თეგებით ძიება

"მე გადავირჩინე თავი 200 დოლარად გაყიდვას, მაგრამ ვინ იცის, რამდენი ჩემნაირი ჩაითრიეს"

"ჩემს მეუღლეს "კოვიდი" ორჯერ დაუდასტურდა, პირველად აპრილის დასაწყისში, მეორედ - ნოემბერში. საბედნიეროდ, არც მე და არც ჩვენს შვილს არ გადაგვედო. პირველად იოლად გადაიტანა, მაგრამ მეორე შემთხვევის დროს ფილტვების ანთება და ტემპერატურა ჰქონდა. ვირუსმა დაუტოვა ჩივილებიც - დაღლილობა, ხველა, პირის სიმშრალე. გვეგონა, დიაბეტი დაემართა"

ეკატერინე ლოლაძე ბელგიის ქალაქ ოსტენდის მრავალპროფილიანი კლინიკის შეფმზარეულია. წლებია, ბელგიაში ცხოვრობს მეუღლესა და შვილთან ერთად. დღეს ის წარმატებული ქალია, ლაპარაკობს ნიდერლანდურად, ბერძნულად, რუსულად, ინგლისურად. გარდა ამისა, წერს ლექსებს, ხატავს, თუმცა მანამდე იყო ბევრი ტკივილი და სირთულე - 19 წლის დაქვრივდა, მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა და წლისა და 10 თვის ბიჭი დარჩა.­ 1990-იან­ წლებში დაამთავრა ქიმიის ფაკულტეტი და რაკი აქ ჭირდა­ სამსახურის შოვნა, საზღვარგარეთ, საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტა ისე, რომ არც იცოდა, რა ელოდა უცხო ქვეყანაში.

- ბერძნული ენა კარგად ვისწავლე, რაშიც იმ ოჯახმა, სადაც მუშაობა დავიწყე, ძალიან შემიწყო ხელი. დიასახლისი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო და თვითონვე მასწავლა ბერძნული. ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტე, სხვა სამსახური მეშოვა. სალონიკში იყო ე.წ. გრაფიოები, პატარა ოფისები - 100-200 დოლარს გადაიხდიდი და სამსახურს გაძლ­ევდნენ. მივედი ამ "გრაფიოში", სადაც ქართველი ქალი დამხვდა. არ ვიცი, რატომ,­ მაგრამ ინგლისურად დაველაპარაკე. რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, მეფერა და მკოცნა. მეც, დედასა და ყველას მონატრებულს, გული ამიჩუყდა. დამპირდა, სასწრაფოდ გიშოვი,­ დედიკო, სამსახურს, საუკეთესო სასტუმროშიო. არ მითქვამს, ბერძნულიც ქართულივით რომ ვიცოდი. მეორე დღეს დამიბარა,­ სამსახური გიშოვეო. მახარა, კვიპროსზე, სასტუმროში იცხოვრებ და კვებაც გექნება,­ მეპატრონე გადასარევი კაცია, ახლა აქ არის ჩამოსული პერსონალის ასარჩევად და შეგახვედრებო...

კარი გაიღო და შემოვიდა ბაბუ, კრიალოსნით ხელში. გვერდით ახა­ლგაზრდა კაცი მოჰყვებოდა. მუშტრის თვალით შემათვალიერეს და ამ ქალბატონთან დეტალებზე საუბარი­ დაიწყეს. ამ ქალმა უთხრა, თავისუფლად ილაპარაკეთ, ენა მაინც არ იცისო. თურმე ეს კაცი იყო ბორდელის მეპატრონე, თავის მცველთან ერთად. კარგა ხანს ვუსმინე­ ისე, რომ ხმა არ ამომიღია. ბოლოს ისეთი ამბავი დავატრიალე, ერთმანეთს ასწრებდნენ... მე გადავირჩინე თავი 200 დოლარად გაყიდვას, მაგრამ ვინ იცის, რამდენი ჩემნაირი ჩაითრიეს და წამალზე დასვეს, მერე რომ ემართათ!

სამწუხაროდ, ბერძნები უფრო ალალად დამეხმარნენ ბევრ რამეში, ვიდრე - ქართველები. ნელ-ნელა ვისწავლე, რომ უცხოეთში ბევრს არ უნდა ენდო და საკუთარი თავი თვითონ დაიცვა. პოლიციაშიც ვერ განაცხადებდი ვერაფერს, არავინ დაგიჯერებდა და უსაბუთოს უკანაც გამოგისტუმრებდნენ.

- ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენეთ...
- საკუთარი შვილი დატოვებული მყავდა და სხვის შვილს ვუვლიდი - ეს იყო ძალიან მტკივნეული. თან იმ წლებში ინტერნეტით ისე ხშირად ვერ ვუკავშირდებოდი­ ოჯახის წევრებს, როგორც დღეს. არ მინდოდა, მუდმივად ოჯახში მემუშავა, ვიცოდი, რისი პოტენციალიც მქონდა და ამიტომ სალონიკის უმაღლეს სკოლაში ჩავაბარე სასტუმროსა და რესტორნის მართვის განხრით. გადავწყვიტე, სამსახური კუნძულზე მეშოვა. იქ სასტუმროც ბევრი იყო და რესტორანიც, თან - უკეთესი ანაზღაურებაც. ვიშოვე სამუშაო რესტორანში, რომელიც ეკუთვნოდა ცოლ-ქმარს. ქმარი ბერძენი იყო, ცოლი - რუმინელი, ორი შვილი ჰყავდათ. რამდენიმე მიმტანი სჭირდებოდათ. ჩვენ იქვე უნდა გვეცხოვრა. სულ ჩხუბი და დავიდარაბა ჰქონდა ცოლ-ქმარს. მოპირდაპირე მხარეს სამლოცველო­ იდგა. ზოგჯერ ეზოში შევდიოდი და იქ ვიძინებდი,­ რადგან წასასვლელი არსად მქონდა. ამ კაცს ჯერ ცოლი გაექცა, მერე - ორივე თანამშრომელი ქალი და ბოლოს მე დავრჩი. მეშინოდა მასთან ერთად სასტუმროში ყოფნის და რამდენიმე­ ღამე გარეთ, ქუჩაში დავდიოდი. ფულსაც არ მაძლევდა, სადმე რომ წავსულიყავი ან ოთახი მექირავა. ხვალ მოგცემ, ზეგ მოგცემო, სულ ამას გაიძახოდა და ამასობაში 2.000 დოლარი დაუგროვდა. ამ დროს აბსოლუტურად­ დაუცველი ხარ და ახლაც კი, როცა ამას ვყვები, თითქოს თავიდან განვიცდი ყველაფერს. რამდენიმე დღეში ბერძენი გოგონები ჩამოვიდნენ სამუშაოდ. ჩემი ამბავი­ რომ ვუამბე, დამამშვიდეს, რამდენიმე დღე ვიმუშავებთ, ვნახავთ, რა ხდებაო.

იმათ ყველას გადაუხადა ნამუშევარი, მე კი - მხოლოდ 100 დოლარი­ და რომ გავაპროტესტე, მითხრა, აქ ჭამდი და აქ გეძინა, მეტი რატომ უნდა მოგცე, თუ არ გაჩერდები, პოლიციას დავურეკავ ან ბორდელის მეპატრონეს მიგყიდი,­ მისი ვალი მაქვსო. მოკლედ, წამოვედი. რთული იყო ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა... როდესაც გადარჩენისთვის იბრძვი, არჩევნის საშუალება არ გაქვს. გეშინია, ვიღაცამ არ მოგკლას, ცუდ ამბავში არ გაეხვიო.

მახსოვს, იმ პერიოდში მაკედონიიდან ჩამოსული ალბანელების ჯგუფი­ გოგონებს­ აუპატიურებდა, ხოცავდა, ანაწევრებდა და მარხავდა. ხუთი გოგო იპოვეს. ამ ბანდას ერთხელ მეც გადავეყარე, მაგრამ ერთ ალბანელ ბიჭს ვიცნობდი, რომელიც მებაღედ მუშაობდა იმ ოჯახში, სადაც მე. მისი სახელი ვახსენე და ამან მიხსნა.

- ბელგიაში როგორ აღმოჩნდით?
- რვა წლის იყო ჩემი შვილი, საქართველოში რომ დავბრუნდი... ვერ ვიცანი... ერთხანს სასტუმროში დავიწყე მუშაობა, მერე - ნავთობსაზიდი ტერმინალის მშენებლობის ოფისში და მალევე გავთხოვდი კიდეც. მეუღლე ქართველია. სწორედ მან გადაწყვიტა ბელგიაში საცხოვრებლად წამოსვლა, თორემ მე აღარ მინდოდა სხვა ქვეყანაში ყოფნა. თუ უკიდურესი მდგომარეობა არა გაქვს, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი... ბელგიაში თავდაპირველად ლტოლვილებად ჩავბარდით, ახლა კი უკვე მოქალაქეები ვართ. გვყავს 17 წლის გოგონა, მარიკო, ჩემი ვაჟი კი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის პრეზიდენტია, ყოფილი წყალბურთელი. მეუღლესაც ჰყავს­ შვილი პირველი ქორწინებიდან და ისიც თბილისში ცხოვრობს.

- ბელგიაში რა გზა გაიარეთ თავის დასამკვიდრებლად, სად მუშაობდით?
- ბავშვთა და მოზარდთა უმაღლესი ფსიქოლოგიური სკოლა დავამთავრე. რამდენიმე წელი პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებთან ვიმუშავე. ეს ძალიან რთული იყო. ასეთი ბავშვების გახსნა"ურთულესი პროცესია, მაგრამ უფრო რთულია ამ ყველაფრის გადატანა და ნორმალური ფსიქიკის ადამიანად დარჩენა. ყველა ბავშვის ამბავი ვიცოდით, მაგრამ გამჟღავნების უფლება არ გვქონდა. იქ იყვნენ გოგონებიც, ბიჭებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხუთი წლის ბავშვიც კი. ყველას ამბავი ერთმანეთს ჰგავდა, რადგან მოძალადე, უმეტესად, ოჯახის წევრი იყო - ან ბიძა, ან მამა, ან ბაბუა. ამჟამად მრავალპროფილიანი კლინიკის შეფმზარეული ვარ.

- როგორია ბელგიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას?
- უკვე ოთხი წელია, რაც მრავალპროფილიან კლინიკაში ვმუშაობ. ეს კლინიკა­ რამდენიმე ქალაქს ემსახურება. პირველი ლოკდაუნი შარშან, მარტში რომ გამოცხადდა, თითქმის ყველაფერი - სკოლები,­ ბარები, რესტორნები, საზღვარიც კი დაიკეტა. საავადმყოფოები მობილიზებული იყო, თუმცა თავდაპირველად ექიმები მაინც დაბნეული იყვნენ, სხვა ქვეყნის ექიმების კონსულტაციებსა და გამოცდილებაზე დამოკიდებულნი.

როდესაც დაინფიცირებულთა­ რაოდენობა შემცირდა, ივნისის შუა რიცხვებში კვლავ გაიხსნა ყველაფერი. ზაფხული მეორე ტალღისთვის მომზადებას მოანდომეს - მოიმარაგეს საწოლები, განყოფილებები სპეციალურად კოვიდინფიცირებულებისთვის გადააკეთეს და ა.შ. მეორე ტალღის დროს დღეში 22-23 ათასს აღწევდა ავადმყოფთა რაოდენობა, შეზღუდვების შედეგად კი, დაახლოებით ორ კვირაში, 2000-მდე ჩამოვიდა. მეორე ლოკდაუნის დროს სკოლები არ დაუკეტავთ. განათლების მინისტრმა განაცხადა, კორონა ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ ერისთვის უფრო დიდ ტრაგედიას მივიღებთ, თუ სკოლებს კვლავაც დავკეტავთო. მხოლოდ გახანგრძლივებული მოხსნეს და სწავლა ცვლებად დაიწყეს. არ დაკეტეს არც ბაღი, არც - ბაგა. უკვე აღარ იყო ისეთი პანიკა, ხალხს ძალიან აღარ ეშინოდა.

ბოლოდროინდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 3000-მდეა, საზღვრები კი ახლაც დაკეტილია უკვე ახალი შტამის გამო.

- ეკა, თქვენ მითხარით, რომ ვირუსი­ თქვენს მეუღლესაც დაუდასტურდა, მაგრამ არც თქვენ და არც თქვენი შვილი არ დაინფიცირდით.
- დიახ, მეუღლეს დაუდასტურდა, თანაც - ორჯერ, პირველად აპრილის დასაწყისში, მეორედ - ნოემბერში. საბედნიეროდ, არც მე და არც ჩემს შვილს არ გადაგვედო. პირველად იოლად გადაიტანა, მაგრამ მეორე შემთხვევის დროს ფილტვების ანთება და ტემპერატურა ჰქონდა. ვირუსმა დაუტოვა ჩივილებიც - დაღლილობა, ხველა, პირის სიმშრალე. გვეგონა, დიაბეტი დაემართა. ბოლო ორი თვეა, მდგომარეობიდან გამოდის. ამიტომ კოვიდგადატანილებს ვურჩევ, დიდი ყურადღება მიაქციონ პოსტკოვიდურ სიმპტომებს და ორი-სამი თვის განმავლობაში ხშირად გაიკეთონ ანალიზები, რომ რამე არ გამორჩეთ.

ნინო ჯავახიშვილი
kvirispalitra.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა