თეგებით ძიება

რა უნდა ვიცოდეთ გინეკოლოგთან ვიზიტამდე?

თუ გინეკოლოგთან ვიზიტი თქვენთვის შიშსა და უხერხულობასთან ასოცირდება, თქვენ მარტო არ ხართ! ამ დისკომფორტის გამო უამრავი ქალი უარსაც კი ამბობს, ჩაიტაროს აუცილებელი გამოკვლევები და იზრუნოს ჯანრმთელობაზე.

სინამდვილეში, გინეკოლოგთან ვიზიტი არც ისე საშიშია, როგორც ეს წარმოგიდგენიათ. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა გელოდებათ, როცა კაბინეტში შეხვალთ და ამისთვის წინასწარ მოემზადოთ.

აი, რამდენიმე რჩევა, რათა ეს პროცესი თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს:

სწორად შეარჩიეთ გინეკოლოგი
იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ უხერხულობის განცდა, სწორად შეარჩიეთ გინეკოლოგი, რომელიც არამხოლოდ საკუთარი საქმის პროფესონალი იქნება, არამედ
მხარს დაგიჭერთ მორალურადაც - პატივს სცემს თქვენს მდგომარეობასა და სტატუსს, არ განგსჯით. ამის სანაცვლოდ, მოგცემთ საჭირო რჩევებს და იზრუნებს, რომ მასთან ვიზიტი თქვენთვის შიშისმომგვრელი აღარ იყოს.
ნერვიულობა ნორმალურია, თუმცა სანერვიულო არაფერი გაქვთ!
გინეკოლოგთან ვიზიტი ბევრი ქალისთვის სტრესულია, ამაზე ბევრს ნერვიულობენ და ცდილობენ, თარიღი მაქსიმალურად შორს გადაწიონ. ეს ნორმალურია, თუმცა ამის მიზეზი იშვიათად არსებობს. ამ განცდას არ უნდა მისცეთ უფლება, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე იქონიოს გავლენა. ნუ გადადებთ კონსულტაციის დღეს უბრალო მიზეზების გამო, გახსოვდეთ, რომ გასამხნევებლად შეგიძლიათ წაიყვანოთ მეგობარი, დედა, თანამშრომელი.. ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, ხოლო თუ ვიზიტის პროცესი თქვენთვის უსიამოვნო იქნება, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი დასრულება.

ეცადეთ, იყოთ გულწრფელი
ნდობა გინეკოლოგსა და პაციენტს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. წინასწარ უნდა გაიაზროთ, რომ შესაძლოა, თქვენთვის უხერხულ კითხვებზე მოგიწიოთ პასუხის გაცემა და ეს ჩვეულებრივია! ღიად უნდა ისაუბროთ თქვენი ჩივილების, ცხოვრების სტილის შესახებ. სწორედ მკაფიო კომუნიკაციის გზით შეიძლება პრობლემების მოგვარება და საკუთარ ჯანმრთელობაზე სრულფასოვნად ზრუნვა.

თავი შეიკავეთ გინეკოლოგთან ვიზიტისგან მენსტრუაციის დროს
მენსტრუაციის დროს გინეკოლოგთან ვიზიტი, შესაძლოა, თქვენთვის უსიამოვნო აღმოჩნდეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ ამ დროს მაღალია ცდომილების რისკი. ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისა და ჰორმონალური ცვლილებების გამო, მენსტრუაციის პერიოდში მიღებული პასუხები ნაკლებად სანდოა და გადამოწმებას საჭიროებს.

წინასწარ მოამზადეთ კითხვები
როგორც ვთქვით, გინეკოლოგისა და თქვენი ურთიერთობა წარმატებული და შედეგიანი მაშინ იქნება, თუ გულწრფელი იქნებით. ამიტომ, უმჯობესია, წინასწარ მოამზადოთ ის კითხვები, რომელზე პასუხის მიღებაც ექიმისგან გსურთ. ღიად ისაუბროთ, თუ რა გაწუხებთ, რა მედიკამენტებს იღებთ, როგორი იყო თქვენი პასუხები წინა გამოკვლევის დროს და ა.შ.
დაბოლოს, გინეკოლოგთან ვიზიტს არ სჭირდება კონკრეტული მიზეზი. სპეციალისტები მუდმივად გვირჩევენ, რომ წელიწადში ერთხელ დავუთმოთ დრო საკუთარ ჯანმრთელობას და ვიზრუნოთ მასზე!

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა