შესაძლოა მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისგან „გუარე“.

ამდენად, გურია ის კუთხეა, სადაც შეძლებთ დასვენებას ზღვის სასიამოვნო სანაპიროზე, ასევე მთაში, სადაც ნისლი, მზე, ნაძვნარი და ყვავილები ულამაზეს პეიზაჟებს ქმნის.

გურია გამორჩეულია ულამაზესი პატარა სოფლებით და ამ სტატიაში გვინდა გამოგზაუროთ გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე მდინარე სუფსის ხეობაში მდებარე პატარა სოფელ აკეთში, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს და ოთხ სოფელს ქვემო და ზემო აკეთს, გაგურსა და ჭანჭათს აერთიანებს. აკეთის სახელწოდება გადმოცემის თანახმად სიტყვა „ აკეთედან“ მოდის.

აა ძამა, ხალხი და სიმღერა, არიქა!


ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის, რომ აკეთი გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და ღირსშესანიშნაობებით.

აღსანიშნავია, რომ 1893 წლის 22 აგვისტოს აკეთში გაიხსნა სახალხო ბიბლიოთეკა, რომლის მისია იყო სოფლად გლეხობაში წიგნიერების გავრცელება, ხოლო 1905 წელს რევოლუციური მოვლენების გამო ხელისუფლებამ ბიბლიოთეკა დახურა, დღეისთვის ის ისევ ფუნქციონირებს და აკეთელი ახალგაზრდებითვის ერთ-ერთ საყვარელ თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.

დღეისათვის სოფელში ფუნქციონირებს ორი: მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ეკლესია, ხოლო ერთი, წმ. გიორგის ტაძარი საჭიროებს რესტავრაციას.



აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე ტაძრის წინამძღვარი არის მამა მიქაელ მახარაძე, რომელიც ახალგაზრდებს უნერგავს თავისი მიწა-წყლის სიყვარულს. მისი ინიციატივით აკეთის მაცხოვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო ჩხავერის ჯიშის ყურძენი, ხოლო სამუშაო პროცესში ჩართული იყო აკეთის ახალგაზრდობა.

გარდა ამისა, მამა მიქაელის ინიციატივით, აკეთში ჩამოყალიბდა მგალობელთა გუნდი, რათა დავიწყებას არ მისცემოდა აკეთლების უნიკალური ღიღინი, რადგანაც აკეთლები სიმღერის უნიკალური შემსრულებლები იყვნენ და არიან. ამასთან დაკავშირებით კი ცნობილია ხუხუნაიშვილების ანუ „შვიდკაცას“ გუნდი, „აკეთლების ღიღინი“.



ხუხუნაიშვილებმა, რომლებიც გურული მუსიკის უბადლო შემსრულებლები იყვნენ, საფუძველი ჩაუყარეს გურული მუსიკის ანუ კრიმანჭულის განვითარებას.

დღეისთვის მათი საფლავები აღმოჩენილი და რესტავრირებულია სოფელში, რომლებსაც პატივს მიაგებს მთელი საქართველო და ამ საფლავების სანახავად ბევრი ვიზიტორი ჰყავდა სოფელს გასული 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში, მათ შორის 9 აგვისტოს ხუხუნაიშვილების რესტავრირებული საფლავები მოინახულა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზუაბიშვილმა, ანზორ ერქომაიშვილთან და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენლებთან ერთად.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე ჩვენი, ახალგაზრდა აკეთლების სიამაყეს წარმოადგენს ის ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს და დღემდე მოიტანეს ჩვენი კულტურა და წეს-ჩვეულებები. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თითო სოფელი თუ ქალაქი ცალკე წიგნია, ცალკე მოსაყოლი დიდი ამბავი და ჩვენს სოფელს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. სწორედ ახალგაზრდების თვალით დანახულ პრობლემას „ცარიელი სახლები“ წარმოადგენს. არადა სოფლად ყოფნას არაფერი ჯობია, როცა თვალებს დახუჭავ და აყვავებულ ხეებს, ახლადამოსულ მწვანე ბალახს, მიწის სურნელს იგრძნობ და უყურებ იქვე ახლადდამუშავებულ მიწას, ხნულებს და მოფუსფუსე ადამიანებს.

ამდენად, ჩვენი ახალგაზრდა თაობის მიზანს წარმოადგენს სოფლის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ამისათვის კი აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, რომლის საშუალებითაც წვლილს შევიტანთ ჩვენი სოფლის განვითარებაში და იმ პრობლემების აღმოფხვრაში. კერძოდ, ჩვენი დიდი სურვილია აკეთის ტაძარი იყოს სრულად რესტავრირებული, რათა ეს ტაძარი არის მე-12 საუკუნეში აგებული და აკეთის მგალობლებისთვის და სხვა ახალგაზრდებისთვის შეიქმნას სივრცე, სადაც შეგვეძლება ახალგაზრდებმა დაგვეგმოთ და განვახორციელოთ სხვადასხვა იდეები. ჩვენს დევიზს წარმოადგენს სიტყვები: „არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ“.


სტატიის ავტორები: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა