"გიორგიმ შიში დამაძლევინა... ძალიან ბედნიერი ვარ" - მარიკა თხელიძე მეორედ ქორწინებასა და დეპუტატ მეუღლეზე
08:05 / 20-03-2021
"გიორგიმ შიში დამაძლევინა... ძალიან ბედნიერი ვარ" - მარიკა თხელიძე მეორედ ქორწინებსა და დეპუტატ მეუღლეზე, რომლის გამოც ბათუმში გადასახლდა
მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის სიყვარულის ისტორიის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. მარიკა წლებია კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხელოვნების დეპარტამენტში მუშაობს. გიორგი მანველიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია და ბათუმში ცხოვრობს.
მარიკა თხელიძეს პირველი ქორწინებიდან 4 წლის ნიკოლოზი ჰყავს. წლების წინ გიგა ანდრიაძისა და მარიკა თხელიძის ქორწინება მალე დასრულდა. მოგვიანებით, Mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში მარიკა ჰყვებოდა, რომ შვილი რომ შეეძინა, მეუღლეს უკვე დაშორებული იყო, თუმცა ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა...
"უმამოდ გაზრდილი ვარ და ჩემთვის ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა, ამ საკითხს მარტივად ნამდვილად არ ვუყურებ. ყოველთვის მინდოდა, ჰქონოდა ჩემს შვილს ის, რაც მე მაკლდა. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ვარ და ჩემთვის ადვილი არ იყო ოჯახის დანგრევა, გადაწყვეტილებაც მარტივად ან დაუფიქრებლად არ მიმიღია. მაგრამ ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამისგან დაზღვეული არავინ არის…“ - ამბობდა MSHOBLEBI.GE-სთან ინტერვიუში.
პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე ხატია კომახიძე გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარბარე მანველიძეები.
მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს.
"გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა…" - იხსენებდა მოგვიანებით ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში.
გიორგი კი მარიკას, როგორც მომღერლის, თაყვანისმცემელი გახლდათ. უსმენდა მის სიმღერებს, მოსწონდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ვარსკვლავი ოდესმე მისი მეუღლე გახდებოდა. წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, ამჟამად ბათუმში... ჯერჯერობით არ იციან, სად იცხოვრებენ მომავალში. მარიკა თხელიძე ინტერვიუზე ყოველთვის თავს იკავებს და ამჯერადაც არ სურს, კიდევ ერთხელ თავის გრძნობებზე ხმამაღლა ისაუბროს, თუმცა Ambebi.ge-სთან ამბობს, რომ ეიფორიაშია და მისი და გიორგის სიყვარული უკვე იმ ფაზამდე მივიდა, რომ მალე ამ ურთიერთობას დააკანონებენ. ქორწილსაც გეგმავენ, მაგრამ როდის, ჯერჯერობით არ იცის...
მარიკა თხელიძე:
- ძალიან ბედნიერი ვარ… როდესაც ჩემი და გიორგის ამბავი ჟურნალის საშუალებით გავრცელდა, უცნობმა ადამიანებმაც ძალიან დიდი სითბო გამოხატეს ჩვენს მიმართ. დღემდე ამით ვიმუხტებით და მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ვინც კეთილი სურვილები არ დაგვაკლო და ყველაფერი კარგი გაიმეტა ჩემთვის. საერთოდ სოციალურ ქსელში არ ვარ აქტიური და არც კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე.
არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არავისი არაფერი მოსწონს. არ მაქვს პრეტენზია ყველას მოვწონდე, არავის არაფერს ვუშავებ, გარდა იმისა, რომ ყველას როგორც მოყვარეს, ისე მტერს კარგს ვუსურვებ. ზოგადად სკანდლურ რესპონდენტად არ ვითვლები. ჩემი ოჯახიდან, აღზრდიდან და სტერეოტიპებიდან გამომდინარე არ ვარ ქაოსში ჩართული. ერთი-ორი ცოტა ისეთი კომენტარი რაღაც თუ ეწერა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ეს მათ ზნეობაზე და მორალზე მეტყველებს. ამ ადამიანებსაც მინდა, რომ სიკეთე და ბედნიერება ვუსურვო, ისეთი ბედნიერება, როგორსაც ახლა მე და გიორგი განვიცდით...
ambebi.ge