თეგებით ძიება

რთული მეწყერია… საფრთხე მაღალია! – ნინო ჩხობაძე თბილისელებს აფრთხილებს

ბოლო დღეებია, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან, მთის ფერდზე გაჩენილ მეწყერზე სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება. სპეციალისტთა ნაწილი გარდაუვალ ტრაგედიაზე საუბრობს, ზოგიერთი პროგნოზირებისგან თავს იკავებს.

„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის თქმით, რეალურად თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ფერდის დამეწყვრა და რაშია გამოსავალი, ამას ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გაეცემა პასუხი.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ეს საკმაოდ რთული მეწყერი გახლავთ. ბოლომდე დადასტურებულად შეუძლებელია იმის თქმა, აღნიშნული პრობლემა რამ გამოიწვია. თუმცა, სავარაუდოდ, პროვოცირება გამოიწვია იმან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, საკმაოდ დიდი მიწის ფართობია დაძრული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაჩერება ასე მარტივად შეუძლებელია, რადგან ამ ფართობს ვერ მოჭრი და ვერ მოაცილებ, რადგან ღრმა მეწყერია. ნაპრალების სიღრმე თუ აქამდე 12 მეტრი იყო, ახლა 16-20 მეტრამდეა ჩასული. აღნიშნული ტერიტორიის ზედა ნაწილში, ახალი ნაპრალები გაჩნდა. ეს არის ერთიანი სისტემა და არ გამოვრიცხავ რომ კიდევ გაჩნდეს ახალი ნაპრალები. წვიმიანი ამინდი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროცესების დაჩქარებას. წინასწარ პროგნოზირებას როდის რა მოხდება,ვერავინ გააკეთებს. აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ რა ტიპის მეწყერია. უნდა მოხდეს მოდელირება და ამის შემდეგ დაიგეგმოს ღონისძიებები თუ როგორ შეიძლება შევარბილოთ ისე, რომ არ დავზარალდეთ. ერთი სიტყვით, საკმაოდ რთული მდგომარეობაა და იმედი მაქვს, მისი შესწავლის შემდეგ, აუცილებელ ღონისძიებებს დაგეგმავენ.

პირველი, უნდა მოხდეს საფუძვლიანი კვლევა, რა სიღრმეზე მიდის მეწყერი, ასევე მაქსიმალურად მოხდეს წყლის არიდება. მოგეხსენებათ ამ ფერდობზე მშრალი ხევებია, რომელიც ღვარცოფული ჩამონადენით ხასიათდება. ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ შერბილდეს მეწყერის მოქმედება.“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.

რომ ღმერთმა ნუ ქნას, მტკვარში ჩავიდეს. აპოკალიფსური ვარიანტი, რომ განვიხილოთ, მიწის მასის მტკვარში ჩადინებამ შესაძლოა, მდინარე წამიერად გადაკეტოს. ამ შემთხვევაში, საშინელი ტრაგედია გარდაუვალია. მტკვრის კალაპოტის გადაკეტვის შემთხვევაში, წყალი დაგუბდება და მისი გარღვევის შემდეგ ქვედა ნაწილში რა მოხდება, არავინ აღარ იცის.

არის ვარაუდები, რომ ამ მიწის მასის ჩამოსვლას სხვა მიწის მასების დაძვრა მოჰყვეს და რეალურად, არის ამის საფრთხე, რადგან ეს ზონა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაფიქსირებულია, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი ტერიტორია. შესაბამისად, იქ ნებისმიერი სამუშაოების ჩატარება კარგი გეოლოგიური კვლევების გარეშე არ შეიძლება. სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ისეთი ძლიერი ინსტიტუტები როგორიც იყო ქალაქმშენი, რომელსაც თავის გეოლოგიური სამსახური ჰქონდა, ასევე გეოლოგიის ინსტიტუტი, სამთო ინსტიტუტი და ა.შ. უამრავი ინსტიტუტები გაქრა, რომლებსაც შეეძლოთ დასკვნების გაკეთება. საერთოდ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ახლა ასეთ მდგომარეობაში ვართ. “ – ამბობს ნინო ჩხობაძე.

2000 წელს, საქართველოს გეოლოგიური სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენში თბილისის მასშტაბით 60 მეწყერსაშიში უბანი, 10 ღვარცოფტრანსფორმირებადი ხევი და შეტბორვის რამდენიმე უბანი ფიქსირდებოდა. 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, დედაქალაქის გეო დინამიკური მდგომარეობა გაუარესდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, მხოლოდ ერთ ხეობაში, გეოლოგებმა 60-ზე მეტი ახალ წარმოქმნილი მეწყესაშიში უბანი დააფიქსირეს. 2016 წელს , გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტმა მდინარე გლდანის ხევის აუზის გეოლოგიური კვლევა ჩაატარა, 91 ახალი მეწყრული ადგილი, 5 ღვარცოფული ხევი დააფიქსირა.

გასულის საუკუნის 90-იან წლებამდე, საქართველოს ტერიტორიის 50% შესწავლილი იყო. სტიქიური პროცესები მუდმივ დინამიკაშია და მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. აუცილებელია ქვეყნის მთელი ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, რაც რისკის შემცველი ტერიტორიების გამოვლენას გააადვილებს და საფუძვლად დაედება შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, ხელს შეუწყობს სტიქიური უბედურებების მინიმიზაციას და რაც მთავარია, აგვაცილებს მსხვერპლს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა