თეგებით ძიება

მოსახლეობისგან დაცლილი გუდამაყრის ხეობა

გუდამაყარი - საქართველოს აღმოსავლეთით, მდინარე არაგვის ხეობაში მდებარე მხარე, სადაც განსაკუთრებულ პატივს სცემენ ტრადიციებსა და რელიგიურ დღესასწაულებს.

გუდამაყარში მარიამობის დღესასწაულზე განსაკუთრებით ბევრი ხალხი იკრიბება. მნახველები მოდიან მთელი საქართველოდან და შესაძლოა უცხოელებსაც კი მოჰკრათ თვალი. თუმცა, დანარჩენ დღეებში გუდამაყარი და მის ირგვლივ განლაგებული სოფლები დაცარიელებულია, იშვიათად თუ შენიშნავთ სინათლეს სახლებში, კვამლს საკვამურებში და ბავშვების ჟრიამულს ეზოებში.

მოსახლეობისგან დაცლილი გუდამაყრის ხეობა


გუდამაყრის სილამაზე თვალს მოსჭრის ნებისმიერ სტუმარს, თუმცა, დღეს იგი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. გუდამაყრის ხეობა ყოველ წლიურად "იძარცვება" მაცხოვრებლისგან, რაც თავისთავად სერიოზული რისკის წინაშე აყენებს, როგორც თემში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე თავად თემს.

მაინც, რა იწვევს მოსახლეობის გადასახლებას ტერიტორიიდან? საქმე იმაშია, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს მთაში თავის რჩენა, განსაკუთრებით ზამთარში, რომელიც აქ ძალიან სუსხიანი და ცივია.

გუდამაყარში მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობით ირჩენს თავს, რაც მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით კი ასაკიანი მოსახლეობისთვის ძალიან რთულია, რადგან მესაქონლეობა ხშირად ფიზიკურ შრომასაც მოითხოვს, მთაში სხვა მხრივ დასაქმება საკმაოდ რთულია, ვიტყოდი, შეუძლებელიც კი.

გუდამაყარში წვიმიანობისას არაგვი ხშირად დიდდება, რაც იწვევს სამანქანო და საფეხმავლო გზის განადგურებას, შესაბამისად, მოსახლეობას ურთულდება გადაადგილება. ასევე, ზოგიერთ სოფელში, მაგალითად ბურსაჭირში, საფეხმავლო გზაც არაა, რაც ართულებს სოფლის ტერიტორიაზე ბავშვებისა და მოხუცებულების გადაადგილებას.



სამანქანო და საფეხმავლო გზასთან ერთად გუდამაყრში მოსახლეობას არ აქვს ცხელი წყალი, ბუნებრივი აირი და ხშირად ელექტრო ენერგიაც, რაც ართულებს გრძელი და სუსხიანი ზამთრის გადაგორებას.

გუდამაყარი უდიდესი რესურსის წყაროა აღმოსავლეთი საქართველოსთვის, თუმცა, დღეს მას საკმარისი ყურადღება არ ექცევა. სწორედ ამიტომ, იგი დაცარიელების პირასაა, რაც თავისთავად გამოიწვევს მესაქონლეობის შეწყვეტას და ამ გზით მომავალი რესურსის ამოწურვას აღნიშნულ ტერიტორიაზე.

რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის შესაჩერებლად? საჭიროა შესაბამისი თანხების გამოყოფა და დაგეგმა, რათა გუდამაყრის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგია, ასევე აუცილებელია შესაბამისი დაგეგმარების გზით სამანქანო და საფეხმავლო გზების გაყვანა, რაც გაუმარტივებს მოსახლეობას მშობლიურ მთებში ცხოვრებას.



მთა მუდმივად იყო მფარველი ბარისა, დღეს კი იგი გაძარცვულია. ფერდობები გაივსო ნასახლარებითა და ნასოფლარებით, ხშირად შეხვდებით ცრემლიან მოხუცებს, რომლებიც მუდმივად გასცქერიან გზას შვილებისა და შვილიშვილების მოლოდინში. მოხუცებს, რომლებსაც არ ემეტებათ საკუთარი კარ-მიდამო და არ ტოვებენ მთას, იმის მიუხედავად, რომ იგი ზამთარში სუსხსა და სიცივეს ჰპირდება.

გაძარცვულა სახლები, აივნებზე ვეღარ დაინახავთ გასაშრობად გაფენილ ფერად-ფერად ტანსაცმელს, ეზოში ვერ შენიშნავთ ათასნაირ სათამაშოს, ვერ გაიგებთ ჩონგურისა და სიმღერის ხმას.


ერთად შევაჩეროთ მთა დაცარიელებისგან!

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა