რა უნდა და არ უნდა გააკეთო პირველ პაემანზე ?
გაინტერესებს, როგორ უნდა დაიპატიჟო თავი მეორე და შემდგომ პაემანზე? – განაგრძე კითხვა.
გაგანდობ პატარა საიდუმლოს, რაც იმ ადამიანებმა, რომლებიც ონლაინ საშუალებებს ხშირად მიმართავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გასაცნობად, კარგად იციან – პირველი პაემანი კი არ ჭირს, მეორეზე წასვლაა რთული.
პირველი საიდუმლო? შეარჩიე კანდიდატი ისე, რომ მასთან ძალიან ბევრი საერთო გქონდეს.
მეორე, გაითვალისწინე რჩევები:
არ…
იყო ძალიან სერიოზული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საკითხებზე და თემებზე უნდა ილაპარაკო პაემნისას, მაგრამ პირველსავე შეხვედრაზე მნიშვნელოვანია საუბარი სასიამოვნო და პოზიტიური იყოს. ჰკითხე ჰობებისა და ინტერესების შესახებ და არ გადახვიდე ისეთ თემებზე, როგორიცაა რელიგია, პოლიტიკა ან ფული. იხუმრე იმაზე, თუ როგორი უხერხულია პირველი პაემნები და ისიც დაგეთანხმება.
არ…
ეცადო იყო სასაცილო. არ ეცადო იყო სხვა, იყავი ის, რაც ხარ! თუ თავიდანვე გულწრფელი იყავი, მას ზუსტადაც რომ რეალური “შენ” აინტერესებ და არა ხელოვნურად შექმნილი პერსონაჟი.
არ…
ისაუბრო წარსულ ურთიერთობებზე. თუ შენი ყოფილის გარდა ვერავიზე და ვერაფერზე ფიქრობ და საუბრობ, იქნებ, არ ხარ ახალი რომანისათვის მზად? ისარგებლე მცირე პაუზით, რათა გადალახო განშორება, სანამ ახალ ურთიერთობებს წამოიწყებდე. თუმცა ზოგჯერ, ყურადღების გადატანა ძველი აჩრდილების დავიწყების საუკეთესო საშუალებაა.
არ…
გადაიხადო მომსახურების საფასური გერმანული წესით. თანამედროვე ეტიკეტი გვეუბნება, რომ ვინც პატიჟებს, ის იხდის, მაგრამ ბევრი მამაკაცი მიიჩნევს, რომ ტრადიციებს უნდა მიჰყვს და თავად გადაიხადოს ვახშმისთვის. შეგიძლია, უთხრა, რომ შემდეგ ჯერზე შენ დაპატიჟებ. მთავარია, ამ საკითხთან დაკავშირებით არ იკამათო. თუ პირველი პაემნისას ქალი იხდის, მამრობითი სქესის წარმომადგენელთა უმრავლეობა თავს უხერხულად გრძნობს. შენ კი არ გაწყობს, კაცმა შენ გვერდით თავი უხერხულად იგრძნოს.
არ…
ჰკრა ხელი. ხანდახან ერთი ნახვით გიყვარდება, ხშირად კი გრძნობა მოგვიანებით ჩნდება. პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება.
არ…
დალიო (ძალიან) ბევრი. ალკოჰოლმა, მართალია, შესალოა კომპლექსები მოგხსნას და გაგამხიარულოს, თავი უფრო მომხიბლველად და ლამაზად გაგრძნობინოს, მაგრამ მერწმუნე – ეს მხოლოდ შინაგანად. არ დამალო საკუთარი თავი კოქტეილების მიღმა.
არ…
შეტოპო ღრმად. პეპლები და ქიმია კარგია, მაგრამ ჩვენგან არ გესწავლება, რომ პირველსავე პაემანზე არ უნდა ჩაუხტე მამაკაცს კალთაში.
უნდა…
იყო გულახდილი. არ თქვა თეთრი ტყუილებიც, რათა საკუთარი თავი უფრო მიმზიდველად წარმოაჩინო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა მოუყვე ისე, როგორც არის. შეინარჩუნე იდუმალება, თუ გსურს მეორე პაემანზეც გქონდეს სასაუბრო.
სასურველია…
დასვა ის კითხვები, რომლებზე პასუხიც გაინტერესებს. პაემანზე რეალურად ამ ადამიანის უკეთ გასაცნობად ხარ. ასე რომ, არ მოგერიდოს იკითხო მეტი… მაგალითად, რა აბედნიერებს კონკრეტულ პიროვნებას?! რა მოწონს საკუთარ საქმეში? რა არის მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? და ა.შ.
უნდა…
მოუსმინო. როცა კითხვას სვამ, პასუხიც უნდა მოისმინო. არ დასვა კითხვა მხოლოდ “კითხვის” და უხერხული სიჩუმის ამოვსების მიზნით. ეცადე, არ შეაწყვეტინო საუბარი. როცა რამეს ჰყვება, ჩაეძიე აღნიშნულ თემას, გამოავლინე, რომ ის, რასაც ის გეუბნება მართლა გაინტერესებს და უაზროდ არ ლაყბობს. ეცადე 50/50 -ზე დაიცვა სმენა-საუბრის ბალანსი.
სასურველია…
გამოიყენო პოზიტიური სხეულის ენა. გადაიხარე მისკენ, როცა ის საუბრობს, ჩახედე თვალებში, გაუღიმე. თუ მოგწონს, ამ ყველაფერს ზედმეტი ფიქრის გარეშე, ძალდაუტანებლად გააკეთებ.
არ მოგერიდოს…
მისი დაპატჟება მეორე პაემანზე. ვინც ითხოვს – იღებს. უთხარი, რომ ძალიან სასიამოვნოდ გაატარე დრო და კარგი იქნებოდა თუ კიდევ შეხვდებოდით. იყავი უშიშარი და გამბედავი. თუ ის შენს ხილვას აღარ აპირებს, იმთავითვე გეცოდინება. შედეგად, დროსაც დაზოგავ და ნერვებსაც.
აბა შენ იცი,
წარმატებები!
pink.ge