თეგებით ძიება

ლელი ყიფიანი – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი – მუსიკა როგორც სტრესთან გამკლავების საშუალება


სიტყვა სტრესი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან stress- რაც ნიშნავს დაძაბულობას. ის წარმოადგენს ორგანიზმის არა სპეციფიურ რეაქციას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამღიზიანებელზე, რომელიც არღვევს ორგანიზმის ჰომეოსტაზს. სტრესი ადამიანს ართმევს ძალას, ენერგიას, ურღვევს სიმშვიდეს და ყოველთვის დაკავშირებულია დაღლილობასთან, ემოციურ და ფიზიკურ გამოფიტვასთან. გარდა ამისა, სტრესული მდგომარეობა იწვევს მთელ რიგ ორგანულ დარღვევებს, დაწყებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით, ალერგიული, იმუნური და სხვა დაავადებებით დამთავრებული. ამ დროს ქვეითდება ადამიანის შრომისუნარიანობა, მისი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი აქტივობა, იწვევს უძილობას, გაღიზიანებას და მთლიანად ცხოვრების მიმართ უკმაყოფილებას.

სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი საშუალებაა მუსიკა. მისი როგორც სამკურნალო მოქმედება, ჯერ კიდევ, უძველესი დროიდან მომდინარეობს. მაგალითად, ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ მუსიკალურ საკრავზე კირთზე დაკვრა მსმენელში იწვევდა ამაღლებულ გრძნობებს და მის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლებოდა ხელოვნების ღმერთი აპოლონი. იმ დროისთვის, მედიცინა დაკავშირებული იყო ფილოსოფიასთან, მითოლოგიასთან, რელიგიასთან და ხელოვნებასთან, განსაკუთრებით მუსიკასთან და ამიტომ მიიჩნევდნენ, რომ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონოდა დაკვრის და სიმღერის უნარი. ისინი ავადმყოფებს უნიშნავდნენ მუსიკით თერაპიის კურსს და მიიჩნეოდა, რომ მელანქოლიის მქონე ადამიანის გართობა აუცილებელი იყო მუსიკით. ჰომეროსი, თავის პოემაშიც კი აღწერს როგორ იკურნებოდნენ მელოდიური მუსიკის დაკვრით დაჭრილი გმირები. ბევრი სხვა მოაზროვნე მიუთითებდა, რომ მუსიკა აყალიბებს ხასიათს, გავლენას ახდენს ემოციური და ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნაზე და ხელს უწყობს შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებას.

მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფსიქიკური პროცესების სტიმულაციაში და გავლენას ახდენს ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ამცირებს გულის ცემის სიხშირეს, არტერიულ წნევას და სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამოყოფას, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას დაძაბულობის მოხსნას.

მრავალი კვლევა არის ჩატარებული, თუ რა გავლენა აქვს მუსიკას, თავის ტვინზე და აღმოჩნდა რომ ნებისმიერი მუსიკის მოსმენა ააქტიურებს თავის ტვინის ქერქს განსაკუთრებით საფეთქლის წილს, რომელიც სმენის ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე არის პასუხისმგებელი და ასევე ააქტიურებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან. თავის ტვინის ქერქის აქტივაცია, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და სუნთქვას. ასტიმულირებს აზროვნების პროცესებს და აუმჯობესებს მეხსიერებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური დონის ზრდას. შედეგად უმჯობესდება შრომისუნარიანობა.

მუსიკას აქვს, როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი გავლენა, მოკლევადიანი გულისხმობს, რომ ის მყისიერად მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, მის განწყობაზე, ყოველდღიური სტრესისგან დასაცავად, ახშობს ნეგატიურ ემოციებს ან განმუხტავს კათარზისის მეშვეობით და ასტაბილურებს მდგომარეობას. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც მუსიკის მოსმენით ასევე სიმღერით ან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრით. ხოლო გრძელვადიანი გულისხმობს, რომ ის მოქმედებს ადამიანის მთლიან ფსიქოფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ზოგიერთი მუსიკა ადამიქნებში იწვევს სიამოვნების განცდას, უმჯობესდება განწყობა, ადამიანი გადადის სიამოვნების, ტკბობის და კმაყოფილების მდგომარეობაში, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ვიზუალური ხატები და გამოიწვიოს რაიმე სიტუაციის, მოვლენის , ადგილის და ადამიანების მოგონება და მათთან დაკავშირებული ემოციები თავიდან განიცადოს.

მუსიკას გააჩნია თავისი მახასიათებლები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციებისთვის: მისი სტრუქტურა, ხანგრძლივობა, რიტმი, ენერგიულობა და ის თუ რამდენად მოსწონს ადამიანს ის. ყველაფერი ეს განსხვავებულად არეგულირებს სტრესზე რეაქციას. კვლევებმა აჩვენა რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა განსაკუთრებით მოცარტის შოპენის და მსგავსი ნაწარმოებების, სისხლში ამცირებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, რაოდენობას, აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ააქტიურებს ყურადღების კონცენტრაციას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

სევდიანი მუსიკის მოსმენა დადებითად მოქმედებს ემპათიის უნარზე და ადამიანს ეხმარება გაუმკლავდეს პრობლემებს, ამ დროს მსმენელი აიგივებს საკუთარ თავს შემსრულებელთან თანაუგრძნობს მას. ტვინი იწყებს ემოციების რეგულირებას და ხელს უწყობს ნეგატიური ემოციების გამოტანას, ასეთ მწუხარებას არ აქვს ისეთი შედეგი როგორც რეალურ მწუხარებას, რომელიც მძიმე სიტუაციაში აღმოცენდება. ამრიგად სევდიანი მუსიკა ხელს უწყობს ტკივილის განცდას ზიანის მიყენების გარეშე. ისეთი მუსიკა როგორიცაა მძიმე როკი, მეტალი, პანკ როკი და სხვა იწვევს აგრესიის არა დაგროვებას არამედ მის გამოტანას.

ადამიანები პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე ირჩევენ, თუ რომელ მუსიკის ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას. დიდ წილად, ადამიანის ემოციური პასუხი მუსიკაზე დამოკიდებულია მის პირად გამოცდილებასა და მოგონებებზე და იმ კონტექსტზე, სადაც ხდება მუსიკის მოსმენა. ერთი და იგივე მუსიკამ შესაძლოა განსხვავებული რეაქციები გამოიწვიოს სხვადასხვა სიტუაციაში. ამიტომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიმე კონკრეტული მუსიკა უნივერსალურია ყველასთვის სტრესთან გამკლავებაში. დაახლოებით, მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან ფსიქოთერაპიაში გამოიყენება მუსიკით თერაპია, როგორც ცალკე თერაპიული მეთოდი, რომელიც შეიქმნა ფსიქოლოგიის, ნეიროფიზიოლოგიის და მუსიკის საფუძველზე. ის წარმოადგენს სენსორულ სტიმულაციას, მუსიკის მეშვეობით და გამოიყენება კოგნიტური მაჩვენებლების, მოტორული უნარების, ემოციური განვითარების, სოციალური უნარების და მთლიანად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.


ინტერვიუ მოამზადა ქეთევან კაცელაშვილმა
psychologist.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა