თეგებით ძიება

მე-12 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ინგრევა - სოფელ ივლიტას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სოფელი ივლიტა, ახალციხის გვერდით, მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. დღეს ამ პატარა დასახლების შესახებ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს, თუმცა, იყო დრო, როდესაც ივლიტა ერთის მხრივ დიდი დაპირისპირებისა და მეორეს მხრივ სიწმინდეთა „ვერგაყოფის“ ეპიცენტრი იყო.

გადმოცემის მიხედვით, ადრე სოფელში ოთხი ეკლესია იყო აგებული, თუმცა, დროთა განმავლობაში ყველა დაინგრა ან დაანგრიეს და საბოლოოდ დარჩა მხოლოდ ერთი - „ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია“, რომლის გამოც დღესაც მიმდინარეობს დავა: ეკლესია კათოლიკურია თუ მართმადიდებლური.

ეკლესიაზე დაკვირვებისას ირკვევა, რომ ის არაერთხელ არის დანგრეული თუ გადამწვარი. ამას მოწმობს არა მარტო ეკლესიის კედლებში ჩაყოლებული გამურული ქვები, არამედ არაერთი ლეგენდა.

ლეგენდის თანახმად, ეკლესიაში დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც სწორედ ხანძრის დროს დაიწვა - ამასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ტაძარს ცეცხლი მძარცველებმა წაუკიდეს, იმიტომ, რომ მათ სრულად ვერ მოახერხეს სიწმინდის გატანა და ხანძრის გაჩენით მოსახლეობის ყურადღება გადაიტანეს. მეორე მხრივ ხანძარი „შემთხვევით“ გაჩნდა. კაცმა, რომელსაც ტაძრიდან ხატები გამოჰქონდა, მოულოდნელად შეამჩნია ცეცხლი, რომელმაც ხელი შეუშალა შესულიყო ეკლესიაში და გამოებრძანებინა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

TIA.GE სოფელ ივლიტას ერთ-ერთ უცუხეს მოსახლეს, ციალა ნათენაძეს ესაუბრა, რომელიც წლების მანძილზე ცხოვრობდა სოფელში და დაპირისპირების უშუალო მომსწრე არაერთხელ ყოფილა.

"კათოლიკებსა და მართლმადიდებელთა შორის სულ დაპირისპირება იყო. ხშირად არც ვიცოდით რა გვარჩხუბებდა, მაგრამ ალბათ დღე არ გავიდოდა რამე შეტაკება არ მომხდარიყო. ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც სოფლის მცხოვრები თუ სხვა პირი ბუნტს ჩააგდებდა და შემდეგ კვლავ იწყებოდა დაპირისპირება.

როდესაც მამა იანო მოვიდა (მართმადიდებელთა მოძღვარი) ეკლესია არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. მიწა იქამდე იყო ასული, რომ ფანჯარაში ვერ შეიხედავი, უნდა გაწოლილიყავი მიწაზე და ისე შეგეხედა ეკლესიაში. ეზოც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სულ მტვერი და მიწა იყო,რომელიც პირდაპირ ეკლესიაში შედიოდა. ერთ-ერთი დიდი დაპირისპირების მიზეზი, სწორედ ის გახდა, რომ მამაომ ცემენტის ტომრები მოიტანა. მახსოვს იმ დღეს ისეთი დაპირისპირება იყო, რომ გადაცმული სპეცრაზმელებიც კი იყვნენ მოსულები.

სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს დაერია და ერთმანეთს კლდიდან გადაგდებას უპირებდნენ. ეკლესიას კათოლიკე მოსახლეობამ ბოქლომი დაადო და არ უშვებდნენ მოძღვარს. ბევრი ცუდი რამ მოხდა, ყველაზე ცუდი კი მაინც ის იყო, რომ მუდმივი ლანძღა და შეურაცხყოფა მიმდინარეობდა ეკლესიის გარშემო, არადა შეიძლებოდა ორივეს ელოცა და შესულიყო შიგნით.

ბოლოს ჯერ კათოლიკე მოსახლეობა, შემდეგ - მართმადიდებელი, მეუფესთან ავიდა და იქ გადაწყდა საბოლოოდ ეკლესიის ბედი. ვინ დართოთ ამის ნება არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ეკლესიაში სამხრეთ კუთხეში მათი ხატები და სალოცავი კუთხეა", - განუცხადა ციალა ნათენაძემ TIA.GE-ს.

მისი თქით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ, სოფელში ისტორიკოსი თინა იველაშვილიც იყო მისული, თან არქეოლოგები და სხვა ისტორიკოსები ახლდა, რათა დაედგინა ეკლესია მართმადიდებლური იყო თუ კათოლიკური.

"ჩვენი სოფლის უძველესი საფლავებიც გამოიკვლია ეკლესიათან ერთად, რათა სიმართლე დაედგინა. ამ გამოკვლევას ზოგიერთი მაცხოვრებელი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საქმე მაინც მიიყვანა ბოლომდე და წიგნიც დაწერა.

საბოლოოდ მოსახლეობა შეთანხმდა. არც კათოლიკე მოსახლეობას და არც სხვა ვინმეს, არავინ არ უშლის შესვლას და ლოცვას. იმ დაპირისპირების მომსწრეთა უმეტესობა უკვე გარდაიცვალა,მაგრამ,მაინც არის ზოგიერთი ცოცხალი,სულ ვცდილობდი მოეგვარებინა ეს დაპირისპირება,რადგან არ იყო ლამაზი სხვა,გარეშე პირების ჩარევა და განხილვა ჩვენი სოფლის ამბებისა“, - ამბობს TIA.GE-სთან ციალა ნათენაძე.

ისტორიკოსმა თინა იველაშვილმა 2004 წელს გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია“. მან ძირფესვიანად შეისწავლა არა მარტო ეკლესია, არამედ მთლიანად სოფელი და ადგილზე არსებული არტეფაქტები. ისტორიკოსი, სხვადასხვა წყაროსა და გამოკვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეკლესია არის მართმადიდებლური, ამ ფაქტს ის ადასტურებს იმით, რომ მთლიანად ეკლესიის არქიტექტურა და საძირკველი მართმადიდებლური წესის მიხედვითაა აგებული.

მე-12 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ინგრევა - სოფელ ივლიტას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს


არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მუდმივი დაპირისპირებები მოსახლეობას შორის, სწორედ გარეშე პირების ჩარევით იყო გამოწვეული. დღეს მოსახლეობა ამაზე ძირითადად დუმს, რაც შესაძლოა სწორედ იმით იყოს გამოწვეული, რომ დღეისათვის მდგომარეობა დალაგდა და ორივე განხრის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ეკლესიაში ყოველკვირეულად აღევლინება მართმადიდებლური წესით წირვა-ლოცვები, ხოლო კათოლიკე მოსახლეობას აქვთ გამოყოფილი პატარა კუთხე.

მიუხედავად ყველაფრისა, ყოველდღიურად ხდება მასმედიის, სოციალური ქსელებისა თუ საგაზეთო სტატიების საშუალებით იმის მტკიცება, რომ ეკლესია არის კათოლიკური და მართლმადიდებლებმა კათოლიკეებს ის „წაართვეს“. სამწუხარო დეზინფორმაციის მსხვერპლი ხშირად ხდება სხვადასხვა ასაკისა თუ წარმომავლობის ადამიანი და ეს ერთგვარი შეუთანხმებლობა ხშირად გადადის ხოლმე სოციალური ქსელის სიტყვიერ დაპირისპირებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ თითქოსდა ეკლესიაში არ აღევლინება ღვთისმსახურება და წლების განმავლობაში ის დაკეტილია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ტაძარში ლოცულობენ,როგორც მართლმადიდებლები, ასევე კათოლიკეები და გრიგორიანელები.

საბჭოთა კავშირის დროს ეკლესია, გადაკეთებული იყო საწყობად, თუმცა უშუალოდ საპატრიარქოს და მოსახლეობის ჩართულობით დიდი ხანია ეკლესიას დაუბრუნდა თავისი პირვანდელი სახე.

სამწუხაროდ რამდენიმე კვირის წინ ეკლესიის ჭერი ჩამოინგრა. ტაძარი მე-12-ე საუკუნეშია აგებული და ის ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეკუთვნება, რადგან ისტორიულ არტეფაქტადაა მიჩნეული, რის გამოც საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს უფლება ჩაატაროს სარეაბილიტაციო საქმიანობა.



დღეის მდგომარეობით მერია დუმს და გაურკვეველია, როდის აღდგება ეს ისტორიული ძეგლი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის საკითხიც, თუ როდის შეწყდება მუდმივი დაპირისპირება მოსახლეობას შორის.


სტატიის ავტორი: ნატალია ვარდიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა