მოამზადეთ ბრინჯის შამპუნი სახლში - სქელი და ბზინვარე თმის საიდუმლო
ბრინჯის წყალი ნელ-ნელა ხდება მაღაზიებსა თუ აფთიაქებში შეძენილი ძვირად ღირებული შამპუნების ყველაზე პოპულარული ალტერნატივა. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ბიუთი-ბლოგერი გვირჩევს გამოვიყენოთ ის ჩვენი თმის მოვლის რუტინაში. სილამაზის ამ ხრიკს, რომელიც ჩვენთვის შედარებით ახალია, სინამდვილეში, საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ აზიაში, განსაკუთრებით კი, იაპონიაში. იაპონელი ქალების უმეტესობას სიცოცხლის ბოლომდე ბზინვარე და ჯანმრთელი თმა აქვს. როგორც ჩანს, ეს არა მხოლოდ გენეტიკის, არამედ სწორი მოვლის დამსახურებაცაა. ერთ-ერთი ჩინური სოფლის, ხუანგლუოს მცხოვრები ქალები კი გრძელი, დაახლოებით, 1.4 მეტრის სიგრძის თმით
გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიყვანეს. ისინი რეგულარულად იყენებენ ბრინჯის წყალს. აი, რა შემთვევაში უნდა გამოიყენოთ ეს მაგიური სითხე:
თუ გსურთ თმის სწრაფი ზრდა
ბრინჯის წყალი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებსა და მინერალებს, რომლებიც სასარგებლოა თმის ზრდისთვის. ვიტამინი B8 განაპირობებს თმის დატენიანებას, გაჯანსაღებას, აძლიერებს მას. როგორც ცნობილია, ბრინჯის წყალში შემავალი მჟავები ებრძვის გაყოფილ ბოლოებს და თქვენი თმაც უფრო სწრაფად იზრდება.
თუ გაწუხებთ ქერტლი
ქერტლი, სიმშრალე და ქავილი მარტივად შეიძლება გახდეს თმის ცვენის მიზეზი. ასეთ დროს ბრინჯის წყლის გამოყენება ეფექტურია, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები ებრძვის კანზე არსებულ სოკოებსა დ ბაქტერიებს და გეხმარებათ, შეინარჩუნოთ თმის ჯანსაღი იერი.
თუ გსურთ ბზინვარე თმა
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თმა გამომშრალი და დაზიანებულია, გამოიყურება უსიცოცხლოდ, ბრინჯის წყალი შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს. მასში შემავალი E ვიტამინი გამოაცოცხლებს თმას, გააუმჯობესებს მის სტრუქტურას, შესძენს ბუნებრივ ელფერსა და ბზინვარებას.
თუ გაქვთ დაზიანებული თმა
თმის დაზიანების მიზეზი უამრავი ფაქტორი შეიძლება გახდეს, იქნება ეს გარეგანი - მზე, სიცივე, მტვერი, მავნე ნივთიერებები, თუ შინაგანი - საჭირო ვიტამინის ნაკლებობა, არასწორი კვება ან ავადმყოფობა. როგორც ვთქვით, ბრინჯის წყალი მდიდარია ისეთი ელემენტებითა და ნივთიერებებით, რომლებიც თმას უფრო ელასტიკურს, დამყოლსა და რბილს ხდის, ანიჭებს მას სასიამოვნო სტრუქტურას და აღადგენს ბუნებრივ, ჯანმრთელ იერსახეს.
იმისთვის, რომ სახლის პირობებში მარტივად მოამზადოთ ბრინჯის შამპუნი, დაგჭირდებათ:
½ ჭიქა სუფთა საპონი (თხევად მდგომარეობაში)
¼ ჭიქა თეთრი ბრინჯი
¼ ჭიქა სელის თესლი
¼ ჭიქა ალოე ვერას წვენი
1 ჩ/კ ლიმონმჟავა
მომზადება:
ბრინჯსა და სელის თესლს დაამატეთ ¼ - ¼ ჭიქა გამოხდილი წყალი და გააჩერეთ თორმეტი საათის განმავლობაში ფერმენტიზაციისთვის. მიღებული მასა გამოაცალკევეთ მარცვლებისგან და შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ალოე ვერას წვენი, საპონი და ლიმონმჟავა და კარგად მოურიეთ. სასიამოვნო სურნელისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთი. შამპუნი მზადაა. იმისთვის, რომ მიღებულმა მასამ დიდხანს შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები, შეინახეთ ის მუქი ფერის ჭურჭელში. მაქსიმალური ექფეტისთვის შამპუნი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
marao.ge