თეგებით ძიება

როგორ გავახაროთ ვარდი ალოეს ტოტით?

გრძელი ზამთარი უკან დარჩა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ კალენდარში. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ჯერ ისევ თოვლი და ყინვებია, თუმცა მიწის სამუშაოები, მცენარეების დარგვა-გადარგვის პროცესი უკვე დაწყებულია.

ვარდი საქართველოში ყველაზე პოპულარული მცენარეა, რომელსაც გამუდმებული მოვლა სჭირდება. ის აუცილებლად მზიან ადგილას უნდა დაირგას, რადგან ჩრდილში სუსტად იზრდება, უღიმღამოდ ყვავის და ადვილად ავადდება. ადვილად ზიანდება ასევე ძლიერი ქარისგანაც - ხშირად არა მარტო ფოთლები და ყვავილები ზიანდება, არამედ შეიძლება, ტოტებიც დაიმტვრეს. ვარდს უხვად მორწყვა უყვარს, ოღონდ ნიადაგი წყლის კარგად გამტარი უნდა იყოს. დამდგარ წყალს ვერ იტანს. კარგი იქნება თუ გაზაფხულზე სასუქს შეაშველებთ. როგორც წესი, ეს გადამწვარი ნაკელი ან მინერალური აზოტიანი სასუქი უნდა იყოს. ზაფხულში, პირველი ყვავილობის დამთავრების შემდეგ კომბინირებული მინერალური სასუქიც შეგიძლიათ მისცეთ.

ვარდს ყველაზე ხშირად კალმით (ნასხლავი ტოტები) ამრავლებენ. ამისთვის საუკეთესო დრო ადრე გაზაფხული ან გვიან ზაფხულიდან ადრე შემოდგომამდე პერიოდია. ჩვენ შემოგთავაზებთ ვარდის კალმის დასაფესვიანებლად ერთ ძალიან უცნაურ და საინტერესო გზას, რომელიც შრომას გაგიადვილებთ და ეს გზა ალოეზე გადის.

ალოეს დახმარებით ვარდის დაფესვიანების ორი განსხვავებული ხერხი არსებობს. პირველი - ვარდის ფესვთა სისტემის ხელსაყრელი განვითარებისათვის ერთგვარი მკვებავი სითხის შექმნა. ამისთვის ალოეს ფოთლს კანი გააცალეთ და მხოლოდ გამჭვირვალე, ლორწოვანი რბილობი დატოვეთ. ამის შემდეგ ალოეს ფოთოლი დაჭერით, ჯამში გადაიტანეთ, ცოტა წყალი დაასხით და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.

ვარდის ირიბად გადაჭრილი კალამი მოათავსეთ ალოეს ფოთლისგან მიღებულ მკვებავ სითხეში და ვარდისთვის შესაფერის გარემოში გადაიტანეთ. 5-7 დღის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ გაამართკლა ექსპერიმენტმა თუ არა და დაიწყო თუ არა ფესვებმა ჩამოყალიბება.

მეორე ხერხი უფრო მარტივია და ერთდროულად ბევრ პრობლემას ხსნის. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ალოეს ფოთლის ნაჭრის მოჭრა, რომელშიც ვარდის 4 კვირტიან ღეროს მოათავსებთ და დაუყოვნებლივ დარგავთ ვარდისთვის შესაფერის, ნაყოფიერ ნიადაგში.

მიწა 2 კვირის განმავლობაში, ყოველთვის ტენიანი უნდა იყოს (ზედმეტი არ მოგივიდეთ). ორიოდე კვირის შემდეგ დაინახავთ, რომ კვირტები ზრდას დაიწყებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა